"გამიმართლა, ასეთი ბიჭი რომ შემხვდა და ტარიელსაც გაუმართლა ჩემნაირი ცოლი რომ შეხვდა." - კვირის პალიტრა

"გამიმართლა, ასეთი ბიჭი რომ შემხვდა და ტარიელსაც გაუმართლა ჩემნაირი ცოლი რომ შეხვდა."

"ტარიელი ერთხელ "სვეცკი" სუფრიდან გამექცა ჩემი მატრაკვეცობის გამო"

ჩვენი რესპონდენტი მსახიობი და ტელეწამყვანი ია ფარულავაა. მისი თქმით, ხალხის ყველაზე დიდი სიყვარული პროექტმა "ნიჭიერმა" მოუტანა:

- 1989 წლიდან ტელევიზიაში ვმუშაობ, მქონდა ბევრი გადაცემა, მაგრამ ხალხის ყველაზე დიდი სიყვარული "ნიჭიერმა" მომიტანა. არ ვიცი, რა მოხდა.

- ალბათ, ამას იმანაც შეუწყო ხელი, რომ "ნიჭიერის" სცენიდან გათხოვდით...

- ბევრს დადგმული ეგონა ჩემი გაბედნიერება.  ტარიელის გამოსვლა სცენაზე ვიზაჟისტ ოლგა სპირინას დამსახურებაა. მას ვუთხარი, დღეს ტარიელი აპირებს, ცოლობა მთხოვოს-მეთქი. ოლგამ იქვე "მოტვინა", რომ მოეძებნათ ტარიელი, მოელაპარაკა პროდიუსერებს და 5 საათში დაიგეგმა ეს ყველაფერი. ვიცოდი, რომ ხელის თხოვნას აპირებდა, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი, თუ ეს სცენაზე მოხდებოდა.  როცა გადაცემას დავასრულებდი, ის ცოლობას შემომთავაზებდა, თუ უარს მიიღებდა, ჩემს მოტაცებას აპირებდა.

- ე.ი. მოტაცებას გადარჩი?

- ტარიელმა რამე თუ მოინდომა, უკან არ დაიხევს. მეც მომწონდა ის, მაგრამ ვერიდები ხოლმე ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს, ჯერ უნდა გავიცნო ადამიანი... ახლა ვეცნობით ერთმანეთს.

- კონფლიქტი არასდროს მოგსვლიათ?

- არა. ძალიან ვუყვარვარ, თანაც დამყოლი ადამიანია. ორჯერ გვქონდა მწვავე მდგომარეობა: ერთხელ "სვეცკი" სუფრიდან გამექცა ჩემი მატრაკვეცობის გამო. მეორე შემთხვევაც რესტორანში მოხდა, გორთან ახლოს ვიყავით  რესტორანში, სადაც მომღერლის მიერ შესრულებული სიმღერა მოგვეწონა და ვთხოვეთ, წასვლის წინ ერთხელაც ემღერა, მან კი რუსული სიმღერა შეასრულა. ამაზე  ტარიელი გაგიჟდა, კინაღამ ააყირავა მაგიდები - რამდენიმე კილომეტრში რუსული ტანკები დგას, მავთულხლართები მოცოცავს, ოკუპანტები დგანან და ეს რუსულ სიმღერას როგორ მღერისო... ერთხელ ერთი რუსული რესტორნის გახსნაზე წავიყვანე და ძალიან შეწუხდა - აქვე, გმირთა მოედანზე, გმირების მემორიალია და აქ კიდევ ჩვენ რუსულ სიმღერებზე ვერთობითო.  პატრიოტია. გამიმართლა, ასეთი ბიჭი რომ შემხვდა და ტარიელსაც გაუმართლა ჩემნაირი ცოლი რომ შეხვდა.

- რამდენიმე დღის წინ იყო თქვენი ქმრის დაბადების დღე, რა სიურპრიზი მოუწყვეთ?

- ტარიელი და დედამისი ერთ დღეს არიან დაბადებული. ამიტომ დედამისთან აღვნიშნეთ.  15 წელია, ტარიელი დედასთან ერთად არც ახალ წელს შეხვედრია და არც დაბადების დღე აღუნიშნავს, რადგან ის გერმანიაში ცხოვრობდა, დედამისი კი - საბერძნეთში.

თამარ ბოჭორიშვილი