"ბერასნაირ ახალგაზრდებს ქვეყანა უნდა უფრთხილდებოდეს" - კვირის პალიტრა

"ბერასნაირ ახალგაზრდებს ქვეყანა უნდა უფრთხილდებოდეს"

"ძალიან მომენატრებით, ჩემო საყვარელო გულშემატკივრებო, მეგობრებო, გვანცა, ცოტნე, მამიკო და დედიკო... მუდამ თქვენი ბერა" - ამ მინაწერით ავრცელებს რეპერი ბერა ივანიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ახალ სიმღერას და კლიპს "ცაში"... 25 ოქტომბერს "ვარდების მოედანზე" გამართული კონცერტი მომღერლის ჯერჯერობით ბოლო შოუა საქართველოში. ამჟამად ბერა ივანიშვილი ამერიკაში იმყოფება, სადაც კარიერის გაგრძელებას აპირებს…

"ლიტერატურულ გაზეთში" რამოდენიმე თვის წინ პოეტ და მწერალ ვანო ჩხიკვაძის ლექსი დაიბეჭდა, რომელიც მომღერალ ბერა ივანიშვილს ეძღვნება. თუ როგორ მიიღო ვანო ჩხიკვაძემ ბერას გადაწყვეტილება, ამის შესახებ იგი თავად გვესაუბრება:

- ბერას სცენაზე გამოჩენა ოქტომბრის დიდ დღეებს უკავშირდება, რომელიც ყველას გვახსოვს. ჩემთვის ბერას სიმღერები და ის დღეები ერთობლიობაში განიხილება. ამხელა ჭირი რომ მოვიშორეთ, ამაში ბერას წვლილიც დიდი იყო. ძალიან გულდასაწყვეტი იქნება ბერა თუ სცენიდან წავა, ქართულ სცენას ნამდვილად ძალიან დააკლდება. ჩემი აღფრთოვანება განპირობებული იყო იმ მუხტით, რომელიც მან შემატა უმნიშვნელოვანეს დღეებს საქართველოს ისტორიაში, მაგრამ როგორც მომღერალი, ამ მხრივაც ძალზედ ნიჭიერი ბიჭია.

- ბერას განსაკუთრებულად ნიჭიერ მომღერლად მიიჩნევთ?

- რა თქმა უნდა! მიუხედავად მისი მატერიალური მდგომარეობისა, არავითარი ამპარტავნება და ზევიდან ყურება არ ახასიათებს. ახალგაზრდებს ვიცით, ზედმეტი ამბიციები აწუხებთ. ბერას ამბიციები არ ჰქონდა, მხოლოდ სულით და გულით იყო თავის ქვეყნის საქმეს მიცემული. ეს ადვილი არ არის და მართლაც განსაკუთრებულად ნიჭიერი ადამიანების თვისებაა, მთავარი და უმნიშვნელოვანესი შეამჩნიონ და ქვეყნისთვის თავი გადადონ.

- ბერას მისამართით საპირისპირო მოსაზრებებიც ბევრჯერ გამოთქმულა...

- რა არ მოსწონთ, არ ვიცი! მანდ სხვა რამე ხდება და ალბათ თქვენც ხვდებით ამას.. ბერა ძალიან პოპულარულია, ძალიან ჭკუადამჯდარი ახალგაზრდაა და ეს არ ეპიტნავებათ. Bბერა ნიჭიერია, რაც მთავარია ახალგაზრდაა და პერსპექტიული. ამიტომაც აუცილებლად უნდა დარჩეს სცენაზე. ჩვენ არ გვაქვს უფლება ასეთი ხალხი გავუშვათ სცენიდან ან სხვა ნებისმიერი სფეროდან. უნდა გავუფრთხილდეთ, არ გვაქვს იმის ფუფუნება, ასეთ ხალხს არ ვინარჩუნებდეთ.

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)