რობერტ დე ნირო - "მორცხვი მანიაკი" სევდიანი თვალებით - კვირის პალიტრა

რობერტ დე ნირო - "მორცხვი მანიაკი" სევდიანი თვალებით

კოლეგები მისტერ რობერტ დე ნიროს ეძახიან, რაც ამერიკელებისთვის მისი ტალანტის აღიარებისა და პატივისცემის ნიშანია. მან 50-ზე მეტ ფილმში ითამაშა და უმეტესობა ჰოლივუდის ჰიტად იქცა. ძირითადად, მაგარ ბიჭებს”თამაშობდა, "ოსკარიც" ორჯერ მიიღო: პირველად ახალგაზრდა ვიტო კორლეონეს როლისთვის, მეორედ "ცოფიან ხარში" მთავარი როლის შესრულებისთვის.

რობერტ დე ნირო 1943 წლის 17 აგვისტოს დაიბადა ნიუ-იორკში და როგორც ყველა ნიუიორკელ ბიჭს, განგსტერები და კინო უყვარდა, ერთიც და მეორეც წარმოსახვას უღვივებდა. ბანდიტებთან მეგობრობდა და მეტსახელიც კი ჰქონდა - ფერმკრთალ ბიჭს "რძის ბობის" ეძახდნენ. რეკეტი, ნარკოტიკები, მეძავები - აი, რა იტაცებდა მომავალ კინოვარსკვლავს. სამსახიობო განათლება ლი სტრასბერგის სტუდიაში მიიღო. როგორც კი სრულწლოვანი გახდა, საფრანგეთს მიაშურა, სადაც 1956 წელს პირველად გადაიღეს მარსელ კარნეს ფილში "სამი ოთახი მანჰეტენზე". შემდეგ ამერიკაში დაბრუნდა და ჰოლივუდს შეუტია და თავიდან მეორეხარისხოვან როლებს თამაშობდა...

ასეთივე შემტევი იყო მისტერ დე ნირო ქალებთანაც. ჭკუას კარგავდა ფერადკანიან ლამაზმანებზე. "მიყვარს შავი ყავა და შავი ქალები", - ამბობდა მსახიობი.

შელი უინტერსი–(ჰოლივუდის ვარსკვლავი) მის ცხოვრებაში მაშინ გამოჩნდა, როცა დე ნირო ჯერ კიდევ ლი სტრასბერგის სტუდიაში სწავლობდა. გამხდარი და  ფერმკრთალი ბიჭი, უღიმღამო გარეგნობის გამო ქალების გულს მაინცდამაინც ვერ იპყრობდა. რობერტი შეილიმ ნიუ-იორკის ერთ-ერთ რესტორანში იპოვა, სადაც შოუში გამოდიოდა და მაშინვე მის მფარველად იქცა: დაჰყავდა ელიტურ წვეულებებზე, აცნობდა შოუბიზნესის წარმომადგენლებს. 1963 წელს დე ნირო გადაიღეს ფილმში"ქორწილი", შემდეგ კიდევ რამდენიმე როლი ერგო, რომლებიც მაყურებელს შეუმჩნეველი დარჩა. ცოტა ხანში შელისაც დაშორდა, რადგან ქალმა რამდენჯერმე გაზეთში კარგ საყვარლად მოიხსენია, თუმცა შემდეგ აუხსნა, რომ ნებისმიერი სკანდალური განცხადება რეკლამაა. ბობიმ ქალი მაინც მიატოვა.

10 წლის განმავლობაში იღებდნენ ფილმებში, თუმცა წარმატებას მაინც ვერ მიაღწია და ის იყო, სხვა საქმით დაკავებას აპირებდა, რომ ერთ-ერთ წვეულებაზე მარტინ სკორსეზეს შეხვდა, ოდესღაც ნიუ-იორკის იტალიურ კვარტალში ერთად იზრდებოდნენ, შემდეგ მათი გზები გაიყარა და აი, ბედმა კვლავ შეახვედრა. ბავშვობის მეგობარი სკორსეზემ თავის ახალ პროექტში მიიწვია... ფილმი, ცხადია, განგსტერებზე იყო. მას შემდეგ ერთად შექმნეს "ტაქსისტი", "ცოფიანი ხარი", "შიშის კუნძული".

"ყველა ჩვენგანს ერთხელ მაინც ეძლევა შანსი, რომელსაც შეუძლია ჩვენი ბედი გადაწყვიტოს. მე ეს შანსი 1970 წელს მომეცა, როცა წვეულებაზე დამწყები რეჟისორი გამაცნეს. ის ჩემსავით იტალიური კვარტალიდან იყო. მას მარტინ სკორსეზე ერქვა", - ამბობს ლეგენდარული "რძის ბობი".

სწორედ ამ პერიოდში ბობი დაქორწინდა. ამომავალი ვარსკვლავი და ფერადკანიანი მომღერალი დაიანა ებოტი სამი წელი ერთად ცხოვრობდნენ. დაიანა რობერტმა იაფფასიან რესტორანში გაიცნო, სადაც ქალი ოფიციანტად მუშაობდა, ბობი კი, ხელმოკლე მსახიობი, ხშირად დადიოდა იქ სავახშმოდ. დე ნირომ ერთ ინტერვიუში თქვა კიდეც: "ჯენტლმენები ქერა ქალებს ამჯობინებენ. მეც ჯენტლმენი ვარ, ოღონდ მირჩევნია, ჩემი ქერათმიანი სატრფო ფერადკანიანი იყოს". დე ნირომ დაიანას ქალიშვილი იშვილა, ორი წლის შემდეგ კი წყვილს ვაჟი,–რაფაელი, შეეძინა. შემდეგ დაიანამ ნიუ-იორკში გამგზავრება არ მოისურვა, რობერტს კი ლოს-ანჯელესში სული ეხუთებოდა. ერთმანეთს დაშორდნენ და მეგობრებად დარჩნენ.

1992 წელს ბობიმ რომანი გააჩაღა 19 წლის ნაომი კემპბელთან, რომელიც მასზე 27 წლით უმცროსი იყო. მათმა რომანმა წელიწადზე ნაკლებ ხანს გასტანა და "შავი პანტერას" ეჭვიანობის გამო დასრულდა.

1993-დან 1995 წლამდე დე ნირო მოდელ ტუკი სმიტს ხვდებოდა. წყვილს შვილი უნდოდა, მაგრამ ტუკი ვერ ფეხმძიმდებოდა. ამიტომ შეყვარებულებმა სუროგატ დედას მიმართეს, რომელმაც ტყუპი ბიჭი აჩუქა - ჯულიან ჰენრი და აარონ ქენდრიკი.

1995 წელს ფილმ "შეტაკების" გადაღებისას ეშლი ჯადიმ და დე ნირომ რომანი გააბეს, რომელიც ხანმოკლე აღმოჩნდა.

1997 წელს რობერტ დე ნირომ მეორედ იქორწინა. მისი რჩეული სტიუარდესა გრეის ჰაიტაუერი გახდა. 1998 წელს ცოლ-ქმარს ვაჟი შეეძინა, 2011 წელს კი, ასევე სუროგატი დედის დახმარებით, გოგონა ჰელენ გრეისი.

მათი ოჯახი რობერტის ღალატის გამო რამდენჯერმე კინაღამ დაინგრა, თუმცა, მას შემდეგ, რაც ექიმებმა დე ნიროს პროსტატის სიმსივნე დაუდგინეს, გრეისმა აპატია.

ყვითელი ჟურნალებისა და შემთხვევითი საყვარლების წყალობით ამერიკული კინემატოგრაფის ლეგენდა სექსუალურ მანიაკს ჰგავს - მის საწოლში თავი ამოყვეს ჯენეტ ჯექსონმა, ჰელენა ლიზანდრელომ (რომელმაც სარჩელიც შეიტანა სასამართლოში მოთხოვნით, რომ დე ნირო მისი ქალიშვილის მამად ეცნოთ, თუმცა, გენეტიკურმა ანალიზმა ეს არ დაადასტურა), დაიანა როსმა, ნაომი კემპბელმა და ასევე, თეთრკანიანებმა: სინდი კროუფორდმა, ეშლი ჯადიმ, უმა თურმანმა... თუმცა რობერტ დე ნირო "მორცხვი მანიაკია" - ყველა ჭორს უარყოფს და სევდიანი თვალებით ირწმუნება, რომ ამ ქალებთან მხოლოდ მეგობრობა აკავშირებს...

მომზადებულია ინტერნეტმასალების მიხედვით

დე ნირო ქართულ ტრადიციებში ვერ გაერკვა...

მომღერალ ნინი ბადურაშვილის მამა, რეჟისორი ერეკლე ბადურაშვილი იხსენებს:

- ეს ფოტო 1986 წელს არის გადაღებული, როდესაც დე ნირო საქართველოს სტუმრობდა. დე ნირო მოსკოვის ფესტივალიდან ჩამოვიდა. იმ პერიოდში მსოფლიოში ქართული კინოს ფენომენი არსებობდა. მიშა კობახიძეზე, ოთარ იოსელიანსა და თენგიზ აბულაძეზე მთელ მსოფლიოში ლაპარაკობდნენ.

დე ნიროს აინტერესებდა, ეს ერთი ბეწო ქვეყანა როგორ ახერხებდა ასეთი თვითმყოფადი სურათების გადაღებას. მახსოვს, აეროპორტში მე, ელდარ შენგელაია და ზურა ყიფშიძე დავხვდით. ერთი დღე თბილისი დავათვალიერებინეთ. საღამოს უკვე ზურიკო წერეთელმა თავის სახლში დაპატიჟა ბაგებში. დე ნირო ცოტა ვერ გაერკვა, ხალხი რომ დახვდა და პურმარილი რატომ იყო გაშლილი.

დამიძახა, მოდი აქ, ბადურ, რა ხდება, მითხარიო. ავუხსენი, ასეთი ტრადიცია გვაქვს, დიდებულ სტუმარს ასე ვხვდებით და ეს ჩვენი პატივისცემის გამოხატულებაა-მეთქი... მახსოვს, რომელიღაც სპექტაკლს დაესწრო. უნდოდათ მისი სვანეთში წაყვანა, მაგრამ ღრუბლიანი ამინდი იყო და ვერ მოახერხეს. მხოლოდ თბილისი და ქუთაისი დაათვალიერებინეს. საქართველოში სულ ორი დღე იყო.