ნინა სუბლატი: სანამდე უნდა გაგრძელდეს საყოველთაო ჩონგური, ფანდური და "დივლი- დალალე"? - კვირის პალიტრა

ნინა სუბლატი: სანამდე უნდა გაგრძელდეს საყოველთაო ჩონგური, ფანდური და "დივლი- დალალე"?

"საქართველოს ვარსკვლავის" გამარჯვებულმა, მომღერალმა ნინა სუბლატმა სოციალური ქსელით საკმაოდ მწვავე სტატუსი გამოაქვეყნა საქართველოში არსებულ ვითარებაზე მუსიკალური კუთხით.

"შოუ-ბიზნესში" არაფერი მოხდება მომავალი 15 წლის განმავლობაში - ეს კარგ შემთხვევაში 15 წელი", "ამოვიდა ყელში ამ ვითომ "გრანდიოზულ" კონცერტებზე "ქოვერების" შესრულება! თუთიყუშებიც აღარ გვქვია, უკვე რაღაც მარაზმია რა", "გაქრით რაა ეს ჩონგურიანი და დაფდაფიანი ტიპები, გადადით სადმე სხვაგან, ჩვენ ჩვენი, საკუთარი და არც თუ ისე ცუდი სიმღერები გვაქვს" - ეს მხოლოდ ნაწილია მისი სტატუსიდან. ნინას თავის თავზე და ამ თემაზე სასაუბროდ დავუკავშირდით.

- ნინა, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნე სტატუსი, სადაც ამბობდი, რომ "ფანდურიანი ტიპები" უნდა "გაქრნენ". საერთოდ, რატომ შეეხე ამ თემას?

- ზოგმა სწორად გაიგო ჩემი სტატუსი, ზოგმა კი - არასწორად. არადა, საქართველოში სამწუხარო ფაქტი ხდება: ჩვენ, მომღერლებს არ გვაძლევენ იმის საშუალებას, ჩვენი საკუთარი სიმღერები კონცერტებზე გამოვიტანოთ და ვიმღეროთ, ხალხს გავაცნოთ და შევაყვაროთ. ეს ყველასთვის მიუღებელი თემაა და ყველას აღიზიანებს. მსმენელს სულ იმას სთავაზობენ, რაც უკვე დიდი ხანია, ჩვენთვის ნაცნობია და მგონია, ეს ცოტა მოსაბეზრებელია და აღარც არის საჭირო იმის გამეორება, რაც უკვე ძალიან დიდი ხნის წინ იყო. ძალიან დიდი ხნის წინ კი, იყო ჩონგური, ფანდური და "დივლიდალალე" და არა ვთქვათ, პოპი ან როკი. სანამდე უნდა გაგრძელდეს ასე, საყოველთაო "დივლიდალალე" ქართულ შოუ-ბიზნესში?

- "წითელი ბასანოჩკები" ახსენე. გგონია, რომ ასეთი "სახალხო" სიმღერები საქართველოში უფრო პოპულარულია, ვიდრე თუნდაც პოპი ან როკი?

- რა თქმა უნდა, ვფიქრობ. ეს დიდად პრობლემა არ არის, მაგრამ იმ შემთხვევაში, როცა მსმენელს ახალს არ სთავაზობ და "წითელი ბასანოჩკებისა" და "წყლის ჩამოტანილი ნაფოტის" დიეტაზე სვამ, მას სხვა გზა არ რჩება და ისევ იმ მუსიკას უსმენს. საზოგადოების ნაწილს ჰგონია, რახან სიმღერები არ ჩანს, ე.ი. მომღერლები არ ვშრომობთ. არა და, სინამდვილეში მართლა ძალიან ბევრს ვშრომობ, უბრალოდ ამ შრომას დაფასება სჭირდება იმ ადამიანებისგან, რომლებიც ამ ყველაფერში ფინანსებს დებენ და რეალიზაციას უკეთებენ. ჩემი სტატუსი ზუსტად ამაზე იყო და არა პროტესტზე ჩონგურის მიმართ (იცინის). კონკრეტულად არავინ მიგულისხმია, მაგრამ ალბათ, ყველა ერთად ვიგულისხმე, ვისაც რაიმე ბერკეტი უჭირავს ხელში. მათ, ვინც შეჩვეულ ჭირს ამჯობინებენ, ეს არც აწუხებთ, ურჩევნიათ დაატრიალონ ის მუსიკა, რომელსაც იციან, რომ ასე თუ ისე, მსმენელი ჰყავს.

- ამიტომაც ფიქრობ, რომ საქართველოში შოუ-ბიზნესში რაიმეს შეცვლას ძალიან დიდი დრო დასჭირდება? ფიქრობ, რომ ეს 15 წელს წაიღებს ყველაზე უკეთეს შემთხვევაში...

- რა თქმა უნდა, ძალიან დიდი დრო დასჭირდება. დიდი დრო სჭირდება თაობის შეცვლას და მერე იმას, რომ ამ თაობამ თანხა იშოვოს და გამოყოს ვიღაცის დახმარებისთვის.

- "გაქრით ჩონგურიანი და დაფდაფიანი ტიპები" - ამ სიტყვებით ქართველი საზოგადოების გარკვეული, არც ისე პატარა ნაწილის გაღიზიანება გამოიწვიე. ხომ არ ფიქრობ, რომ რაღაც მხრივ, ეს ტრადიციული ფოლკლორული მუსიკის მოყვარულების შეურაცხყოფა იყო?

- მათთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია. შეიძლება, თვითონ მიიღეს ასე. მე ვიგულისხმე, რომ ფოლკლორი ფოლკლორია და თავის ადგილზე უნდა იყოს და არა თანამედროვე მუსიკის ადგილზე. ქვეყანაში, სადაც არ არსებობს თანამედროვე მუსიკა, თუნდაც ცუდი, ნაკლები შანსი არსებობს იმისა, რომ კულტურა განვითარდეს. ფოლკლორი კარგია, მაგრამ ეს არ უნდა იყოს თანამედროვეობამდე მიყვანილი. თავის ადგილზე ყოფნით ის, რა თქმა უნდა, უფრო მეტად პატივსაცემი გახდება, ვიდრე ამჟამად.

- შენი აზრით, გარდა იმისა, რაც აღნიშნე, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ შოუბიზნესმა საქართველოში განვითარება პოვოს?

- პირველ რიგში, ყველაზე აქტუალური თემა ე.წ. "ქავერების" შესრულებაა. ამ ბოლო დროს ბევრი ახალგაზრდა მომღერლის ინტერვიუს გადავაწყდი, რომლებიც ამბობდნენ, რომ უკვე თუთიყუშებს დავემსგავსეთ. მართლა ვგავართ თუთიყუშებს და "ქავერების" მეტს არაფერს ვასრულებთ. საზოგადოებისთვის რომ ცნობილი გახდეს, ვიტყვი, რომ ეს ჩვენი სურვილი ნამდვილად არაა. ისეთ კონცერტებზე, სადაც ჩვენ გვიწევს მონაწილეობის მიღება, უშუალოდ გვავალებენ, რომ "ქავერები" შევასრულოთ და არანაირი სურვილი არ აქვთ სპონსორებს, რომ ჩვენი სიმღერები გამოვიტანოთ. ზუსტად მაგ ხალხის მენტალიტეტი უნდა შეიცვალოს და გადადგან ნაბიჯი, ერთხელ გარისკონ და ეს რისკიც, ალბათ, გაამართლებს. თავიდან არც ბიონსე იყო ბიონსე და არც რიანა - რიანა, მათ ყველაფერს ნელ-ნელა, ეტაპობრივად მიაღწიეს. ადამიანს განვითარების შანსი თუ არ მიეცი, რა თქმა უნდა, ვერც განვითარდება.

ეკა აბაშიძე (სპეციალურად საიტისთვის).