”სოფო ნიჟარაძე რა, ცუდი გოგოა თუ როლს არ უხდებოდა?”
28-11-2013
”სოფო ნიჟარაძე რა, ცუდი გოგოა თუ როლს არ უხდებოდა?”
აკაკი სახელაშვილი 29 წლის ქართველი რეჟისორი გახლავთ, რომელსაც რუსულ კინემატოგრაფიაში დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. 10 წლისა ოჯახთან ერთად ქუთაისიდან მოსკოვში ჯერ კიდევ 90-იან წლებში წამოვიდა. ქუთაისური იუმორი მის ბოლო ნამუშევარზე, კომედიური ჟანრის სერიალზე - П оследний из могикан პოზიტიურად აისახა. სერიალმა რუსულ ტელესივრცეში დიდ პოპულარობა ჰპოვა. თუმცა ამ ფილმის პოპულარობას, სახელაშვილის გარდა, მის მთავარ რეჟისორს, ჩვენთვის კარგად ცნობილ რეზო გიგინეიშვილს უკავშირებენ, რომელიც ქართულმა საზოგადოებამ ფილმით - ”სიყვარული აქცენტით” გაიცნო, სადაც მთავარ
როლს სოფო ნიჟარაძე ასრულებს. გარდა ამისა, ქართულ საზოგადოებას გიგინეიშვილი გახმაურებული ქორწილითაც ახსოვს, იგი ნიკიტა მიხალკოვის სიძეა და რამდენიმე წლის წინ ქორწილი სიღნაღში გადაიხადა.


რუბრიკის სტუმარი რეჟისორი აკაკი სახელაშვილი გახლავთ:

- მოდი, ქართველებს გააცანი შენი სარეჟისორო ნამუშევრები.

- 29 წლის ასაკში ქართველებს ჩემი ნამუშევრების სიმრავლით თავს
ვერ მოვაწონებ, მაგრამ მაინც გეტყვით, საქართველოში იცნობენ ჩემს მუსიკალურ კლიპებს. პირველი კლიპი აჭარულ მოტივებზეა. მეორეს ”სმშობლო” ჰქვია. ვიმუშავე მეორე რეჟისორად ფილმზე ”ბეზ მუჟჩინ”, ”კაპიტანი” ” ლუბოვ ს აქცენტომ”, ასევე სერიალებზე ”ამანდა” და ბოლოს ”პოსლედნი იზ მოჰიკიან”-ზე, როგორც დამდგმელმა რეჟისორმა, ოღონდ ფილმის მეორე სეზონზე. ამ ფილმის მთავარი რეჟისორი რეზო გიგინეიშვილია, ჩვენ სტუდენტობიდან ვმეგობრობთ და ის მეგობრის გარდა ჩემი მასწავლებელიცაა.

- როგორც ვიცი, ამ სერიალში ქართველებიც მონაწილეობენ.


- სერიალი სომხურ ოჯახზეა, რომლის გოგოსაც რუსი შეუყვარდება და ამტყდარია დიდი ამბავი. სასიმამროს, ანუ სომეხს ჰყავს ქართველი ძმაკაცი. პერსონაჟიც და შესრულებელიც ქართველია, რუსთაველის თეატრის უნიჭიერესი მსახიობი თემურ ჭიჭინაძე. ჩვენ დავმეგობრდით და საქართველოშიც აუცილებლად მივუჭახუნებთ ერთმანეთს ჭიქას. მეორე სეზონში ქართული თემა ფართოვდება და ეპიზოდურ როლში ჩნდება სოსო პავლიაშვილიც, რომელიც მოსკოვში ქართველი ძმაკაცის დაბადების დღეზე ჩამოდის. ძალიან მაგარი სერიებია. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სერიალი კომედიური ჟანრისაა, ნამდვილად ისიამოვნებთ.

- საქართველოზე და ქართველებზეც ხომ არ აპირებთ ფილმის გადაღებას?

- ეს ხომ ყველა აქაური ქართველი რეჟისორის მიზანია? ბევრი იდეა მაქვს, რომელიც ისე მაწვალებს, ხანდახან ღამეები არ მაძინებს.

- მერე, რა გიშლის ხელს?

- უფულობა, თუმცა ქართულ თემატიკას რაც შეეხება, ”ლუბოვ ს აქცენტომ”-ში წვლილი მიმიძღვის, ამ ფილმის მეორე რეჟისორი გახლდით, რომელიც პოლიტიკური დაძაბულობის ფონზეა გადაღებული.

- ამ ფილმში სოფო ნიჟარაძე მთავარ როლს თამაშობს, რა ნიშნით შეარჩიეთ?

- რა, ცუდი გოგოა თუ როლს არ უხდებოდა? ვფიქრობ, გიგინეიშვილმა ამ ფილმის გადაღებით კარგი საქმე გააკეთა, რადგან ტელეკრანებზე გამოსვლის შემდეგ რუსეთიდან საქართველოში ბევრი ადამიანი ჩამოვიდა, ბევრსაც საქართველო შეუყვარდა და უკეთესი კუთხით დაინახა. რეზოს ღვაწლი ნამდვილად დასაფასებელია.

- ნიჟარაძე უდაოდ ლამაზი გოგოა... იცი, ამ ფილმს საქართველოში მიშას პოხონდრიებს ეძახიან...


- არ ვიცი... ეს ფილმი პოლიტიკურ მოტივებზე არ არის, სხვადასხვა ეროვნების ადამიანების სიყვარულზეა..

- ქართველ რეჟისორებთან თუ გაქვს შეხება?

- კი, რეზო გიგინეიშვილთან (იცინის). 2 წლის წინ გადავწყვიტეთ, რომ საქართველოში დავბრუნებულიყავით და წავედით... სამწუხაროდ, წლის თავზე მიხვდი, რომ ქუთაისში გამიჭირდებოდა კარიერული წინსვლა და წამოვედი. ახლა, ხან აქ ვარ ხან იქ. დედ-მამა ქუთაისშია და ხშირად ჩავდივარ.

- ჩიტმა ამბავი მომიტანა, რომ საქართველოში ”ჯინსების თაობის” გადაღებას იწყებთ, მართალია?


- მეც გავიგე და დეტალები რეზომ იცის (იცინის). ამ ფილმის გადაღება ყველა ქართველი რეჟისორის სურვილია. დარწმუნებული ვარ, რეზო ამას უმაღლეს დონეზე შეძლებს.

თეა ღვანია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით