ნინი ქარსელაძე - "ირმა ნადირაშვილს არ ვუსურვებ, როგორც მე მატკინა გული, ასეთი რამ თავადაც გამოცადოს" - კვირის პალიტრა

ნინი ქარსელაძე - "ირმა ნადირაშვილს არ ვუსურვებ, როგორც მე მატკინა გული, ასეთი რამ თავადაც გამოცადოს"

მომღერალი ნინი ქარსელაძე უკვე რამდენიმე წელია საზღვარგარეთ ცხოვრობს და სწავლობს. ნინის კარგა ხანია მსმენელისთვის ახალი კლიპი და სიმღერა არ შეუთავაზებია, თუ რას აპირებს სამომავლოდ, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

– ნინი, ქართულ შოუბიზნესში რატომ აღარ ჩანხარ?

– ამ ქვეყანაში არაფრის კეთებას აღარა აქვს აზრი. თუ პოლიტიკოსი ხარ, შეიძლება გქონდეს რაღაც პერსპექტივა. ვფიქრობ, საქართველოს უფრო მეტი რესურსი აქვს, რადგან ძალიან ნიჭიერი ერი ვართ, დიდი კულტურული ტრადიციები გვაქვს, მაგრამ მგონია, რომ ეს არავის აინტერესებს. მომღერლების შემოსავლის წყარო სიმღერაა, საქართველოში კი კონცერტები აღარ ტარდება. გულდასაწყვეტია, მაგრამ რას ვიზამთ?

– ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მამათქვენი, თემურ ქარსელაძე დააკავეს...

– დიახ, ყველგან დაიწერა, ნინი ქარსელაძის მამა დაიჭირესო. როცა მამა პირველად დააკავეს, ირმა ნადირაშვილმა გაავრცელა ეს ინფორმაცია, მაშინ ჟურნალისტურ საქმიანობას ეწეოდა. მახსოვს, სკოლის მოსწავლე ვიყავი, ირმა მთელი დღის განმავლობაში პირდაპირ ეთერში თუთიყუშივით აცხადებდა: შეგახსენებთ, თემურ ქარსელაძე პატარა მომღერლის, ნინი ქარსელაძის მამა გახლავთო. მძიმედ გადავიტანე ის დღე და ვერ ვივიწყებ... თქვენი გაზეთი მეშვეობით მივმართავ ირმა ნადირაშვილს - ღმერთი მაღალია და რასაც აკეთებ, ბუმერანგივით უკან გიბრუნდება. არ ვუსურვებ, როგორც მე მატკინა გული, ასეთი რამ თავის თავზე გამოცადოს. მე ვამაყობ მამაჩემით. ვინც მამაჩემზე რამეს ამბობს, იკითხონ მამაჩემის გვარ-სახელი და მიხვდებიან, რა ადამიანზეა ლაპარაკი. ჟურნალისტებმა წერონ და იკითხონ, რაც უნდათ. მამაჩემი ძალიან მაგარი ადამიანია.

ინტერვიუ სრულად იხილეთ გაზეთ "ყველა სიახლის" ოთხშაბათის ნომერში.