"თუ გვეხმარებით, მადლობა, თუ აღარ, გვითხარით!" - ეკა ანდრონიკაშვილი ივანიშვილის მეცენატობაზე - კვირის პალიტრა

"თუ გვეხმარებით, მადლობა, თუ აღარ, გვითხარით!" - ეკა ანდრონიკაშვილი ივანიშვილის მეცენატობაზე

"თუ წლების განმავლობაში ფინანსურად ეხმარები ადამიანებს და მერე უწყვეტ, მაშინ გამოაცხადე და გააფრთხილე"

"მსახიობების დახმარებაზე წინა მთავრობა ფიქრობდა და არც ამჟამინდელი იკლავს თავს"

თუმანიშვილის თეატრის მსახიობის, ეკა ანდრონიკაშვილის განცხადება, ,,ბიძინა ივანიშვილმა მსახიობებს დახმარება მოუხსნა" -ო, საზოგადოებაში მსჯელობის საგნად იქცა.  მათი ნაწილი მსახიობებს ,,ლანძღავს"", ნაწილი კი ივანიშვილს აკრიტიკებს.

ეკა ანდრონიკაშვილი:

- ეს პოსტი დავწერე, როგორც რიგითმა მოქალაქემ. მერე მომწერეს, რომ თებერვლის ბოლოს შეიძლება ეს საკითხი გადაწყდეს.

- როდიდან იყო ეს დახმარება, რამდენი იყო და რამ გამოიწვია თქვენი განაწყენება?

-დავსვი კითხვა, გაუგებარია, რა ხდება და იქნებ ვინმემ გაგვაგებინოს-მეთქი. შეიძლება, ჩემი პოსტის შემდეგ დაჩქარდა ამის გადაწყვეტა, თორემ სხვა არაფერი.

- რა თანხას იღებდით ყოველთვიურად?

- ყველა მსახიობი წლების განმავლობაში სხვადასხვა თანხას იღებდა, იმის მიხედვით, რამდენსაც საჭიროდ ჩათვლიდა მეცენატი, რომელიც გვირიგებდა.

- თუ ეთანხმებით კომენტარებს, სადაც წერენ, რომ ბიძინა ივანიშვილს აღარ ჭირდება, ვინმეს დაეხმაროს, მან საკუთარ სურვილს უკვე მიაღწია და მსახიობებს ამიტომ შეუწყვიტა დახმარება?

- არა, მე ამას არ ვეთანხმები და კიდეც დავწერე, რომ პოლიტიკური კუთხით ამ პრობლემას არ განვიხილავ. მე ამ საკითხს ვსვამ სოციალური კუთხით.

- თქვენ პოსტზე კომენტარების შემდეგ ხომ არ გეუხერხულებათ, ამდენი ხანი რომ იღებდით ამ დახმარებას და ახლა პროტესტს გამოთქვამთ?

- არანაირად არ მეუხერხულება, რადგან თუ გვეხმარებიან, მადლობის მეტი რა მეთქმის, თუ აღარ გვეხმარებიან და ეგეც უნდა ითქვას. თუ ადამიანებს უწყდებათ დახმარება, ვიღაცამ დასდოს პატივი და უთხრას, რომ უწყდებათ, თორემ პრეტენზიას ხომ არ გამოვხატავ, გინდა თუ არა, ფული მომეცით-მეთქი. თუ წლების განმავლობაში ეხმარები ადამიანებს და მერე უწყვეტ, მაშინ გამოაცხადე და გააფრთხილე. თუ არ უწყვეტ, ესეც უთხარი, რომ ნუ ინერვიულებ, ჩვენ ამაზე ვფიქრობთ. ვიღაცამ მომწერა, თებერვლის ბოლოს გაირკვევა ეს საკითხიო.

- რას იზამთ, თუ აღარ გაგრძელდა ეს დახმარება?

- თუ არ გაგრძელდა, პრეტენზია ვერავის ვერ ექნება, რატომ არ მეხმარებიო. უბრალოდ გვეცოდინება, რომ დახმარებას არ უნდა ველოდოთ.

- რომ შეწყდეს, განაწყენდებით ივანიშვილზე?

- მე ის მწყინს, რომ ამ ქვეყანაში ხელოვანი ადამიანი არის საერთოდ მივიწყებული და მეათეხარისხოვანი. ჩვენთან სპონსორის და მეცენატის ინსტიტუტი არ არსებობს.

- მთავრობის შეცვლის შემდეგაც ცვლილება არ იგრძნობა?

- არც წინა მთავრობა ფიქრობდა ამაზე და არც ამჟამინდელი იკლავს თავს. ვინც ფიქრობდა, ჯერ-ჯერობით იმანაც შეწყვიტა.

ზაზა გიგაური (სპეციალურად საიტისთვის)