"ნომერი მომეციო და უარი რომ ვუთხარი, დანა მესროლა... თავი მაქვს გატეხილი" - მომღერალს თავს დაესხნენ - კვირის პალიტრა

"ნომერი მომეციო და უარი რომ ვუთხარი, დანა მესროლა... თავი მაქვს გატეხილი" - მომღერალს თავს დაესხნენ

"ფეისბუქზე მომივიდა უცნაური წერილი "შენ თუ არა, მე მაინც გნახავო". სხვას ნამდვილად ვერაფერს ვუკავშირებ"

"უბრალოდ ნომერი უნდოდა და მერე დანა მესროლა"

სალომე ტეტიაშვილს, რომელმაც თავისი სიმღერით ბოლო პერიოდში სოციალური ქსელები დაიპყრო და საზოგადოებაში დიდი პოპულარობა მოიპოვა, თავს დაესხნენ. გუშინწინ, გვიან ღამით ყაზბეგის ქუჩაზე ბარიდან გამოსულ სალომეს მამაკაცი დახვდა, რომელმაც მომღერალს ტელეფონის ნომერი მოსთხოვა. უარის მიღების შემდეგ, დაკეცილი ჯიბის დანა ამოიღო და სახეში ესროლა. მომღერალმა ამ თავდასხმის შედეგად გონება დაკარგა და თავი გაიტეხა. თავდამსხმელმა გონზე მოსული სალომე დაინახა თუ არა, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. თვითონ მომღერალი ამ ფაქტს ფეისბუქზე ცოტა ხნის წინ მიწერილ შეტყობინებას უკავშირებს.

სალომე ტეტიაშვილი:

- ბენდთან ერთად ბარში ვიყავი მოლაპარაკებაზე და იქიდან რომ გამოვედი, მაშინ მოხდა ეს ამბავი. ალბათ რიგითი მსმენელი იყო, ნამდვილად არ ვიცნობდი. ნომერი მომეციო და უარი რომ ვუთხარი დანა მესროლა. სიმთვრალის არაფერი ეტყობოდა, ნამდვილად ფხიზელი იყო. მერე გონება დავკარგე, გონზე რომ მოვედი, უკვე სახლის ტერიტორიაზე ვიყავი. არავინ დამხმარებია, თვითონ ამ ტიპმა რომ დააფიქსირა, უკვე გონს ვიყავი მოსული, წავიდა. არ მახსოვს სახლამდე მისვლა როგორ მოვახერხე. თავი მაქვს გატეხილი, მაგრამ როგორც ექიმმა მითხრა, მძიმე დაზიანება არ არის. რაც მთავარია კონცერტის გამართვაში ხელი არ შემეშლება.

- რას შეგიძლია, რომ დაუკავშირო ეს ფაქტი?

- ძარცვის ფაქტი არ ყოფილა და რა დავარქვა ამ ყველაფერს, არ ვიცი. უბრალოდ ნომერი უნდოდა და მერე დანა მესროლა. ნორმალური ადამიანი ამას არ აკეთებს. არც უხეშად მიპასუხია და თუნდაც ასე ყოფილიყო, მემგონი ქალთან მიმართებაში ასე მოქცევა არ შეიძლება. არც არავინ დამმუქრებია აქამდე, ერთადერთი ფეისბუქზე მომივიდა უცნაური წერილი "შენ თუ არა, მე მაინც გნახავო". სხვას ნამდვილად ვერაფერს ვუკავშირებ. არ ვიცი, ეს ადამიანი იყო თუ არა, მაგრამ დაფარული წერილი იყო, არც სახელი და გვარი ეწერა, ყველაფერი დაბლოკილი ჰქონდა. ერთადერთი ამას შეიძლება დავუკავშირო, თორემ კონკრეტულად სხვა არაფერი მახსენდება. ეს ადამიანი შეიძლება ახლა ვერც ვიცნო, ისეთ აფექტის მდგომარეობაში ვიყავი იმ დროს, რომ ნამდვილად ვერ დავიმახსოვრებდი. ახლა ქუჩაში მარტო ვეღარ გავდივარ, შინაგანად შიში დამრჩა.

- სამართალდამცავებს რატომ არ მიმართე?

- პატრულს არ გამოვუძახე, რადგან ამას უკვე ძალიან დიდი ამბები და ზედმეტი პრობლემები მოყვებოდა.

ასევე იხილეთ: ვიდეოგალერეა - ქართველი ინტერნეტვარსკვლავი არაჩვეულებრივი ხმით- სალომე ტეტიაშვილი

ეკა ჩიკვაიძე (სპეციალურად საიტისთვის)