ორი ვარსკვლავი" - ჩაშლილი შოუ თუ უსამართლო კრიტიკა? - კვირის პალიტრა

ორი ვარსკვლავი" - ჩაშლილი შოუ თუ უსამართლო კრიტიკა?

ნინა წკრიალაშვილი: "როგორ შეიძლება ამდენი ილაპარაკო,  იმან ეს ნოტი ვერ აიღოო... ადექი და გაერთე, თუ არა და გადართე!"

"ჩვენს წყვილზე არ ყოფილა არც ერთი უარყოფითი შეფასება... 90% სოციალურ ქსელში ამაზე წერდა, ე.ი. შოუს ძალიან მაღალი რეიტინგი აქვს"

ლაშა ღლონტი: "ამ შოუს შემდეგ ძროხებიც კი დაყრუვდნენ"

"იმედის" არხზე ახალი შოუ "ორი ვარსკვლავი" დაიწყო, სადაც პროფესიონალ მომღერლებთან ერთად საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანებიც მღერიან. შოუს გახსნითმა კონცერტმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ინტერნეტსივრცეში. მაყურებლის კრიტიკის ობიექტი როგორც კონკურსანტები, ასევე წამყვანებიც გახდნენ. სოციალურ ქსელებში პროექტის პირველ ტურს "მწვავე" შეფასებები მოჰყვა, მათ შორის ცნობილი ადამიანებისგან;

მაგალითად, გააკრიტიკეს შოუს პროდიუსერი ნოე სულაბერიძე. მომღერალმა ლაშა ღლონტმა კი დაწერა: "ამ შოუს შემდეგ ძროხებიც კი დაყრუვდნენო"... ""რუსთავი 2"-ის "მარკეტინგის დირექტორმა გეგა ფალავანდიშვილმა ნოე სულაბერიძეს მადლობა გადაუხადა გამხიარულებისთვის. როგორც შოუს პროდიუსერი ამბობს, ამხელა აჟიოტაჟი იმას ნიშნავს, რომ მთელმა საქართველომ უყურა და რეიტინგებში ლიდერობს. "კონკურენტი ტელეკომპანიის თანამშრომლები თუ რამეს დაწერენ, ეს ტრაგედია არ არის", - ამბობს ნოე სულაბერიძე. "კვირის პალიტრა" შოუს მონაწილეებს გაესაუბრა:

ნინო გაჩეჩილაძე, მსახიობი: - მართლაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა ამ შოუს. პროექტის ოფიციალურ ინტერნეტგვერდზე კომენტარები წავიკითხე. ქართველები ყველა სიახლეს აჟიოტაჟით ხვდებიან: ბევრი რამ მიუღებელია მათთვის, ბევრიც - მისაღები. ამ შემთხვევაში შესაძლოა კონკურსანტების მომზადების დონით იყვნენ უკმაყოფილო. შეიძლება მეტ სანახაობას ელოდნენ, ვერ გეტყვით, რა მოხდა... ჩვენს წყვილზე არ ყოფილა არც ერთი უარყოფითი შეფასება, რაც ძალიან მახარებს და მეამაყება. ალბათ, ეს ნიკო ბერიძის დიდი დამსახურებაა, რომელიც მამხნევებს და ყველანაირად მეხმარება.

- ჟიურის შეფასებით კმაყოფილი თუ ხართ?

- ცხრიანი ნამდვილად არ არის დაბალი ქულა. პირველი ტური საპრეზენტაციო იყო  და ქულებს დიდი მნიშვნელობა არ ენიჭებოდა. შეფასებები შემდეგ ტურზე იწერება. არ ვიცი, რა განსაკუთრებულ სანახაობას ელოდებოდა ჟიური? სიმღერა, რომელსაც ასრულებ, უნდა გაძლევდეს იმის საშუალებას, რომ დადგა ან ცეკვა, ან რაღაც მიზანსცენა. ჩვენ ის შევასრულეთ, რაც ქორეოგრაფებმა დაგვიდგეს. პრეტენზია უფრო ქორეოგრაფებსა და რეჟისორთან ჰქონდათ, ვიდრე ჩვენთან. ვნახოთ შემდეგ რა გამოგვივა...

- როგორ ფიქრობთ, შედგა შოუ?

- რა თქმა უნდა! 90% სოციალურ ქსელში ამაზე წერდა, ე.ი. შოუს ძალიან მაღალი რეიტინგი აქვს, მოსახლეობის დიდმა ნაწილმა უყურა.

ნინა წკრიალაშვილი, მომღერალი: "დარწმუნებული ვარ, მეორე ტურს უფრო მეტი უყურებს. ვაღიარებ, რომ იყო პატარ-პატარა ლაფსუსი, მეორე ტურში აუცილებლად გამოსწორებული იქნება. რაც შეეხება იმას, თუ რატომ გაგვაკრიტიკეს ასე მწარედ, გეტყვით: ჩვენი პარტნიორები სულაც არ არიან ვალდებული, პროფესიონალურად იმღერონ... ცეკვებში უფრო მეტ შეცდომას ვუშვებდით ყველა, მაგრამ ამას ვერავინ ამჩნევდა, მაგრამ ყურში რომ გესმის, მაშინვე გხვდება. მე ძალიან ნიჭიერი პარტნიორი მყავს, გვინდა, ლამაზი ნომრები გვქონდეს. კრიტიკა ადვილია, გაკეთებაა ძნელი. ეს ხომ გასართობი შოუა, როგორ შეიძლება ამდენი ილაპარაკო,  იმან ეს ნოტი ვერ აიღოო... ადექი და გაერთე, თუ არა და გადართე!"

ქეთი საგინაშვილი