მეგ რაიანი - რომანტიკული კომედიის დედოფალი - კვირის პალიტრა

მეგ რაიანი - რომანტიკული კომედიის დედოფალი

პირველივე ფილმის შემდეგ რაიანი მიხვდა, რომ  რომანტიკული კომედიები მისი ამპლუა იყო. მაყურებელს სიფრიფანა ქალიშვილის ტიპაჟი ამერიკული კინოს კერპს, მერი პიკფორდს აგონებდა

მარგარეტ მერი ემილი ენი ჰაირას, რომელსაც მსოფლიო მეგ რაიანის სახელით იცნობს და რომანტიკული კომედიის დედოფლად აღიარებს, ცხოვრებაში მაინცდამაინც არ უმართლებს - მამაკაცებთან ურთიერთობა ვერ იქნა და ვერ ააწყო.

მარგარეტ მერი ემილი ენი ჰაირა ბავშვობიდან ლამაზი და რომანტიკული გოგონა იყო. ცისფერთვალება მეგს ბიჭები ეთაყვანებოდნენ, თუმცა, საოცრად უკარება იყო. სკოლის დამთავრების შემდეგ კონექტიკუტის შტატის უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე დაიწყო სწავლა და პირველი ბოიფრენდიც გაიჩინა. სამსახიობო პროფესიას მხოლოდ იმისთვის მოჰკიდა ხელი, რომ სწავლის ფული გადაეხადა. დედის, სიუზენის დახმარებით, რომელიც მრავალი წელი კასთინგების აგენტად მუშაობდა, პეგიმ, როგორც მას შინაურები ეძახდნენ, აშშ-ის მსახიობთა გილდიის ბარათი მიიღო, რამაც საშუალება მისცა ტელესერიალებსა და სარეკლამო რგოლებში პატარ-პატარა როლები ეთამაშა. სხვათა შორის, მეგის დედა მთელი სიცოცხლე კინოში გადაღებაზე ოცნებობდა, მაგრამ ნატვრა ვერ აისრულა, კონექტიკუტის შტატის პატარა ქალაქ ფეირფილდში დასახლდა და ცოლად გაჰყვა მეგის მამას - მათემატიკის მასწავლებელს, რომელსაც ოთხი შვილი აჩუქა. თუმცა, თავგადასავლების სიყვარული არ განელებია - 20-წლიანი ცოლქმრობის შემდეგ ყველაფერი მიატოვა და ნიუ-იორკში ბედ-იღბლის საძიებლად გაემგზავრა. ფრიადოსანი მეგი კი მამას უმცროსი შვილების გაზრდაში ეხმარებოდა...

უნივერსიტეტში სწავლისას მეგი მსახიობ ენტონი ედვარდს დაუახლოვდა, რომელიც მოგვიანებით სერიალ "სასწრაფო დახმარების" ვარსკვლავად იქცა. ენტონიმ შეყვარებული გადასაღებ მოედანზე მიიყვანა და რაიანის დებიუტად ფილმი "მდიდრები და ცნობილები" იქცა. გადაწყვიტა, კინოკარიერისთვის დედის ქალიშვილობის გვარი აეღო, მიუხედავად იმისა, რომ მეგის სიუზენისთვის ღალატი ვერ ეპატიებინა.

პირველივე ფილმის შემდეგ რაიანი მიხვდა, რომ რომანტიკული კომედიები მისი ამპლუა იყო. მაყურებელს სიფრიფანა ქალიშვილის ტიპაჟი ამერიკული კინოს კერპს, მერი პიკფორდს აგონებდა. თავდაპირველად, რეჟისორები მეგს მხოლოდ სერიალებში ათამაშებდნენ ("ემი და ანგელოზი", "მხოლოდ სკოლის შემდეგ"), შემდეგ კი სრულმეტრაჟიან ფილმებშიც მიიწვიეს და მისმა კინოკარიერამ აღმასვლა დაიწყო. როგორი უცნაურიც უნდა იყოს, თავდაპირველად რეჟისორებმა სათანადოდ ვერ შეაფასეს მსახიობის რომანტიკული ხატება და სტივენ სპილბერგმა ფილმებში:  "სუპერიარაღი" და "შიდა კოსმოსი" მიიწვია. მეგის გმირები, უხეში მანერებით, მაყურებელს მოსწონდა. ნამდვილი წარმატება კი მას შემდეგ ეწვია, რაც რომანტიკული ქალის როლი შეასრულა ფილმში "როცა ჰარი შეხვდა სალის". ფილმი ჰიტად იქცა, "ოქროს გლობუსის" ნომინაცია მიიღო და მსოფლიოს მაყურებელთა გული მოიგო.

წარმატების მომდევნო მწვერვალად მეგ რაიანის სამსახიობო კარიერაში ფილმი "უძინარები სიეტლში" იქცა. ამ ფილმით მეგი მეორედ წარადგინეს "ოქროს გლობუსის" ნომინაციაზე. გადასაღებ მოედანზე მსახიობმა მომავალი ქმარი, ცნობილი მსახიობი დენის ქუეიდი გაიცნო, წყალწაღებული ლოთი და ნარკომანი, თუმცა, მეგიმ მისი გამოსწორება მოახერხა და დენისი სამაგალითო მეოჯახედ აქცია. შეყვარებულები წმინდა ვალენტინის დღეს, 1991 წლის 14 თებერვალს დაქორწინდნენ. ერთი წლის შემდეგ ვაჟი, ჯეკი შეეძინათ. ოჯახი კალიფორნიაში, მყუდრო ვილაში, 9 წელი ბედნიერად ცხოვრობდა.

1994 წელს მეგ რაიანს "წლის ქალის" წოდება მიანიჭეს, ხოლო გავლენიანმა ჟურნალმა - People -მა მსახიობი მსოფლიოს 50 ყველაზე ლამაზი ქალის ნუსხაში შეიყვანა. სამაგალითო წყვილი ერთმანეთს 2000 წელს დაშორდა. გაყრის მიზეზად ღალატი იქცა - ნაზმა და უკარება მეგმა რომანი გააჩაღა ავსტრალიელ მსახიობ რასელ ქროუსთან. ერთმანეთი ფილმ "ცხოვრების მტკიცებულებაზე" მუშაობისას გაიცნეს და მეგმა ბობოქარი სიყვარულის მორევში შეტოპა: რასელი ხომ მეტისმეტად მიმზიდველი და სექსუალური იყო, ტყუილად ხომ არ ანდვეს მაქსიმუსის როლი ფილმ "გლადიატორში". რაიანი ქმარს დაშორდა, მაგრამ  თავქარიან რასელთან ურთიერთობა ვერ ააწყო. ქროუ სულაც არ გამოდგა "გლადიატორი". 2002 წელს წყვილი ახალი წლის შესახვედრად ჰავაის კუნძულებზე გაემგზავრა, მაგრამ საახალწლო სუფრასთან მეგი მარტო დარჩა: რასელმა სიგარეტის საყიდლად ბარს მიაშურა, უკან კი მხოლოდ გამთენიისას, უგონოდ მთვრალი დაბრუნდა. გამწარებულმა რაიანმა ნიშნობის ბეჭედი მიუგდო და მიატოვა... გულგატეხილი ქალი  დიდხანს ებრძოდა დეპრესიას.

ამ უიღბლო რომანის შემდეგ მსახიობს დასამახსოვრებელი სახეები აღარ შეუქმნია... თუმცა,  ბოლოს და ბოლოს, დაივიწყა რასელ ქროუ, ახალგაზრდა საყვარელი გაიჩინა და ეროტიკულ ტრილერში "ვნების ბნელი მხარე" ითამაშა, რითაც თაყვანისმცემლებს გული დასწყვიტა - მათი აზრით, მეგ რაიანმა შეურაცხყო რომანტიკული გმირები.

2006 წელს რაიანმა ჩინელი გოგონა დეიზი იშვილა, 2011 წლის იანვარში კი ახალ სიყვარულს, ჯონ მელენკამფს შეხვდა, რომელიც ქალზე 10 წლით უფროსია. როკ-მუსიკოსს სამი ქორწინებიდან 5 შვილი ჰყავს, რომლებმაც გაოცება ვერ დაფარეს იმის გამო, რომ მათი მამა ჰოლივუდის ვარსკვლავის ბოიფრენდია!

სამწლიანი რომანის შემდეგ  ურთიერთობა დაეძაბათ. ჯონი მეგს ინდიანაში გადასახლებას სთხოვდა, რადგან მეგაპოლისში ცხოვრება არ სურდა, ქალი კი ნიუ-იორკს ვერ ელეოდა. თუმცა, როგორც ჩანს, დაშორებას მაინც არ აპირებენ - ახლახან პაპარაცებმა მეგი, ჯონი და პატარა დეიზი შოპინგისას გადაიღეს.