"აქ შურის მომენტიც არის... თვითონაც ჩაიცვან ეგეთი კაბები და ვნახოთ, თუ გაუმართლებთ" - კვირის პალიტრა

"აქ შურის მომენტიც არის... თვითონაც ჩაიცვან ეგეთი კაბები და ვნახოთ, თუ გაუმართლებთ"

"ხატია ბუნიათიშვილი ჯვარზე გააკრეს, მაგრამ მას ბევრი ბაძავს"

"ხატიას პოპულარობას მის სექსუალურობას აბრალებენ"

"რაც შეეხება ხატია ბუნიათიშვილს, აქ შურის მომენტიც არის… თვითონაც ჩაიცვან ეგეთი კაბები და ვნახოთ, თუ გაუმართლებთ. არავის არ მინდა ეწყინოს, მაგრამ ყველამ თავისი ნიჭიერებით გაიკაფოს გზა. შეჭამეს რა ეს გოგო." - ამბობს მსოფლიოში ცნობილი ქართველი საოპერო მომღერალი - ნანა ქავთარაშვილი.

- საქართველოში კლასიკურ მუსიკაში მოღვაწე ხელოვანებიდან ხატია პირველია, ვინც თამამი ჩაცმულობით გვევლინება...

ნანა ქავთარაშვილი:

- ამიტომაც მოჰყვა ამხელა აჟიოტაჟი. მერე ჩვეულებრივი მოვლენა იქნება. ბევრი მიბაძავს. ეს გოგო კი ჯვარზე გააკრეს. აქ შურის მომენტიც არის. უფრო მუსიკოს გოგოებში გამოიწვია გაღიზიანება. ისინიც უდავოდ ნიჭიერები არიან, მაგრამ რადგან ხატია ძალიან ცნობილი გახდა, მის პოპულარობას სექსუალურობას აბრალებენ. ეს ხომ აბსურდია. თვითონაც ჩაიცვან ეგეთი კაბები და ვნახოთ, თუ გაუმართლებთ. არავის არ მინდა ეწყინოს, მაგრამ ყველამ თავისი ნიჭიერებით გაიკაფოს გზა. შეჭამეს რა ეს გოგო. ბევრს ვწვალობთ და ზოგს უმართლებს, ზოგს არა. ბოღმიანებს კი საერთოდ არ უმართლებთ.

- ხატიასთან დაკავშირებული აჟიოტაჟის შემდეგ, შეიძლება იფიქრო, რომ საქართველოშიც კლასიკური მუსიკა მაშინ გახდება პოპულარული, თუ თამამი ჩაცმულობა და თამამი სცენები ხშირი იქნება...

- კიდევ ერთხელ, ხაზგასმით ვიმეორებ, რომ მე პირადად მომწონს ხატიას ასეთი სტილი. როცა უკრავს, უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს და თან ჩაცმულობითაც ყურადღებას იქცევს. ყოველთვის ძალიან უხდება, რაც აცვია.

- ევროპაში თამამი სცენები საოპერო სპექტაკლებში უკვე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა...

- სიშიშვლე საოპერო ხელოვნებაში მომრავლდა, მაგრამ მათ, ვინც ამ მეთოდს იყენებს, ძირითადად ხმები არა აქვთ და მაყურებლის ყურადღება გადააქვთ სიშიშვლეზე... ხატია ნიჭიერი გოგოა და სტილიც გამორჩეული აქვს. როგორი ჩაცმულიც არ უნდა გამოვიდეს და დაუკრას, მსმენელს მაინც მოხიბლავს... უბრალოდ ესეთი სტილი აირჩია, თან ეშხიანი, ლამაზი სხეული აქვს და სარგებლობს, ან რატომ არ უნდა ისარგებლოს?

რაც შეეხება ევროპას, გერმანიაში რეჟისორები ეროტიულ სცენებსაც დგამენ, განსხვავებული და უფრო საინტერესო რომ გახადონ სპეკტაკლები მაკურებლისთვის... ხშირად სკანდალური სცენებია და ქართველ მომღერლებსაც მოუხდათ ასეთ სპექტაკლებში გამოსვლა. იმიტომ კი არა, რომ ხმები არა აქვთ, უბრალოდ, რეჟისორის ჩანაფიქრია და უარს ვერ ეტყვი. შეიძლება შემდეგ სხვამ დაიკავოს შენი ადგილი. მე პირადად ჯერ არ მიმიღია მონაწილეობა ასეთ სპეკტაკლებში... მხოლოდ ერთხელ მახსოვს, მიუნხენში რომ ჯუზეპე ვერდის "ნაბუქოდან" "აბიგაილს" ვმღეროდი და ოპერის მიხედვით, ჩემი მსახური ჩემი საყვარელი იყო. რეჟისორმა მოინდომა, რომ მე, დივანზე წამოვწოლილიყავ და ჩემ მსახურთან ერთად შემექმნა ეროტიკული სცენის იმიტაცია. მაყურებელი ასე ხედავდა შორიდან, თორემ ეს მსახური არც კი მეხებოდა... კიდევ კარგი, სამღერი არ მქონდა ამ დროს: ორკესტრის და გუნდის სცენა იყო, მე კი, როგორც დედოფალი, ვნებივრობდი... როცა ასეთი სკანდალური სცენები საქართველოს სცენებზეც იქნება, მერე უფრო ივლის ხალხი. უცხო ხილი უფრო გემრიელი და საინტერესოა.

- ანუ ევროპაში ეს ხალხს არ აღიზიანებს?...

- პირიქით, უფრო იზიდავს მაყურებელს და არავის აგრესია არ აქვს. საქართველოს მსგავსად, ჯერ იტალიაშიც ვერ ბედავენ სითამამეს. აქ უფრო მეტად ტრადიციულ სპექტაკლებს სცემენ პატივს. რამდენჯერაც სცადეს თამამი სპექტაკლების დადგმა მოწვეულმა რეჟისორებმა, დიდი სკანდალები მოჰყვა. მერე ეს რეჟისორები გააპარეს ქალაქიდან.

იხილეთ ასევე: "ხატიას პირადზე არ ვლაპარაკობ" - რას ამბობს ბუნიათიშვილის დედა ქალიშვილისა და ორლანდო ბლუმის ურთიერთობაზე?

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)