თეონა კონტრიძე: ”ქართლის დედა ჩემთვის არის სიმბოლო და არა სიწმინდე” - კვირის პალიტრა

თეონა კონტრიძე: ”ქართლის დედა ჩემთვის არის სიმბოლო და არა სიწმინდე”

”რაში გამოიხატება ჩემი აგდებულობა ერის მიმართ მართლა ვერ ვხვდები.... ჯერ ერთი მე ერს კი არა, დავით კოვზირიძეს ვესაუბრებოდი” - გვითხრა ცნობილმა მომღერალმა თეონა კონტრიძემ, რომელსაც მის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟის შესახებ ვესაუბრეთ...

თეონა კონტრიძე, მომღერალი:

- ჩემი თითქმის ყველა სიტყვა და ნაბიჯი საქართველოში რატომღაც ეპატაჟურ სახეს იღებს, თუმცა არაფერი ზებუნებრივი არ მითქვამს. ქართლის დედა ჩემთვის არის სიმბოლო და არა სიწმინდე. მგონი, ყველაფერთან ერთად ქართველებმა იუმორიც დავკარგეთ, არადა, რა კარგად ვღადაობდით, რა ლაღი და ხალისიანი ერი ვიყავით ერთ დროს...

- რას გულისხმობდით, როცა თქვით, რომ ქართლის დედას ფალოსი აქვსო?

- ჯერ ერთი, ბევრმა გამიგო, ვინც ვერ გამიგო, მისი პრობლემაა. ბოლოს და ბოლოს, ლარს ფონ ტრიერი გამოაგდეს კანის ფესტივალიდან... ბოლო 20 წლის განმავლობაში ქართველმა ქალმა აიღო ძალიან დიდი ტვირთი თავის თავზე. დედები და მეუღლეები საზღვარგარეთ დამლაგებლებად, მომვლელებად, მოსამსახურეებად მუშაობენ, ამ დროს კი იმავე ოჯახის მამრები ბირჟაზე დგანან და ”ბლატაობენ”. ქართველი ქალის გაბრუტალურებაზე ვილაპარაკე და ეს გაბრუტალურება სიტუაციამ მოიტანა და არა სურვილმა... ჩემი გაკიცხვისა და ჩაქოლვის მოთხოვნა კი, ჩვენი საზოგადოების ტრენდია!!!

- აგრესია მოჰყვა თქვენს ფრაზას ქალებთან ფლირტზეც...

- ეგ უკვე ჩემი პირადია და ნაკლებად მაინტერესებს საზოგადოების აზრი.

- ითქვა, საქართველოსთვის იმდენი არ გაუკეთებია, რაც პარტიული რუსეთისთვისო...

- საქართველოს სახელით მოვიგე 3 საერთაშორისო კონკურსი და ახლა გზებს ვერ დავაგებ...

- თითქოს სხვა საქართველოს ელოდით და სხვა დაგხვდათ...

- არა, ზუსტად ასეთს ველოდი... მე კარგი ანალიტიკური აზროვნება მაქვს და ვხვდები - из осинки не родятся апельсинки! არა უშავს, ჩემი პოზიტიური აზროვნება და იუმორი ყველაფერს გაუძლებს... საბედნიეროდ, საცხოვრებელი არა მხოლოდ საქართველოში მაქვს!

- მაგრამ მხოლოდ ერთი სამშობლო გაქვთ!

- დიახ, სამშობლო ორი ვერ გექნება, ძალიანაც რომ გინდოდეს...

- რას ეტყოდით ქართველ ხალხს?

- რომ ამბობენ, საქართველოსთვის იმდენი არ გაუკეთებია, რამდენიც პარტიული რუსეთისთვისო, სხვათა შორის, საქართველოსაც არ გაუკეთებია ჩემთვის იმდენი, რაც პარტიულ რუსეთს... 20 წლის განმავლობაში პირველად ვმუშაობ საქართველოში და ხორცები დამაგლიჯა ხალხმა, სვავებივით იქცევიან... თქვენს მკითხველს ყველაფერი საუკეთესო მინდა ვუსურვო, ვინც ამ ინტერვიუს წაიკითხავს, მინდა ყველას მივეფერო და ვურჩიო, იყვნენ ტოლერანტული განსხვავებული აზრის მიმართ.

- რუსეთში არ გიგრძნიათ აგრესია?

- რუსეთში აგრესია კი არა, მლოკავს ხალხი...

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)