გიგა კვენეტაძე: "საქართველოში დაბლოკილი ვიყავი!" - კვირის პალიტრა

გიგა კვენეტაძე: "საქართველოში დაბლოკილი ვიყავი!"

"ძალიანაც კარგია, ფირცხალავამ სოჭის ოლიმპიადას ჰიმნი რომ დაუწერა"

მოსკოვში არაერთი ქართველი ხელოვანი ცხოვრობს და მოღვაწეობს. მათ შორისაა გიგა კვენეტაძეც, რომელსაც საქართველოში ყოფნისას ხუმრობით ”მტირალა” მომღერალს ეძახდნენ. გიგა აღიარებს, რომ რუსეთში გადასვლა ჩვენს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური მდგომარეობის გამო მოუხდა, რადგან აქ მხოლოდ პოლიტიკური კონცერტები ტარდებოდა. მომღერალს სწორედ პოლიტიკურ მდგომარეობაზე სასაუბროდ დავუკავშირდით.

- როგორი მდგომარეობაა ახლა მოსკოვში. რუს მომღერლებს ქართველ კოლეგებთან როგორი დამოკიდებულება აქვთ?

- უკვე მეექვსე წელია რუსეთში ვარ. მთელი ამ დროის განმავლობაში რუსი ხალხისგან, მითუმეტეს, ჩემი კოლეგების მხრიდან არანაირი შევიწროება არ მიგვრძვნია. პირიქით, ბევრი რუსი მეგობარი მყავს. ვფიქრობ, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის დაძაბულობა მხოლოდ პოლიტიკაა, რაც მე არ მესმის. ჩემი და ჩემი კოლეგების საქმე მუსიკის კეთებაა და ჩვენ ამას ვაკეთებთ. პოლიტიკოსებმა კი თავად უნდა მოაგვარონ თავიანთი პრობლემები. თუმცა ამ ყველაფერში, სამწუხაროდ, ხალხიც ერევა.

- მხოლოდ ხალხი არა, პოლიტიკაში არაერთი ხელოვანი ადამიანიც ერევა. მაგალითად, ირაკლი ფირცხალავამ რუსებს ოლიმპიადისთვის ჰიმნიც კი დაუწერა.

- ირაკლი რუსეთის მოქალაქეა და რატომ არ უნდა დაეწერა?

- ბევრი იტყოდა, რომ ქართველია და იმიტომ. მაშინ, როცა საქართველოსა და რუსეთს შორის ასეთი დამოკიდებულებაა, ბჭობდნენ, ქართველები უნდა წასულიყვნენ თუ არა სოჭის ოლიმპიადაზე, არ შეიძლებოდა, რომ ამ ოლიმპიადის სიმღერის დაწერისგან ირაკლის თავი შეეკავებინა?

- ჩემი აზრით, ირაკლიმ რომ ამ ოლიმპიადასთვის სიმღერა დაწერა, ძალიანაც კარგია . ისიც არ მესმის, ამ ოლიმპიადაზე ქართველები რატომ არ უნდა წასულიყვნენ? მეც ქართველი ვარ და გული მტკივა იმაზე, რომ ჩვენი ტერიტორიები მითვისებულია. ამას ყველა აქ მცხოვრები ქართველი, მათ შორის, ირაკლი ფირცხალავაც განიცდის.

- შენთვის რომ ეთქვათ, ოლიმპიადისთვის სიმღერა დაგვიწერეო, დაუწერდი?

- უპრობლემოდ დავწერდი.

- ამას მხოლოდ ანაზღაურების გამო გააკეთებდი?

- პრობლემას ვერ ვხედავ, რომ ხელოვანმა ადამიანმა ოლიმპიადისთვის სიმღერა დაწეროს. რა კავშირშია ეს ოლიმპიადა პოლიტიკასთან? ყველაფერზე რომ ასე ვიფიქროთ, მაშინ რუსეთის მოქალაქეებთან საერთოდ ურთიერთობა უნდა შევწყვიტოთ. რუსეთში კი მხოლოდ რუსები არ ცხოვრობენ. ისევე, როგორც - საქართველოში. ჩემი აზრით, ჩვენ ერთმანეთთან კეთილი სურვილები უნდა გვაკავშირებდეს. სამწუხაროდ, მოსკოვში ქართული დიასპორა მოიკოჭლებს. არავინ ცდილობს, რომ ხელოვანებს შორის რაღაც კავშირები აღადგინონ. მესმის ქართველი ხალხის გულისტკივილი, მაგრამ ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს.

- რატომ არ გაქვს სხვა გზა? პოლიტიკურმა მდგომარეობამ გაიძულა რუსეთში წასვლა?

- 2005 წლის შემდეგ საქართველოში ერთი ახალი სიმღერაც არ დაწერილა. საქართველო არის ქვეყანა, სადაც მომღერალი ელოდება მორიგ პოლიტიკურ არჩევნებს, რათა კონცერტები ჩაატაროს. თან ასეთ კონცერტებშიც მხოლოდ კონკრეტულ მომღერლებს აქვთ გამოსვლის უფლება. სხვა გაცილებით ნიჭიერ მომღერალს კი იმ სცენაზე დადგომის უფლება არ აქვს, რადგან იქ ვიღაც-ვიღაცები ლობირებენ. რა უნდა ქნას მომღერალმა, რომელიც თუ კონცერტებში არ მონაწილეობს, ვერც სიმღერებს ჩაწერს და ვერც კლიპებს გადაიღებს? სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, რომ ასეთ ქვეყანაში მუსიკის კეთება არ მინდოდა. ჩავთვალე, რომ ჩემი განვითარება არ უნდა შემეჩერებინა და უნდა წავსულიყავი ისეთ ქვეყანაში, სადაც ხელოვან ადამიანს პატივს სცემენ.

- საქართველოში ცხოვრების დროს არცერთი პოლიტიკური პარტიისთვის არ გიმღერია?

- არა, არცერთი პოლიტიკური პარტიის კონცერტზე არ გამოვსულვარ, თუმცა რამდენიმე შემოთავაზება მქონდა. რაღაც მიზეზების გამო, საქართველოში დაბლოკილი ვიყავი, ისევე როგორც, ჩემი რამდენიმე მეგობარი, მათ შორის, მამუკა ონაშვილიც.. სწორედ ამიტომაც გადავწყვიტე კარიერის მოსკოვში გაგრძელება.

- მოსკოვში პოლიტიკა ხელს არ გიშლის? მაგალითად, იმიტომ, რომ ქართველი ხარ, რომელიმე კონცერტზე ხომარ გბლოკავენ?

- არანაირად. ჩემს სიმღერებს რუსი მომღერლებიც ყიდულობენ. მერე ეს სიმღერები ყველა ტელევიზიასა თუ რადიოებში ტრიალებს. როგორც კომპოზიტორს, ნამდვილად არ მაქვს პრობლემა, რომ ჩემი სიმღერა რომელიმე არხმა დაბლოკოს.

- ღირდა მოსკოვში გადასვლა? კარგად გრძნობ თავს?

- კი, ჩემი განვითარება, როგორც კომპოზიტორისა და მომღერლის, ნამდვილად წინ მიდის.

- აღარ ტირი?

- ტირილს ვერავინ დამიშლის. ხან ვტირი და ხან - ვიცინი.…

ნათია ჟივიძე (სპეციალურად საიტისთვის)