"დუდუკით ისე მოიხიბლა, ხტუნავდა" - ტელმან ისმაილოვი ქსოვრელებმა გადარიეს (ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

"დუდუკით ისე მოიხიბლა, ხტუნავდა" - ტელმან ისმაილოვი ქსოვრელებმა გადარიეს (ექსკლუზივი)

"ყარაჩოხელის ფორმა მოეწონა ძალიან, მრავალჟამიერი ვიმღერეთ და შესრულებაზე ლამის გაგიჟდა" - ექსცენტრული მილიარდერის ასდოლარიანი "შაბაშები"

ვის დაბადების დღეზე იქეიფეს "ფორბსის" სიაში მოხვედრილმა მილიარდერებმა "თბილისი მერიოტში"?

ცოტა ხნის წინ, თბილისის ერთ-ერთი ფეშენებელურ სასტუმროში სატელეფონო ზარი გაისმა. მასპინძელი იმდენად ძვირფას სტუმრებს ელოდა, რომ ,,თბილისი მერიოტის" მთელი მეექვსე სართული, ყველა საპრეზიდენტო და ვიცე საპრეზიდენტო ნომერი დაჯავშნა. სასტუმროს ადმინისტრაციას შეატყობინეს, რომ ,,ფორბსის" სიაში მოხვედრილი მილიონრებისთვის უნდა ემასპინძლა. ,,მერიოტს" საპატიო სტუმრებით ვერ გააკვირვებთ, მაგრამ განსაკუთრებული აქცენტი ერთ-ერთ ნომერზე გაკეთდა, სადაც კონიაკი ,,ჰენესი" ბოთლით და ხილის ასორტი უნდა დაეხვედრებინათ. სასტუმროს არაოფიციალური ინფორმაციით, ამ ნომერში ასევე არაოფიციალური ვიზიტით მსოფლიოში ცნობილი ლამაზმანი მონიკა ბელუჩი უნდა ჩამოსულიყო.

ამასობაში, კაჭრეთში მდებარე არანაკლებ მაღალი კომფორტით გამორჩეულ სასტუმრო ,,ამბასადორშიც" დიდი მზადება იყო. მომსახურე პერსონალი დიდ სუფრას შლიდა, რადგან ზემოთ ხსენებულ სტუმრებს სწორედ კაჭრეთში უნდა მოელხინათ. ასე გრანდიოზულად ლონდონიდან ახლად დაბრუნებული ქართველი ბიზნესმენი, ვანო ჩხარტიშვილი იუბილეს აღნიშნავდა. საღამოზე ბევრ ქართველ მომღერალთან ერთად ქსოვრელებიც იყვნენ მიწვეულნი. მათი სამოსით, მუსიკალური ინსტრუმენტებით და სიმღერით განსაკუთრებით აზერბაიჯანელი მილიარდერი ტელმან იზმაილოვი მოიხიბლა. მსოფლიო პრესაში ბოლო დროს გახმაურებული ინფორმაციის თანახმად, სწორედ იზმაილოვს აქვს იტალიელ მსახიობ მონიკა ბელუჩისთან რომანი, თუმცა ბელუჩი ამ ხმებს გადაჭრით უარყოფს. არადა, გავრცელდა ხმები, რომ ტელმანი და მონიკა ყაზახეთის პრეზიდენტის შვილიშვილის ქორწილშიც ერთად იყვნენ. თუმცა, საქართველოში იზმაილოვმა ბელუჩი არ ჩამოიყვანა.

გრანდიოზული ღონისძიებიდან შთაბეჭდილების გაზიარება მთავარ ,,ქსოვრელს", ელდარ შოშიტაშვილს ვთხოვეთ.

- ტრადიციულად, ფორმებით ვიყავით, დუდუკებმა ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა. ქართული, ქალაქური სიმღერები შევუსრულეთ, კლარნეტების დაშლა - სახუმარო ნომერი, კარგი პურ-მარილიც იყო, ამ პურ-მარილს დუდუკი უხდებოდა. სტუმრები ძალიან მოვხიბლეთ.

- როგორც შევიტყვეთ, ვანო ჩხარტიშვილის იუბილეს აღნიშნავდით?

- მისი იუბილე რამდენიმე დღით ადრე იყო, კაჭრეთში კი მისალოცი საღამო გაკეთდა.

- თქვენით განსაკუთრებულად აზერბაიჯანელი მილიარდერი, ტელმან იზმაილოვი მოხიბლულა.

- კი, ყარაჩოხელის ფორმა მოეწონა ძალიან, მრავალჟამიერი ვიმღერეთ და შესრულებაზე ლამის გაგიჟდა. ასევე დუდუკზე ჰქონდა აქცენტი გადატანილი, დუდუკით ისე მოიხიბლა, ხტუნავდა. ეტყობოდა, რომ ძალიან სიამოვნებდა.

- გვითხრეს, რომ როგორც მას სჩვევია, ,,შაბაშები" სულ ასდოლარიანებად უბნევია.

- ეგეც იყო, თუმცა ჩვენ მიმართ იმდენად არა, სხვა ანსამბლებიც იყო. იმათ მიმართაც დიდი ყურადღება იყო. ჩვენ ერთსაათიანი პროგრამა გვქონდა და მალე წამოვედით. სამწუხაროდ, ყველაფერი ვერ მოვასმენინეთ. თუ მომავალშიც ჩამოვლენ, კარგი იქნება.

თბილისში დუდუკებს ნაკლები ყურადღება ექცევა. არადა, ეს ყველაზე ქართული ინსტრუმენტია და არ გვინდა, რომ დაიკარგოს. დუდუკების მიმართ უცხოელები განსაკუთრებულ მოწონებას გამოხატავენ - გვითხრა ელდარ შოშიტაშვილმა.

ზაზა გიგაური (სპეციალურად საიტისთვის)