შერონ სტოუნი - "ძირითადი ინსტინქტის" ლეგენდა - კვირის პალიტრა

შერონ სტოუნი - "ძირითადი ინსტინქტის" ლეგენდა

ამ ქერა ლამაზმანს, "ძირითადი ინსტინქტის" ვარსკვლავს, 10 მარტს 56 წელი შეუსრულდა. კლასიკური Femme fatale  – საბედისწერო ქალი 10-დან 8 შემთხვევაში წითელ ხალიჩაზე გამოსვლისას კოჭებამდე სექსუალურ კაბას ირჩევს, ღრმა დეკოლტეთი. უმეტესწილად მისი სამოსი რობერტო კავალისაა, დიზაინერის, რომელთანაც მსახიობს დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებს.

2012 წლის აპრილში თანამედროვეობის სექსსიმბოლო "Vogue"-ის ადგილობრივი გამოცემის პატივსაცემად გამართულ ბრაზილიურ წვეულებაზე გაემართა და სწორედ იქ გაიცნო 27 წლის არგენტინელი მანეკენი მარტინ მიკა. ვარსკვლავები წვეულებიდან გაიპარნენ და თავი სასტუმროს ნომერს შეაფარეს.

სიყვარული ერთ ღამეზე გაცილებით მეტხანს გაგრძელდა.  მართალია, ავი ენები ამბობენ, რომ მარტინი შერონს ვარსკვლავობის გამო ეთაყვანება, მაგრამ მათი გაცნობიდან უკვე კარგა ხანი გავიდა და შერონს ერთხელაც არ შეჰპარვია ეჭვი თავისი რჩეულის გრძნობების სიწრფელეში.

ვერაფერი დააკლო წყვილის სიყვარულს დროდადრო გავრცელებულმა მითქმა-მოთქმამაც იმის შესახებ, თითქოს შერონი მიკას დაშორდა და ხან მილიარდერ მაიკლ ვადიიკთან, ხანაც ბრენტვუდში, სადაც მსახიობი ცხოვრობს, ვიღაც უცხო მამაკაცთან ერთად ნახეს. ამ ჭორებს მყისვე ეღებოდა ბოლო, როგორც კი მარტინი და შერონი ქუჩაში ერთად გამოჩნდებოდნენ. შერონიც უწინდებურად ატყვევებს ყველას მშვენიერი სხეულით, მარტინი კი კმაყოფილი სახით, ხელჩაკიდებული მიჰყვება და ამაყობს, რომ მის გვერდით ასეთი ქალია. არც ერთი არ ფიქრობს იმაზე, თუ როგორ დასრულდება მათი ურთიერთობა, ან რა საჭიროა ფიქრი, როცა ორივე ძალიან ბედნიერია!

სტოუნმა უკვე უხვი "მოსავალი" მოიმკა: სექსსიმბოლოს დიდება, ეროტიკული როლები, დღემდე მომნუსხველი მზერა და პლანეტის ყველაზე სექსუალური ქალების რეიტინგში ჯერ კიდევ პირველი პოზიცია! შერონმა ცოტათი, მაგრამ მაინც დაკარგა უწინდელი მოქნილობა. მიუხედავად ამისა, "ძირითადი ინსტინქტი" კვლავაც ბობოქრობს და მასზე მსოფლიოში მილიონობით მამაკაცი ოცნებობს.

თავად შერონის აღიარებით, ის მძიმედ ეგუებოდა ასაკის მომძლავრებას. "40 წლისა სააბაზანოში ჩავიკეტე ღვინის ბოთლით ხელში და გადავწყვიტე, სანამ საკუთარ თავს ისეთს არ მივიღებდი, როგორიც ვარ, იქიდან არ გამოვიდოდი... სახეს გამადიდებელი სარკით ვათვალიერებდი, ყველა ნაკვთის ცვლილებას ვაკვირდებოდი და სულ ვტიროდი", - იხსენებს სტოუნი და დასძენს, რომ სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა, ასაკს შეჰგუებოდა და ვარჯიშითა და რაციონალური კვებით სხეულის ფორმა შეენარჩუნებინა. მიუხედავად პლასტიკური ქირურგების წინადადებებისა, ვარსკვლავმა უარი განაცხადა ოპერაციებზე. ერთხელ ენამახვილურად იხუმრა და ამით ბევრ რეჟისორს "უკბინა": "თუ რეჟისორებს 40 წელზე ასაკოვან მსახიობებთან მუშაობა არ სურთ, ესე იგი, ისინი მსოფლიოში უდიდესი კრეტინები არიან". თუმცა, ეს პრობლემა მას არ დამუქრებია. მსახიობს უწინდებურად იღებენ. მისი ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარია დრამა "ლავლეისი" (2013), რომელიც პორნოვარსკვლავ ლინდა ლავლეისზე მოგვითხრობს. ფილმში შერონმა ლინდას დედა ითამაშა და ისე ოსტატურად გარდაიქმნა ნერვიულ შავთმიან ხანდაზმულ ქალად, რომ თაყვანისმცემლებმა ძლივს იცნეს. სტოუნის ყველაზე ვარსკვლავური როლი მაინც ლეგენდარული "ძირითადი ინსტინქტია", სადაც გაუწონასწორებელი მწერალი-ნიმფომანის როლს ასრულებს, რომელიც მამაკაცებს თავბრუს ახვევს და საწოლქვეშ ყინულის სატეხ დანას ინახავს. ჯულია რობერტსმა, მიშელ პფაიფერმა და მეგ რაიანმა ვერ გაბედეს ამ როლზე დათანხმება, სტოუნი კი, ისე დაჰყაბულდა, რომ არც სისხლიანი სიუჟეტის შეშინებია და არც გულახდილი სცენების. დათანხმდა და არც წაუგია: მეორე დილას სახელგანთქმულმა გაიღვიძა.

შერონი სამჯერ გათხოვდა. პირველი ქმარი პროდიუსერი ჯორჯ ინგლუნდ-უმცროსი გახლდათ; შემდეგ იყო სამწლიანი ქორწინება სცენარისტ მაიკლ გრინბერგთან, ხოლო 1989 წელს ცოლად გაჰყვა მედია-მოღვაწე ფილ ბრონშტაინს, გაზეთ "სან-ფრანცისკო ქრონიკლის" რედაქტორსა და ვიცე-პრეზიდენტს. მათი ქორწინება, რომლის დროსაც წყვილმა ვაჟი იშვილა, 6 წელს გაგრძელდა. როგორც ჩანს, შერონისთვის ბავშვები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ქმრები, რადგან უკვე განქორწინებულმა  კიდევ ორი ბავშვი იშვილა, რის თაობაზეც შემდგომ "Daily Mail"-ს განუცხადა: "ბავშვობაში  მიყვარდა ბიჭებთან თამაში, კარატე და უხეში თამაშები. ძალიან მიხარია, რომ ბიჭების დედა ვარ. არ ვიცი, როგორ პიროვნებებად ჩამოყალიბდებიან, მაგრამ შევეცდები, ჯენტლმენებად აღვზარდო".

მისი უფროსი ვაჟი, 14 წლის როენი, მამობილ ფილ ბრონშტაინთან ცხოვრობს, 9 წლის ლერდი და 7 წლის ქუინი კი - შერონთან. "ერთი ბავშვი ჩანთასავითაა, ყველგან თან წაიყვან, ორის ყოლა სასიამოვნოა, აი, სამი კი ნამდვილი ცირკია!" - ოხუნჯობს ვარსკვლავი.

თავად შერონს, ბავშვობაში თავგადასავლები არ აკლდა. "ჩემი მტანჯველის სახელიც კი მახსოვს - კარენი. ერთ დილას ღიმილით მითხრა: "მოდი, ვიმეგობროთ". გახარებულმა გაღიმებაც ვერ მოვასწარი, კარენმა უცებ ლაზათიანი სილა მითავაზა!.. როცა სახელი გავითქვი, კარენმა რომელიღაც გაზეთს მოუთხრო, რომ ბავშვობაში ძალიან ქედმაღალი ვიყავი!..  სანამ კარენი სოფლელ დედაკაცად გარდაიქმნებოდა, მე ნამდვილ გედად ვიქეცი!"

ბოლო 15 წელია ვარსკვლავი შიდსთან ბრძოლის საქმეში მსოფლიო ელჩია. იგი ხელმძღვანელობს ორგანიზაციას, რომელიც აივინფექციას შეისწავლის; აქვს მშვიდობის სამიტის პრემია და დალაი ლამა XIV-ის მეგობარია, რომელიც აღფრთოვანებულია შერონით.

სტოუნი, რომელსაც ერთ დროს "უშვილობის" დიაგნოზი დაუსვეს, ხშირად ამბობს, რომ კარგად იცის, რა არის ტკივილი.

მომზადებულია ინტერნეტის მასალების მიხედვით