ლალი მოროშკინა - "ცხოველების ქურქებზე ვიშვიში ხელმოცარულ ადამიანთა საქმეა"
14-12-2013
ლალი მოროშკინა - "ცხოველების ქურქებზე ვიშვიში ხელმოცარულ ადამიანთა საქმეა"
ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად ქართული ბომონდი ქურქებში შეიმოსა. ერთ-ერთ წვეულებაზე გადაღებული ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელეს და საზოგადოების რექაციამაც არ დააყოვნა. განსაკუთრებული კრიტიკის სამიზნე გახდა კორესპონდენტი, რომელსაც მელიის თეთრი ბეწვი ქონდა შემოხვეული.

ცხოველთა დამცველები ასეთ საქციელს გმობენ, მოდის მიმდევრები კი მიიჩნევენ, რომ ბეწვეული ყოველთვის ყველაზე ტრენდული სამოსია. მესამე ვერსიას ერთ დროს ქართული ბეწვეულის მწარმოებელი ლალი მოროშკინა გვთავაზობს და გვიხსნის, რომ ნატურალური ბეწვი და ტყავი ზამთრის სიცივისგან თავდაცვის საუკეთესო საშუალებაა.


თუმცა, ისიც
ცნობილია, რომ სხვადასხვა ცხოველს წამებით კლავენ, რომ მათგან უფრო ხარისხიანი ბეწვი მიიღონ. მაგალითად, ჩვილ სელაპებს ქვაზე თავს უჩეჩქვავენ, ბევრ სხვა ძვირფასი ბეწვის მქონე ცხოველს კი კიდებენ და ცოცხლად ატყავებენ.


ლალი მოროშკინა:

- მე ჯანსაღი ცხოვრების მომხრე ვარ და ვთვლი, რომ ნატურალური ბეწვი და ტყავი პირველ
რიგში არის ადამიანის სიჯანსაღისთვის შექმნილი.
თბილისსში უკვე თოვლი მოვიდა, ყინვაა და არაკომფრტულია ცელოფნის ტანსაცმლით სიარული. გაცილებით მოსახერხებელია ტყავის და ბეწვის ქურთუკი. ნატურალური ტყავის ფეხსაცმელი აუცილებელია იმისთვის, რომ რაიმე დაავადება არ განვითარდეს და ესეც ჯანმრთელ ცხოვრებას უკავშირდება. შესაბამისად ეს არანაირ კავშირში არ არის ცხოველების დაცვასთან. თუ გადავხედავთ მოდის ტენდენციებს, "დოლჩე გაბანადან" დაწყებული "გუჩით" და სხვა სერიოზული ბრენდებით დამთავრებული, ყველგან ძალიან მოდურია ბეწვის ტანსაცმელი. თუ ბეწვის ქურქები არ შეიძლება, ბარემ შემწვარი ქათმის ან მწვადის ჭამაც ავკრძალოთ. საქართველო ოდითგანვე ცნობილია თავისი ხორცეულით და მწვადეულით. საქართველოში ძალიან სასაცილოა ამ თემაზე საუბარი.

ეს საკითხი ოდესღაც პოპულარული იყო საზღვარგარეთ. ალბათ, ის ადამიანები, ვინც ბეწვით შემოსილ მანდილოსნებს აკრიტიკებენ, ევროპაში არ არიან ნამყოფები. იქ საღამოს ძალიან კარგ ტონად ითვლება ბეწვეული. მაგალითად, როდესაც ზამთარში დიუსელდორფში ჩადიხარ, ბეწვის გარეშე სადმე გასვლა წარმოუდგენელია. ამაზე ვიშვიში უფრო ხელმოცარულ ადამიანთა საქმეა.

თუმცა, მე არ ვამბობ, რომ სამმეტრიანი ქურქი უნდა ჩავიცვათ. ასეთებს საპანაშვიდე ქურქებს ვეძახი, მაგრამ ტყავის ქურთუკიდა ფეხსაცმელი აბსოლუტურად ნორმალურია. ასევე, ,,დუბლიონკა" გაცილებით უფრო ჯანსაღია ბავშვებისთვისაც, ვიდრე ხელოვნური ტანსაცმელი.

- ბეწვეულის წარმოებას ცხოველების ტანჯვა-წამებით სიკვდილს უკავშირებენ...

- იმიტომ, რომ ეს თემა გახდა ზოგადად რეზონანსული და ეს ხელმოცარული ადამიანების საქმეა, ალბათ. მაშინ არასოდეს შეჭამონ ქათამი, არ შეწვან კვერცხი, გახდნენ სრულებით ვეგეტარიანელები. თუმცა, ესეც მათი უფლებაა. ისევე, როგორც ვერ დაარღვევენ ჩემს უფლებას, მეც არ ვარღვევ მათსას. ვეგეტარიანელობა როგორც ტანსაცმელში, ასევე კვებაში არის მათი უფლება. ჩემი არჩევანია, ქართველი ვიქნები თუ რუსი, რადგან ორივე გენი მირევია და ყოველთვის ვამბობ, რომ ჩემთვის დომინანტური ქართული გენია. ჩემი უფლებაა, რას ჩავიცვამ: ტყავის თუ ცელოფნის ქურთუკს.

- პირდაპირ გატყავებული ცხოველის ზურგზე მოგდება კიდევ უფრო აღიზიანებს საზოგადოებას...


- სოციალური ქსელის მომხმარებელი რეალურად არის ასოციალური ადამიანი. შესაბამისად, იმ გოგონაზე, ვისაც მელიის ტყავი ქონდა მოსხმული, გაღიზიანდნენ იმიტომ, რომ თემა ჭირდებათ, რომელზეც იქაქანებენ. ალბათ, არ აქვთ სამსახური, ან ოჯახში პრობლემები აქვთ. ადამიანი, რომელსაც აქვს საშუალება დაკავდეს საქმით, სხვის კრიტიკას არ დაიწყებს. პირველი თოვლი მოვიდა, უპატრონოთა თავშესაფარი შეიქმნა და დაეხმარონ ქვეყანას და იქ დაკავდნენ საქმით. ამის მაგივრად, კომპიუტერთან სხედან და ახალგაზრდა გოგონას ტანსაცმელს არჩევენ. ამის კეთება საშინელება და უხმასობაა. ის მელიას მოიგდებს მხარზე თუ სხვა რამეს, ვისი რა საქმეა. მაშინ ვეფხისტყაოსანზეც ვთქვათ, ბარემ ტარიელიც გავლანძღოთ, ეგ არაადამიანი, როგორ გაბედა ცხოველების ბეწვით შემოსილიყო? ასე ძალიან ღრმად წავალთ.

- ხალხს ის მელია შეეცოდა, როგორც ჩანს.

- ხალხს, რომელიც ასე ილანძღება, არ შეიძლება ვინმე ეცოდებოდეს. ძალიან მიკვირს ასეთი ხალხის. როდესაც ბეწვეულის მაღაზია გავხსენი, საშინელი სალანძღავი წერილები მომდიოდა. შს სამინისტრო ჩავრთე, რადგან შვილების გატყავებით დამემუქრნენ. პოლიციამ ოცი წლის ბიჭი დააკავა. მუქარის გამო სისხლის სამართლის საქმე უნდა ყოფილიყო აღძრული. შემეცოდა, ბავშვს ვერ გავაუბედურებდი, აშკარა იყო რომ ის ფეხის ხმას აყვა, ბოდიში მომიხადა. მითხრა, უსაქმურობისგან გავაკეთე ეს და ცუდი მართლა არაფერი არ მიფიქრიაო.

ადამიანმა, რომელიც ლანძღვაზე და მუქარაზე გადადის, როგორ შეიძლება, იმაზე ილაპარაკოს, რომ მას ცხოველი ეცოდება. მე მაგალითად, ძალიან დიდ თანხას ვხარჯავ და ვუვლი უბნის აბსოლუტურად ყველა უპატრონო ძაღლს და კატას. პარალელურად ძალიან ხშირად მოუმართავს ცხოველთა დაცვის ორგანიზაციებს და ყოველთვის, პრაქტიკულად ყველა ხელფასიდან ვრიცხავ თანხას. ვაკეში ყველამ იცის, სადაც მე ვცხოვრობ, რომ ყველა უპატრონო შინაურ ცხოველს მე ვპატრონობ. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ტყავის ფეხსაცმელზე უარი უნდა ვთქვა.

- ერთის მხრივ გიყვართ ცხოველები და ამავე დროს მოგწონთ ბეწვეულის მოხმარება?

- კიდევ ვამბობ, მე მიყვარს ჯანსაღი ცხოვრების წესი, რაც გამორიცხავს ხელოვნურ ტანსაცმელს. განსაკუთრებით დიდ ყურადღებას ვამახვილებ ტყავის ფეხსაცმელზე და თბილ ქურთუკზე, რომელიც ნატურალური ბეწვისაა. თუ ეს დანაშაულია, მაშინ არ უნდა მივირთვათ თევზეულიც. რატომ არ არის კამპანია თევზეულის წინააღმდეგ. ქორწილებში ხომ ყოველთვის არის ხიზილალა?.. ასე მარაზმამდე შეიძლება მივიდეთ. მხოლოდ ხელმოცარული ადამიანი თუ იტყვის, რომ ჯობს ცელოფნის ფეხსაცმელი ეცვას, ვიდრე ნატურალური ტყავის. კიდევ ერთხელ ვამბობ, მე არავის არჩევანში არ ვერევი, შესაბამისად არავინ ჩაერიოს ჩემს არჩევანში. ნებისმიერი შეურაცხმყოფელი სიტყვა დამთავრდება სასამართლოთი. ვინც აღმოჩნდება დარტყმის ქვეშ, ვურჩევ მიმართოს სასამართლოს.

- რატომ შეწყვიტეთ ბეწვეულის წარმოება, თუ ასეთი აუცილებადი და მოთხოვნადია?

- ჩვენს მიერ ბეწვის წარმოება იყო თავიდან ბოლომდე ქართულ პროდუქციაზე დაფუძნებული. საქართველოში იკერებოდა და ახლადშექმნილი ბრენდისთვის საოცარი სისწრაფით იყიდებოდა ყველაფერი. რეალურად დაბალი ფასი და ძალიან კარგი პროდუქცია იყო. ვერ გავაგრძელეთ, რადგან მე პოლიტიკით დავკავდი, ჩემი პარტნიორი კი საზღვარგარეთ საცხოვრებლად გადავიდა. ის ლონდონში აგრძელებს ამ საქმიანობას. ჩანთებს, ნიანგის და სხვა ცხოველების ძვირადღირებული ბეწვისგან კერავს. ამავე დროს არის დიპლომატის ცოლი. ასე, რომ საზღვარგარეთ ეს პრობლემა არ დგას.

- როგორც ამბობენ თუ არ იქნება მოთხოვნა აღარ იქნება წარმოება და არ მოკლავენ ცხოველს.

- საქართველოში მილიონნახევარი ქალბატონი ცხოვრობს და ალბათ, ათი ათასს თუ ექნება საშუალება, ნატურალური ბეწვის სამოსი ჩაიცვას. დანარჩენ მსოფლიოში, კანადა, რუსეთი, ევროპა, ამერიკა, მით უმეტეს სადაც ცივი ზამთარია, თბილი ბეწვის გარეშე გარეთ ვერ გადიან. ამიტომ საქართველოში ჩაიცვამენ თუ არა ბეწვს, ამით მსოფლიოში ბეწვეულის წარმოება არ შეწყდება.

ბეწვეული არის ჩვენი ნაციონალური ტანსაცმელის ნაწილი, ფაფახები, ბეწვიანი ქუდები. ესე იგი, უარი უნდა ვთქვათ მაშინ ამ ყველაფერზე. ძალიან არასერიოზულია და ვერასოდეს ვერ მიიღო კვალიფიცირებული პასუხი საზოგადოებამ. მე ეს საკითხი სიღრმისეულად მაქვს შესწავლილი. ჩვენ ვეფხისტყაოსნის ქვეყანა ვართ. ცხვრის ქუდები არის ჩვენი ეთნოსის ნაწილი და ამას ცეკვებშიც ვიყენებთ. ჩვენ კავკასია ვართ, მძიმე ამინდები გვაქვს და მთაში უნდა უთხრა ადამიანს, ბეწვეულს ნუ ჩაიცვამო? მაშინ ის განწირული გყავს სიკვდილისთვის. ამით არ დაირღვევა მათი უფლებები, როცა გაიყინებიან?

ნატურალური ტყავი ყოველთვის იყო და იქნება მოდაში, ეს არის გაპარსული ბეწვი. ჩვენთან კი უმეცრებას ქადაგებენ. არანატურალური რაც არის, ის გაცილებით უფრო ძვირია და ქიმიური გადამუშავება, ქარხნები და მათი გამონაბოლქვი არ სპობს ბუნებას?

ზაზა გიგაური (სპეციალურად საიტისთვის)
ბათუ
02 თებერვალი 2014 03:09
რას ერჩით ამ ლალის? თქვენ ტყავის ფეხსაცმელებით არ დადიხართ, ხალხო?ცხოველის ხორცს არ მიირთმევთ? უბრალოდ ეს სურათი თვალში საცემია.შველის მწვადებზე რას იტყვით?
ამ ჟურნალისტებს ხომ სხვა საქმე არა აქვთ.ეკითხება, ძაღლი გვერძე გყავთო და თან ბეწვეულს ატარებთო. ძაღლები ვისაც ყავს და უყვარს, ისინი ძაღლებს ხორცით არ კვებავენ? არ ახრევინებენ სხვა ცხოველის ძვლებს? თუ ეს უფრო ჰუმანურია.ცხოველები ადამიანების სამსახურებლად არიან შექმნილი, მთავარია ზომიერება დავიცვათ და მოვექცეთ მათ მართლზომიერად.მორჩით ჰუმანურობას თამაშს.თუ მოროშკინა სხვა მხრივ გაღიზიანებთ ეს სხვა საქმეა, მაგრამ რატომ ლანძღავთ, რასაც უნდა იმას ჩაიცმევს.ზოგი ადამიანებს ექცევა როგორც პირუტყვს, და ჯობს ამაზე ვიდარდოთ.
giga
23 დეკემბერი 2013 10:41
LALI MAMIDAAAAAAAAA.....!!!
ვეგეტარიანელი
22 დეკემბერი 2013 01:17
რა გიკვირთ? ვეგეტარიანელები ვართ ცხოველთა დამცველები ვინც ვართ!
კუჭისთვის ცხოველის მოკვლა ამორალურია, ისევე როგორც კომპლექსების მოსახსნელად გატყავება!
და ამის დაკვეთა!

ლალის მსგავსი კომპლექსიანი ადამიანები, თავის თავის მაგრად წარმოჩენას გოიმობებით ცდილობენ..

რედაქტორის რჩევით