მარკუს მეტრეველი: ქართული ქელეხი განწირული ტრადიციაა და სრულ მარაზმად მიმაჩნია! - კვირის პალიტრა

მარკუს მეტრეველი: ქართული ქელეხი განწირული ტრადიციაა და სრულ მარაზმად მიმაჩნია!

"საშინელებაა ასევე უზარმაზარი და დაუსრულებელი სადღეგრძელოები, მრავალსართულიანი სუფრა "

"საშინელი ეგოიზმია მამაკაცისგან იმის თქმა, რომ ის ამა თუ იმ ქალისთვის აუცილებლად პირველი მამაკაცი უნდა იყოს"

"იყავი თავისუფალი და არა ზოგიერთი განწირული ტრადიციის ჭირისუფალი" - წერდა მომღერალი მარკუს მეტრეველი "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე. ამ ფაქტს გულგრილმა ვერ ჩავუარე და შევეხმიანე...

- რას ნიშნავს შენთვის სიტყვა - ტრადიცია?

- ტრადიციებს ადამიანები ქმნიან. ზოგიერთი ტრადიცია უბრალოდ განწირული და ჩემთვის მიუღებელია, მათგან მხოლოდ მცირე ნაწილის ვეთანხმები...  არ მესმის, ბრმად რატომ უნდა მივყვე ვიღაცის დაარსებულ ადათ-წესებს? ვინმემ ოდესმე მკითხა, როცა ამა თუ იმ წეს-ჩვეულებას ამკვიდრებდა? იქნებ ის ჩემთვის მიუღებელია?

- გასაგებია, მაგრამ ქართველობა ხომ სწორედ ტრადიციებმა შემოგვინახა...

- ეს მცდარი მოსაზრებაა... არავითარმა ტრადიციებმა არ შემოგვინახა... ქართველობა ერის ვაჟკაცობამ, ბრძოლისუნარიანობამ და ქართველი მეფეების სიმტკიცემ შემოგვინახა... ასე რომ არ ყოფილიყო, მაშინ ჩვენი ერი აღარ იარსებებდა, რადგანაც იმდენ ადამიანშია გამჯდარი - შური, ბოღმა, ერთმანეთის გაყიდვა, ზიზღი, გადაგდება, ჩაქოლვა, განადგურება, მოსპობა. გეტყვით იმასაც, რომ ჩვენი ქვეყანა აქამდე ჩვენმა მტკიცე სარწმუნეობამ, ენამ, უფლის წყალობამ მოიყვანა და ბევრჯერ გადაარჩინა...

- განწირულ ტრადიციად რა მიგაჩნია?

- განწირული ტრადიციაა, ქართული ქელეხი, რომელიც სრულ მარაზმად მიმაჩნია... სუფრის წევრები იქ ისე თვრებიან, რომ ზოგჯერ მიცვალებულიც კი ავიწყდებათ და ის თავშეყრა ღრეობაში გადადის. საშინელებაა ასევე უზარმაზარი და დაუსრულებელი სადღეგრძელოები, მრალსართულიანი სუფრა, რომელიც მინიმუმ, ვიღაცის დაჭრა-დასახიჩრებით მთავრდება. ამასთან, არც გართობა გვეხერხება... ახალგაზრდები კლუბში მიდიან და იქ მუმიებივით, დაკომპლექსებულები დგანან...

მაღიზიანებს "ქალიშვილობის ისტიტუტი" თუ უკვე "აკადემიაც" გახდა... ამ ტრადიციის თანახმად, დამიანები ურცხვად ერევიან სხვის ცხოვრებაში - სხვის ლოგინში აფათურებენ ხელებს... მამაკაცის მოსაზრება - "არა ქალიშვილს ცოლად არ მოვიყვან!" - სამარცხვინო რამ არის... პირველ რიგში გოგო უნდა გიყვარდეს და ის ცოლად მისი "საქალწულე აპკის" გამო არ უნდა მოიყვანო... მისმა ადამიანობამ, სულმა და გულმა უნდა მიგიზიდოს.

საშინელი ეგოიზმია მამაკაცისგან იმის თქმა, რომ ის ამა თუ იმ ქალისთვის აუცილებლად პირველი მამაკაცი უნდა იყოს. ქალს რატომ არ აქვს იმავეს თქმის უფლება?! ორივე ხომ თანასწორი უფლებების მქონენი არიან?..

- ქართული ტრადიციებიდან რომელი მოგწონს?

- ძალიან მომწონს უფროს-უმცროსის თავაზიანი ურთიერთიერთობის ტრადიცია, ნათლობის ტრადიცია, შობისა და აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნა, ასევე მარიამობა. ახალი წელის აღნიშვნა ქალაქის ქუჩებში მსიამოვნებს, უამრავი ხალხი გარეთ ერთად რომ ზეიმობს... მიყვარს თბილისობა, მცხეთობა...

- რადგან ტრადიციებსა და ადამიანის თავისუფალ არჩევანზე ვლაპარაკობთ და თან, ტრადიციებში რაღაცები მოგწონს, რაღაცებს უარყოფ, აქვე გვითხარი, - როგორი ტიპი ხარ - ტრადიციული თუ არატრადიციული?

- მე არატრადიციული ადამიანი ვარ... ჩემი ტრადიციები ჩემი სულიდან და გულიდან მომდინარეობს. საკუთარ ტრადიციებს საკუთარ "მეში" თვითონ ვნერგავ... უბოროტო, თბილი და მოსიყვარულე ადამიანი ვარ. არ მიყვარს შურიანობა, ბოღმის დაფრქვევა, მსიამოვნებს ადამიანების თანადგომა, მეგობრობა სიხარულის მინიჭება.

- მომღერალი ხარ და ქართულ ფოლკლორულ მუსიკაზე რას იტყვი?

- ოოო... მუხლმოყრილი ქედს ვიხრი ქართული ფოლკლორის წინაშე. ეს არის ჩვენი ქვეყნის სიამაყე... ჩვენი პოლიფონია ხომ საყოველთაოდ ცნობილია და ერის განძია! ქართული ქორეოგრაფიაც გასაოცარი რამ არის... ეს არის ქართული მაღალი დონის კულტურა, რაც შემოგვრჩა.

ლალი ფაცია (სპეციალურად საიტისთვის)