ნიკა ჩიტიშვილი: "არ მეგონა, თუ "მესამყაროები" ნახევარ მილიონზე მეტ ნახვას მოაგროვებდა"
01-12-2013
ნიკა ჩიტიშვილი: "არ მეგონა, თუ "მესამყაროები" ნახევარ მილიონზე მეტ ნახვას მოაგროვებდა"
ბოლო დროს ინტერნეტსივრცეში დიდი პოპულარობით სარგებლობს სიმღერა "მესამყაროები". მას "იუთუბზე" ნახევარ მილიონზე მეტი ნახვა აქვს. 21 წლის მომღერალი, ნიკა ჩიტიშვილი პოპულარული ამ სიმღერითა და "ახალ ხმაში" მონაწილეობით გახდა. ბრმა ქასთინგზე მისი გამოსვლა საკმაოდ ემოციური იყო და ბოლო მომენტში ის გუნდში ლელამ წაიყვანა. სამწუხაროდ, ნიკამ რინგის შემდეგ პროექტი დატოვა. ნიკას საკუთარი თავის და პროექტის შესახებ ვესაუბრეთ.

ნიკა ჩიტიშვილი:

- შენი სიმღერა, "მესამყაროები" ინტერნეტსივრცეში ძალიან პოპულარული გახდა. ელოდი ამას? განსაკუთრებით, თინეიჯერებში სარგებლობ
დიდი პოპულარობით. როგორ გგონია, რატომ მოსწონხარ ასე განსაკუთრებით თინეიჯერებს?

რაც "იუთუბზე" ვიდეოების ატვირთვა დავიწყე, ყოველთვის მქონდა იმედი, რომ რომელიმე სიმღერა გაამართლებდა და პოპულარული გახდებოდა. ასეთი "მესამყაროები" აღმოჩნდა. ველოდი წარმატებას, მაგრამ არ მეგონა, თუ რამდენიმე თვეში ნახევარ მილიონზე მეტ ნახვას მოაგროვებდა. ვერ ვიტყვი, რომ მხოლოდ
თინეიჯერებშია პოპულარული.
ცოტა ხნის წინ ორმა შუახნის ქალბატონმა გამაჩერა ქუჩაში, შენი "მესამყაროები" ძალიან მოგვწონსო. ბუნებრივია, არც ვარ და არც ვთვლი თავს პოპულარულ ადამიანად, თუმცა ის მცირედი ცნობადობა, რაც ამ სიმღერამ და "ახალმა ხმამ" მომიტანა, კარგი და სასიამოვნოა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დადებით შეფასებებს ვიღებ.

- ლელა წურწუმიამ შენზე თქვა, სიმღერაზე ეტყობოდა, რომ ეგონა, 4 თუ არა, ჟიურის 3 წევრი მაინც შემოუბრუნდებოდაო. ლელას ვარაუდი რამდენად მიახლოებულია რეალობასთან, სინამდვილეში როგორი მოლოდინით გახვედი სცენაზე?

- იმედი, რომ რომელიმე მწვრთნელს მოვაბრუნებდი, ისევე, როგორც ყველა მონაწილეს, რა თქმა უნდა, მეც მქონდა. ზუსტად ამიტომ გავედი ქასთინგზე. ოთხივე მწვრთნელის შემობრუნებას ნაკლებად ველოდი. რეალურად, თითქმის ბოლო მონაწილე ვიყავი და ფიზიკურადაც აღარ ჰქონდათ ჯგუფებში ადგილები, რომ შემობრუნებულიყვნენ. როდესაც ლელა შემომიბრუნდა, ისე გამიკვირდა და გამიხარდა, რომ სიხარულისგან სიმღერა შევწყვიტე და ყვირილი დავიწყე.

- როგორ გგონია, მთლიანობაში ჟიური ობიექტური იყო თუ არა შენ მიმართ?


- ვფიქრობ, რომ კი და მადლობელიც ვარ ობიექტური, მათ შორის ეკრანს მიღმა მიღებული შეფასებებისთვის.

- როგორი იყო ლელა წურწუმიასთან მუშაობა და ის გზა, რაც "ახალ ხმაში" გაიარე?

- მთლიანობაში, პროექტმა ბევრი ახალი რამ მომცა.. ლელასთან და მამულიჩასთან ძალიან დავმეგობრდი და მიუხედავად იმისა, რომ პროექტს მალევე გამოვეთიშე, ამას ურთიერთობაზე გავლენა არ მოუხდენია. კვლავ ვმეგობრობთ და ვფიქრობ, ასე მომავალშიც გაგრძელდება.

- რას იტყვი შენი რინგის მეტოქეზე - სოფო რურუაზე?


- სოფო ნიჭიერი გოგონაა, ძალიან კარგი ხმის ტემბრით.

- როცა მწვრთნელმა მასთან დაგაწყვილა, თქვი, რომ კარგ დუეტს გააკეთებდით, მაგრამ ეს არ იქნებოდა ბრძოლა შენი მხრიდან - ბიჭთან რომ ვყოფილიყავი რინგზე, უფრო აგრესიულად ვიმღერებდიო, აღნიშნე. როგორ ფიქრობ, რატომ მოხდა ისე, რომ ვერ გადახვედი შემდეგ ტურში?


- ჩემი და სოფოს რინგი ბოლო იყო, "ნოკ-აუტისთვის" ადგილები აღარ რჩებოდა და სცენაზე გასვლის წინ ვთქვით, რომ მთავარი იყო, კარგი ნომერი გამოგვსვლოდა. ერთმანეთს კონკურენტებად არ აღვიქვამდით და ალბათ, ამიტომაც იყო ნაკლები აგრესია. მამაკაცური კონკურენცია სხვა თემაა. ჩემი პროექტიდან გამოთიშვა, ალბათ გამოუცდელობის ბრალია. სიმღერის მხრივ სოფოს ჩემზე მეტი გამოცდილება აქვს.

- იუთუბზე კომენტარებში ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ ძალიან საყვარელი და სიმპათიური ხარ. საყვარელი ადამიანი თუ გყავს და რა როლს თამაშობს ის შენს პროფესიულ მოღვაწეობასა და წინსვლაში?

- საყვარელი ადამიანი მყავს. ის ძალიან მეხმარება და ყოველთვის მიდგას გვერდში. "ახალ ხმაში" აქტიურად მგულშემატკივრობდა და რა თქმა უნდა, გული დაწყდა, ასე მალე რომ დავტოვე პროექტი. სიმღერების არჩევაში მეხმარება ხოლმე, ხშირად კი ერთად ვიფიქრებთ ახალ იდეებს. ორი ერთად - უფრო მარტივი და კარგია.

- და ბოლოს, როგორია შენი სამომავლო გეგმები?

- ჩემს უახლოეს გეგმებში ახალი სიღერების ჩაწერა შედის. ერთი უკვე დაწერილი და გამზადებული მაქვს, მაგრამ ჯერ-ჯერობით, ფინანსების გამო სტუდიაში ვერ ვწერ. იმედი მაქვს, ამას მალე მოვახერხებ. გარდა ამისა, ვსწავლობ მაგისტრატურაზე, თსუ-ში, სწავლის გაგრძელებას ვაპირებ და ამასთანავე, მუშაობას.

ეკა აბაშიძე (სპეციალურად საიტისთვის).
სხვა უკეტესი დაგეწეროს
02 დეკემბერი 2013 15:33
მელოდია არ აქვს ამ სიმრერას, არ მომეწონა, ასეტების წერას სულ რა დაწერო სჯობს, ბოდიში
სხვა უკეტესი დაგეწეროს
natia
01 დეკემბერი 2013 20:00
ნიკაა ♥ კარგი ხარ :*

რედაქტორის რჩევით