ალ პაჩინო - ქალის სურნელით გაბრუებული ჯენტლმენი - კვირის პალიტრა

ალ პაჩინო - ქალის სურნელით გაბრუებული ჯენტლმენი

"სახენაიარევ კაცს" საათობით შეუძლია ილაპარაკოს სიყვარულზე ისე, რომ ქალებზე აუგი არასდროს წამოსცდეს. ალ პაჩინომ იცის, რომ ქალებს ძალიან უყვართ.

- მომწონს ლეონარდო დი კაპრიო. ახალგაზრდობაში მეც ასეთი ვიყავი და სექსსიმბოლოს მეც მიწოდებდნენ. "ასი წლის წინ" მართლაც ბევრ ქალს ვუყვარდი, - ამბობს 81 წლის კინოვარსკვლავი, რომელიც ქალების გულთამპყრობლად მანამდე იქცა, ვიდრე ჰოლივუდის ვარსკვლავის სახელსა და დიდებას მოიხვეჭდა. “

- ხშირად დასაძინებელი ადგილიც არ მქონდა, თეატრში ან მეგობრებთან ვათევდი ღამეს... ზოგჯერ ეს მეგობრები ქალები იყვნენ, - იხსენებს მსახიობი, რომელიც აღიარებს, რომ ყოველთვის რომანტიკოსი იყო, გრძელ სასიყვარულო წერილებს წერდა და შეყვარებულების სანახავად ფანჯრიდანაც ძვრებოდა, თუმცა, ამას ახლა ღიმილით იხსენებს...

- წერა რომ მეხერხებოდეს, სხვა საქმეს ხელს არ მოვკიდებდი. ერთხელ წერილს ვწერდი ქალს, რომელიც ძალიან მიყვარდა, მაგრამ ეს ნამდვილი წამება იყო! საათს რომ დავხედე, გავოგნდი - თურმე ხუთი საათი ვწერდი. ის წერილი არც გამიგზავნია...

ალ პაჩინო ყოველთვის მალავდა სასიყვარულო ურთიერთობებს და დღესაც არ სიამოვნებს იმის ახსნა, თუ რატომ არ მიიყვანა არც ერთი გულის სწორი საკურთხეველთან. ამ კითხვას მუდამ დელიკატურად პასუხობს:“

- შეიძლება ითქვას, რომ არაერთხელ ვიყავი დაქორწინებული. მე ხომ რამდენიმე ქალთან მქონდა ხანგრძლივი, სერიოზული ურთიერთობა. თუმცა, შესაძლოა, მაინც შევცდი, როცა ერთ-ერთი მათგანი ცოლად არ ვითხოვე... მამაკაცებს ერთს ვურჩევ: თუ შვილის ყოლას გადაწყვეტენ, კარგად აწონ-დაწონონ, ვისგან სურთ იგი...

ალფრედო ჯეიმს პაჩინო 1940 წლის 25 აპრილს ნიუ-იორკის კრიმინალურ რაიონ ჰარლემში დაიბადა და ბრონქსში გაიზარდა. წარმოშობით სიცილიელია. ამიტომ გასაკვირიც არ არის, რომ ბავშვობაში ჩხუბისთავი გახლდათ. მეგობრები მას სონის ეძახდნენ.

მალე თეატრმა გაიტაცა. ამის გამო სკოლაში თითქმის აღარ დადიოდა, ამიტომაც ინგლისურის გარდა, ყველა გამოცდაში ჩაიჭრა, დედასთან იჩხუბა და შინიდან წავიდა.

იმისათვის, რომ ლი სტრასბერგის სტუდიაში სწავლის საფასური გადაეხადა, ყველანაირ სამუშაოს თანხმდებოდა - დამლაგებლადაც უმუშავია და ფოსტალიონადაც.

1969 წელს მისი კინოდებიუტი შედგა ფილმში "მე, ნატალი". ამბობენ, რომ 1970-1975 წლებში მას ჯილ კლეიბერგთან ჰქონდა რომანი. შემდეგ უკვე დაიან კიტონთან, რომელიც ფილმ "ნათლიაში" მისი ცოლის როლს ასრულებდა. დაიან კიტონი და ალ პაჩინო დროდადრო ხვდებოდნენ და შორდებოდნენ ერთმანეთს. საბოლოოდ მათი გზები ფილმ "ნათლია 3"-ის გადაღებებისას გაიყარა, როცა დაიანმა პირობა წაუყენა: ან დავქორწინდეთ, ან დავშორდეთო.

1977 წელს გაიცნო შვეიცარიელი მსახიობი მარტა კელერი. მათი რომანი შეუმჩნევლად დაიწყო. გადასაღებ მოედანზე განსაკუთრებული ყურადღება არავის მიუქცევია ალ პაჩინოს ტემპერამენტიანი გამოხდომებისა და მარტას რეაქციებისთვის. საიდუმლო მხოლოდ მაშინ გამჟღავნდა, როცა წყვილმა ერთ ჭერქვეშ დაიწყო ცხოვრება.

მათი რომანი ტაიფუნს ჰგავდა - შეყვარებულები საჯაროდ გრძნობების გამომჟღავნებას არ ერიდებოდნენ. თუმცა ქორწინებაზე კრინტიც არ დაუძრავთ. ეტყობა, მეტისმეტად განსხვავებული ხასიათი ჰქონდათ...

17990702-1550240025000190-4142040214139071006-n-1650875526.jpg

ალ პაჩინოს ცხოვრებაში ქალებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს. თავად ვარსკვლავის აღიარებით, ზოგჯერ სიყვარულს იგი ნერვული დაძაბულობისგანაც უხსნია.“

- "ნაიარევი სახის" გადაღება ძალიან რთული იყო. თითქმის სიგიჟის ზღვარზე ვიყავი, მაგრამ სიყვარული მეხმარებოდა, იმ პერიოდში კი მართლაც თავდავიწყებით მიყარდა... ცხოვრებაში სულ რამდენჯერმე მყვარებია ასე, - ჰყვება მსახიობი.

ეს ქალი ბევერლი დანჯელო იყო, რომელსაც პაჩინო 1996-2003 წლებში ხვდებოდა. მათ ორი შვილი ჰყავთ - ანტონ ჯეიმსი და ოლივია როუზი... მოგვიანებით სამსახიობო ხელოვნების პედაგოგ იანა ტერანტისთან ვარსკვლავს ჯულია-მარი შეეძინა.

2005 წელს ალ პაჩინოს გული არგენტინელმა ლამაზმანმა ლუსილა სოლამ მოინადირა, რომელიც მსახიობზე 40 წლით უმცროსია. მათ ერთმანეთი იმდენად შეუყვარდათ, რომ მითქმა-მოთქმისთვის ყურადღება არ მიუქცევიათ.

როცა პრესამ კინოვარსკვლავს ჰკითხა, როგორ წარმოუდგენია ლუსილასთან ურთიერთობა მომავალში, მან მიუგო, რომ მთვრალია”ლუსილას სიყვარულით და რომ მასში ყველაფერია, რაც ოდესმე სურდა, ქალში დაენახა...

- დაქორწინებული არ ვყოფილვარ და საეჭვოა, ეს ოდესმე მოხდეს, - ამბობს ალ პაჩინო, - ქორწინების იდეა მაინცდამაინც არ მეპიტნავება...

გავრცელებული ცნობებით, ალ პაჩინოს სატრფოებს შორის იყვნენ ამერიკელი მომღერალი, მსახიობი და მოცეკვავე ენ მილერი, ამერიკელი მსახიობი კეტლინ ქუინლენი და მერილ სტრიპიც კი. მსახიობი ფიქრობს, რომ მისი რომანები რაღაც კანონზომიერებას ემორჩილება:“

- იმ ქალების უმეტესობა, რომლებთანაც ვცხოვრობდი, მსახიობები არიან. თუმცა ყოველ ჯერზე საკუთარ თავს სიტყვას ვაძლევდი, რომ მსახიობს აღარ შევიყვარებდი. ზოგჯერ რომელიმე მეტყოდა, შენი გულისთვის მზად ვარ, კინო მივატოვოო... ვითომ რატომ? რა საჭიროა ჩემთვის მსხვერპლის გაღება? ეს ხომ სისულელეა...”

თავისი ოცნების ქალზე საუბრისას ალ პაჩინო ამბობს:

- მე არ მჭირდება ლამაზი ქალი, რადგან ფულით როგორსაც მოისურვებს, ისეთად ვაქცევ... მე არ მჭირდება მდიდარი ქალი, რადგან ისედაც ყველაფერი მაქვს. არ მჭირდება ალერსიანი ქალი - ჩემი ფულის გამო ყველა ასეთია. მე წესიერი ცოლი მჭირდება, რადგან ერთგულებას და პატიოსნებას ფულით ვერ იყიდი.

1992 წელს ალ პაჩინომ "ოსკარი" მიიღო ფილმისთვის "ქალის სურნელი", რომელშიც ის უსინათლო პოლკოვნიკის როლს თამაშობს. მას თვითმკვლელობამდე ცხოვრებისგან ბოლო სიამოვნების მიღება განუზრახავს, განზრახვის შესრულებაში კი ხელს უშლის ხელმოკლე სტუდენტი, რომელიც მეთვალყურედ მიუჩინეს. ეს ორი განსხვავებული ადამიანი არა მარტო უახლოვდება ერთმანეთს, არამედ ერთმანეთისგან ბევრ რამესაც სწავლობს.

...უნიჭიერესი მსახიობი, მსოფლიოს ერთ-ერთი გამორჩეული კინოვარსკვლავი დღესაც კარგად გრძნობს ქალის სურნელს...