"უფროს თაობას არ მოსწონს ჩვენი მაიმუნობა. ახლები პირიქით, გიჟდებიან" – ჰიტად ქცეული სამეული და "ნირვანა" ექსკლუზიურად - კვირის პალიტრა

"უფროს თაობას არ მოსწონს ჩვენი მაიმუნობა. ახლები პირიქით, გიჟდებიან" – ჰიტად ქცეული სამეული და "ნირვანა" ექსკლუზიურად

ეს სამეული სოციალურ ქსელებში ამ ბოლო დროს დიდი პოპულარობით სარგებლობს. მათ მიერ ფეისბუქით გაზიარებულ, ბითბოქსის სტილში შესრულებულ სიმღერას, როგორც იტყვიან, ვისაც არ ეზარებოდა, ყველა აზიარებდა. განსხვავებული სტილი საზოგადოებამ მაშინვე აიტაცა და ბიჭების ნიჭს სხვადასხვა ასპექტში განიხილავენ.. მოკლედ, ვისაც გაინტერესებთ: გუგა ჭყონია, ლაშა ნიკოლეიშვილი და ირაკლი პაპინაშვილი, სამივე 20 წლის, ყოფილი კლასელები და ახლა უკვე კურსელებიც. ყველაფერს ერთად აკეთებენ, ეს საქმეც ერთად წამოიწყეს. გუგამ ბითბოქსის ნიჭი ცოტა ხნის წინ ჯერ "ნიჭიერში" გამოავლინა. მათ შორის ყველაზე აქტიურიც ის არის. "ნიჭიერი"-ს შემდეგ გუგას დანარჩენებიც შეუერთდნენ. ხალხის რეაქცია აინტერესებდათ, ჰოდა, ვიდეო გადაიღეს და myvideo -ზე გაავრცელეს. ცნობისთვის, შეყვარებული არცერთს არ ჰყავს.

ლაშა: ირაკლის ბედი გაეხსნა. ვიდეოს კომენტარებში ვიღაცამ დაუწერა: "მოვჯადოვდი". ეტყობა იმ პიროვნებას გონია, რომ არ გვინახავს, მაგრამ ნახა ირაკლიმ და ამ წუთას ისიც "მოჯადოებულია".

ირაკლი: აშკარაა, ბედი გამეხსნა. ისე შეყვარებული მართლა არცერთს არ გვყავს.

სანამ შეყვარებულებს შეარჩევენ, მანამდე კიდევ ახალ ვიდეოზე მუშაობენ. აქამდე თუ კარადაზე დადებული კამერით იწვალეს ვიდეოს გადაღება, ახლა უფრო პროფესიონალურ ვიდეორგოლს გვპირდებიან.

ირაკლი: უფროს თაობას არ მოსწონს ჩვენი მაიმუნობა. ახლები პირიქით, გიჟდებიან.

გუგა: დიდი ხანი არ არის, რაც ამას ვაკეთებთ. ადრე უბრალოდ ვერთობოდით. ხალხის რეაქციებიდან გამომდინარე, დღეს უკვე სერიოზულად ვუყურებთ ამ ყველაფერს. ახლა ახალი ვიდეოს გადაღებას ვაპირებთ და დაახლოებით ერთ კვირაში უკვე მზად იქნება, თავისი პროფესიონალური მონტაჟით და ახალი სიმღერებით.

ლაშა: ყველაზე მეტად გუგა მოსწონთ. "ეს შუანა ყველაზე მაგარიაო"-წერენ.

- კომენტარებში გირჩევდნენ ვოკალისტი დაიმატეთო, ახალ წევრს ხომ არ იმატებთ?

გუგა: ვოკალში "მოვისლაბებთ" ანუ..

ლაშა: ყველამ იცოდეს, რომ ჩვენ მომღერლები არ ვართ. მომღერლის დონეზე, მოყვარულები გამოდივართ.

გუგა: ეს ჯერ ჩვენი სტარტია. არ ვიცი, ვინმეს დავიმატებთ თუ არა და საერთოდ ჯგუფს რას დავარქმევთ, არც ეს ვიცით. საზღვარგარეთ არიან ასეთი ჯგუფები, მაგრამ საქართველოში არ მსმენია. მემგონი, საქართველოს დონისთვის ჯერჯერობით ცუდი არ უნდა იყოს.

- ოჯახში რას ამბობენ ამაზე, რასაც თქვენ აკეთებთ?

ირაკლი: გაგიჟებულები არიან. რომ ვანახე, ეს რა არის, რას აპრუწუნებთო? აი ასეთი რეაქციები იყო.

გუგა: ძირითადად, სწავლას მიხედეთო, გვეუბნებიან.

ლაშა: სწავლას როგორ მივხედო, როცა ყველა საგანი მეტენება?

გუგა: ეს შავი პიარია..არ გინდა მაინც.

- რა ინსტრუმენტებია თქვენს რეპერტუარში?

გუგა: "დრამი" გვაქვს უხვად. აჭარულში გუდასტვირის ხმა იყო, გვაქვს კიდევ ბასგიტარა თუ რაღაც მსგავსი. არც ვიცით, რას ვაკეთებთ, რაც გამოგვივა, ეგ არის. ახლა დოლის და ჩონგურის დამატებასაც ვაპირებთ. აქცენტი ინსტრუმენტებზე არ გვაქვს გაკეთებული. მთავარია მაქსიმალურად კარგად იმიტირებული იყოს. გათვლას ვაკეთებთ იმაზე, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს მოსწონდეს ეს სიმღერები. მაგალითად, let it be არა მგონია ვინმეს არ მოსწონდეს.

სანამ ინტერნეტსივრცეში ს ახალი ვიდეო გამოჩნდება, მანამდე ექსკლუზიურად  palitratv-ს მაყურებლებისათვის  ბიჭები Nirvana-ს Smells Like Teen Spirit-ს (გადადით ბმულზე) თავისი ახალი რეპერტუარიდან შეგვისრულებენ.

ეკა ჩიკვაიძე (სპეციალურად საიტისთვის)