მივცეთ, არ მივცეთ - პოლიტიზებული ოსკარი
10-03-2014
მივცეთ, არ მივცეთ - პოლიტიზებული ოსკარი
დი კაპრიოს კვლავ არ მისცეს...

ფაქტია: წლევანდელი "ოსკარის" მთავარი ინტრიგა ის იყო, ბოლოს და ბოლოს, მისცემდნენ თუ არა ლეონარდო დი კაპრიოს "ოსკარს". "ტიტანიკის" ვარსკვლავი რამდენიმე წელია, ტყავიდან ძვრება, დაჟინებით ცდილობს, ნანატრ ჯილდოს დაეუფლოს, მაგრამ ამაოდ. ამ წელსაც თავი არ დაზოგა, ჯერ "დიდ გეტსბიში" მოგვხიბლა, მერე კი "უოლ-სტრიტის მგელში" მართლაც კარიერის საუკეთესო შესრულება "დადო", მაგრამ მაინც ხელცარიელი დარჩა.

მისი თაყვანისმცემლების აზრით, აკადემიის ასეთი უმადურობა უბრალოდ ღორობაა, კრიტიკოსების ნაწილი კი თვლის, რომ
სანამ დი კაპრიო მართლა ტყავიდან არ ამოძვრება, "კაი ტიპის" იმიჯს არ მოიშორებს და განსხვავებულ როლს არ ითამაშებს, მანამდე ოქროს კაცუნას ვერ ეღირსება. ცერემონიალამდე და მერეც ინტერნეტი წალეკა უიღბლო ლეონარდოზე გაკეთებულმა ფოტოკომიქსებმა და ვიდეოშარჟებმა.



ჯულია, ესეც შენ!

- ასე მიმართა ქალთა შორის საუკეთესო მთავარი როლის შესრულებისთვის
დაჯილდოებულმა ქეით ბლანშეტმა კოლეგასა და კონკურენტს "ოსკარზე" ჯულია რობერტსს. ბლანშეტის სამსახიობო ოსტატობაში ეჭვი არც აქამდე ეპარებოდა ვინმეს, მაგრამ "ცისფერ ჟასმინში" მართლაც ფენომენალურად ითამაშა და "ოსკარიც" დამსახურებულად მიიღო. გამარჯვება მით უფრო ფასეულია, რაც უფრო ძლიერი კონკურენტები გყავს. ამ მხრივ ბლანშეტის ტრიუმფი მართლაც შთამბეჭდავია: მის მეტოქეებს შორის, ჯულიასა და სანდრა ბალოკის გარდა, იყო თვით ცოცხალი ლეგენდა - მერილ სტრიპიც, რომლისთვისაც ეს, არც მეტი, არც ნაკლები, მეთვრამეტე ნომინაცია გახლდათ.





მაკკონაჰის დიდებული ტრანსფორმაცია

ის, რაც დი კაპრიომ წლებია ვერ მოიხელთა, სულ იოლად მოიპოვა მეთიუ მაკკონაჰიმ - სულ რაღაც ორ წელიწადში კაი ტიპის იმიჯის მქონე, ძალიან სიმპათიურ, მაგრამ საშუალო დონის მსახიობისგან პროფესიონალ შემსრულებლად გარდაიქმნა. მაკკონაჰის ტრანსფორმაცია მართლაც შთამბეჭდავია - თუ ორი წლის წინ მსახიობი როლებზე მეტად დაკუნთული სხეულით იყო ცნობილი, ახლა მის მიერ შესრულებულმა შიდსით დაავადებული კოვბოის როლმა "დალასის შემსყიდველთა კლუბში" ყველაზე სკეპტიკურად განწყობილი კრიტიკოსებიც კი დაადუმა. მიუხედავად დი კაპრიოს თაყვანისმცემელთა მოთქმისა, იმის თქმა, მეთიუს ჯილდო არ ეკუთვნოდაო, არავის გაუბედავს.
სამაგიეროდ, დიდი ამბავი მოჰყვა მის სიტყვას ჯილდოს გადაცემის ცერემონიალზე. გასაკვირიც არაფერია - მაკკონაჰიმ მთელი ორი წუთი ილაპარაკა... ღმერთზე. "ჩემს ცხოვრებაში იყო მომენტები, შესაძლებლობები, რომლებიც მოდიოდა არა ადამიანებისგან, არამედ უფლისგან. აქამდე მოღწევაშიც იგი დამეხმარა",  - განაცხადა სამხრეთელმა მსახიობმა. მისმა სიტყვამ საზოგადოებაში ორგვაროვანი რეაქცია გამოიწვია: მორწმუნეები ამბობენ, რომ უკეთესი სიტყვა "ოსკარზე" არავის უთქვამს, ათეისტებს კი ვერ გაუგიათ, მაკკონაჰი, რომელიც ინტელექტის ნაკლებობას აშკარად არ უჩივის, რატომ არის მორწმუნე.

სარკევ, სარკევ, ვინ არის ჩემზე ლამაზი? – ჯარედ ლეტო!


შესაშური გარეგნობის მქონე ლეტომ უკვე არაერთხელ დაამტკიცა, რომ მშვენიერი მსახიობია და სრულიად დამსახურებულადაც მიიღო "ოსკარი" საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლისათვის. ლეტომ მაკკონაჰის მსგავსად იშიმშილა, რათა მასთან ერთად "დალასელ შემსყიდველთა კლუბში" შიდსით დაავადებული ტრანსსექსუალის როლი შეესრულებინა. ჰო, მართლა, ლეტოს სამადლობელი სიტყვა რუსეთში ამოჭრეს - მსახიობმა საჯაროდ გამოუცხადა უკრაინას მხარდაჭერა. ვოტ ტაკ, ვოტ!








როცა პოლიტკორექტულობა ხელოვნებაზე მაღლა დგას

- სწორედ ასე შეაფასა კინოკრიტიკოსთა დიდმა ნაწილმა საუკეთესო ფილმების კატეგორიაში "მონობის თორმეტი წელი" და ქალის საუკეთესო მეორეხარისხოვან როლში ახალბედა ლუპიტა ნუონგოს გამარჯვება. "მონობის თორმეტი წელი" სამსაათიანი დრამაა, დაფუძნებული მონად გაყიდული თავისუფალი შავკანიანის ნამდვილ ამბავზე. მთავარი როლის შემსრულებელი, ჩიუატელ ეჯიოფორიც, წარდგენილი იყო "ოსკარზე", მაგრამ აქ უკვე ორი პოლიტკორექტული თემა შეეჯახა ერთმანეთს - შიდსი და რასიზმი და საბოლოოდ, აშკარად უფრო შთამბეჭდავმა მაკკონაჰიმ იმძლავრა. რაც შეეხება თავად "მონობას", ეს შავკანიანი რეჟისორის, სტივ მაკქუინის მესამე ფილმია. მაკქუინი სულ რაღაც 4 წელიწადში იქცა ჰოლივუდის ერთ-ერთ პერსპექტიულ რეჟისორად, მაგრამ კრიტიკოსებიც და საზოგადოების დიდი ნაწილიც ერთში თანხმდება - "მონობა" სტივის ყველაზე სუსტი ფილმია და რომ არა რასიზმის მტკივნეული თემა და პროდიუსერ ბრედ პიტის რეპუტაცია, ფილმს "ოსკარის" მოპოვების შანსი არ ჰქონდა.

ალფონსო ქუარონის ტრიუმფი

საუკეთესო რეჟისურისთვის "ოსკარი" გადაეცა ესპანელ მასტერმაინდს, ალფონსო ქუარონს ფილმ "გრავიტაციის" გადაღებისათვის. "გრავიტაციამ" ფილმებისთვის განკუთვნილი თითქმის ყველა ნომინაცია მოხვეტა, გარდა საუკეთესო ფილმისა, და ისიც ზემოთ აღწერილი მიზეზების გამო დათმო. დიდებულად ითამაშა მთავარი როლის შემსრულებელმა სანდრა ბალოკმაც, მაგრამ როგორც ვახსენეთ, ქეით ბლანშეტი წელს უბრალოდ შეუდარებელი იყო.

პიცა, "სელფშუტები" და უკბილო ხუმრობები

წესით, 86-ე დაჯილდოების მიმოხილვა წამყვანით უნდა დაგვეწყო, მაგრამ ეს ის იშვიათი მომენტია, როდესაც დონალდ ტრამპს ყველა ეთანხმება. "ელენს ძალიან ვაფასებ, მაგრამ წლევანდელი ცერემონია აშკარად ჩააგდო. ენა ებმებოდა და იფხორებოდა", - ასე შეაფასა ცნობილი წამყვანი ოდიოზურმა მულტიმილიონერმა. თუმცა, ელენ დეჯენერესმა თავი მაინც დაგვამახსოვრა - უპირველესად დარბაზში დარიგებული პიცითა და მერე ვარსკვლავების საერთო "სელფშუტით", რომელიც ტვიტერზე ყველაზე გაზიარებად ფოტოდ იქცა.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით