აჩი ფურცელაძე: "საქართველოში არავინ არაფერს აკეთებს, ვიღაცებს ვუყურებთ უკანალში, ისინი რას იზამენ" - კვირის პალიტრა

აჩი ფურცელაძე: "საქართველოში არავინ არაფერს აკეთებს, ვიღაცებს ვუყურებთ უკანალში, ისინი რას იზამენ"

"ოლიმპიადასთან კავშირი დიდი სიამოვნებით მექნებოდა, თუნდაც ფინანსური მომენტის გამო, რადგან ძალიან დიდი ფულია, მაგრამ არ გამოდის"

"მოჭიდავე რომ წავიდეს სოჭში და მოუგოს ვიღაცას, ხომ გაგვისწორდება, ხომ არ იტყვიან, რატომ წავიდაო? ეს ვართ ეს ქართველები, რახან ვიმღერე ე.ი. ვიღაცას ვუმღერე? და რახან მოვერიე და ძვლებში დავამტვრიე ე.ი. მაგარი ტიპი ვარ!"

სოჭის ოლიმპიადის გარშემო ქართველებში დისკუსიები არ ცხრება. ჯერ იყო და თამუნა ამონაშვილმა სოჭის ოლიმპიურ სოფელში იმღერა და საქართველოს მოსახლეობის ნაწილმა ლამის ერის მოღალატედ გამოაცხადა. რუსეთში მოღვაწე ბევრმა ქართველმა მომღერალმა იქ ჩასვლაზე უარიც განაცხადა, ამონაშვილმა ეს როგორ იკადრაო. კრიტიკა ირაკლი ფირცხალავას მისამართითაც გაისმა, რომელმაც რუსეთის ოლიმპიურ ნაკრებს ჰიმნი "ჩვენ თქვენი გვჯერა" დაუწერა. სოჭის ოლიმპიადასთან დაკავშირებით თავისი მოსაზრება თბილისში რამდენიმე დღით ჩამოსულმა, მოსკოვში მოღვაწე ქართველმა მუსიკოსმა და მომღერალმა აჩი ფურცელაძემაც დააფიქსირა.

აჩი ფურცელაძე:

- სისულელეა ეს ყველაფერი. მაპატიეთ, მაგრამ მე არ მესმის ამ ხალხის. ნებისმიერი ქართველი, რომელიც რუსეთშია და ჯერ კიდევ ითვლება საქართველოს მოქალაქედ, როგორც მე, როგორც ამონაშვილი და ა.შ. სადაც არ უნდა გამოვიდეს, ის არის საქართველოს დესპანი, საქართველოს დროშა და სახელი. რაც უფრო მეტი რუსი და არარუსი მსმენელი და მაყურებელი გვეყოლება, რომელიც ამბობს "ვა, რა მაგრები ხართ ქართველებიო", ამას რა ჯობია. როდესაც მოსკოვის მუსიკალურ პროექტში "გოლას" მივიღე მონაწილეობა, იქ მე ხმამაღლა ვთქვი - "მე ქართველი ვარ თბილისიდან"-თქო და დარბაზი ტაშით დაინგრა, რადგან იქ იციან, რას ნიშნავს ქართველი ხელოვანი. ნიჭიერები ვართ და ეს ნიჭიერება ჩვენში ჩავკლათ და პოლიტიკას შევალიოთ ეს ყველაფერი? არ შეიძლება ასე. ესენი შერიგდებიან და ბოლოს რა?პოლიტიკას პოლიტიკოსებმა უნდა მიხედონ და ჩვენ მსახიობები, მუსიკოსები, ხელოვანი ხალხი არ უნდა ვიზღუდებოდეთ ვიღაცების გამო. ხალხო, არ დაიღალეთ ამდენი ნეგატივით? სულ პესიმიზმია, სად არის ოპტიმიზმი? სად არის ის, რომ ჩვენ ქართველები მაგრები ვართ, სად ვართ მაგრები, მარტო საქართველოში? და რომ ვერ ვართ საქართველოში მაგრები ეს ქართველები? დამიჯერეთ, რომ სინამდვილეში ძალიან ცუდი ტიპები ვართ. ქართველები საზღვრებს გარეთ საშინელება ვართ. ქართველი ქართველს არ ენდობა საზღვაგარეთ, იმიტომ რომ, აყირავებენ, მოატყუებენ და ა.შ. ვინც კაი ტიპები ვართ ერთმანეთი კბილებით გვიჭირავს და დიახაც, მე ქართველი ვარ, იმიტომ რომ ფურცელაძე ვარ, იმიტომ რომ ამონაშვილია და იმიტომ რომ თათარაშვილია...

- შენ ხომ არ აპირებ სოჭში ჩასვლას?

- იყო რაღაც ლაპარაკი, მაგრამ ოლიმპიადასთან დაკავშირებით არა. შეიძლება კერძო მოწვევა მქონდეს. ოლიმპიადასთან კავშირი დიდი სიამოვნებით მექნებოდა, თუნდაც ფინანსური მომენტის გამო, რადგან ძალიან დიდი ფულია, მაგრამ არ გამოდის. სასწაულად ძნელია იქ მოხვედრა. უნდა მიაღწიო ამ კონდიციას. მე თუ ოლიმპიადაზე დამიძახეს, ძალიან გამიხარდება. სოჩაში ისე დავდივარ ხშირად, რადგან ქართველები არიან და ქორწილები, დაბადების დღეები მიმყავს ხოლმე. ქართველს ქართველი ყველა წერტილში უნდა უხაროდეს. მაგრამ აქ არავინ არაფერს არ აკეთებს, ყველაფერი გაჩერებულია და ვიღაცებს ვუყურებთ უკანალში, ისინი რას იზამენ. ისინიც სხედან თავიანთ უკანალზე და არ ანძრევენ. ამიტომ არის, რომ ყველა გარბის და ეს ხალხი თურმე მოღალატეა. სახლში იჯექი და ვერაფერი ვერ ჭამო? თუ ჩემი ძმა ხარ რაა.. არ არის ეგრე. მე ჩემი ოჯახი მაქვს, მე არავის თავზე არ ვახტები და საქართველოს არავის არ ვალანძღინებ და ჩემები ნუ გამლანძღავენ. სანამ მე ამის გაკეთება შემიძლია ყველგან წავალ და ვიტყვი, რომ ქართველი ვარ, ნიჭიერი ვარ, მაგარი ვარ, როგორც ჩემი კოლეგები ამბობენ და მეამაყება, რომ ქართველი ვარ. მოჭიდავე რომ წავიდეს სოჭში და მოუგოს ვიღაცას, ხომ გაგვისწორდება, ხომ არ იტყვიან რატომ წავიდაო? ეს ვართ ეს ქართველები რახან ვიმღერე ე.ი. ვიღაცას ვუმღერე? და რახან მოვერიე და ძვლებში დავამტვრიე ე.ი. მაგარი ტიპი ვარ! ჩემი იარაღი მუსიკაა, ლექსი და სიმღერაა. არავის არ ვებრძვი, მაგრამ ამით უნდა ვაჩვენო ჩემი სიძლიერე.

ეკა ჩიკვაიძე (სპეციალურად საიტისთვის)