"ღმერთმა დაგვიფაროს ცოდვებისაგან, როგორიცაა მარიხუანა და ნარკოტიკი" - როგორ კაზანტიპს ჩაატარებს გიორგი სიგუა - კვირის პალიტრა

"ღმერთმა დაგვიფაროს ცოდვებისაგან, როგორიცაა მარიხუანა და ნარკოტიკი" - როგორ კაზანტიპს ჩაატარებს გიორგი სიგუა

"თუ ჩვენი ეკლესია თავისუფალი სექსის საკითხზე გამოთქვამს შენიშვნას, მე, როგორც მორწმუნე, აუცილებლად გავითვალისწინებ"

ინტერნეტით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ანაკლიაში უნდა ჩატარდეს კაზანტიპის (ადგილი ყირიმში, სადაც ტარდება მასშტაბური მუსიკალური ფესტივალი) მსგავსი მუსიკალური ფესტივალი. ამ ინფორმაციის გადამოწმება საქართველოს ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან გიორგი სიგუასთან ვცადეთ:

- ეს აბსოლუტურად მართალია, კაზანტიპის მსგავსი მუსიკალური ფესტივალი აუცილებლად ჩატარდება ანაკლიაში, თუ რაიმე სასწაულმა არ შეგვიშალა ხელი. ჩვენ ვგეგმავთ ორი ფესტივალის ჩატარებას. ერთი იქნება ელექტრონულ ფესტივალი ანაკლიაში, მეორე კი სიმღერის ფესტივალი, რომელიც ჩატარდება ბათუმში და მასში მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი ევროპელი მომღერლები. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ყირიმში ჩადიოდა 4 მილიონი უკრაინელი ტურისტი, რომლებიც სავარაუდოდ წელს იქ ვეღარ წავლენ, ჩვენ ამ ტურისტების საქართველოში ჩამოყვანაზე სერიოზულად ვმუშაობთ. გვინდა, რომ საქართველოში გვქონდეს მასშტაბური მუსიკალური ფესტივალი. ეს ერთის მხრივ ქვეყნის ცნობადობის ამაღლებასაც უწყობს ხელს, მეტ ტურისტსაც იზიდავს და შესაბამისად, ინვესტორსაც.

- ვართ მზად, რომ 4 მილიონი ტურისტი მივიღოთ?

- ბუნებრივია, 4 მილიონს ჩვენ ვერ მიიღებთ, მაგრამ მათი ნაწილის აქ ჩამოსვლაზე უნდა ვიმუშაოთ. ჩვენ ვგეგმავთ უკრაინელი ტურისტების რაოდენობის გაორმაგებას. მაგ. კაზანტიპში სასტუმრო თითქმის არაა და ფესტივალის დროს, როგორც წესი ადგილობრივი მოსახლეობა აქირავებს სახლებს. რაც შეეხება ანაკლიას, თუ მოთხოვნა გაჩნდა სასტუმროზე იქ აუცილებლად აშენდება ახალი სასტუმრო.

-კაზანტიპის ფესტივალის დროს თითქმის არავითარი აკრძალვა არ მოქმედებს ნარკოტიკებზე (როგორც იქ დამსწრეები ამბობენ, სწორედ ესაა მთავარი მიზეზი, რის გამოც ათასობით ადამიანი ჩადის იქ). ჩვენთანაც ანალოგიური სიტუაცია იქნება?

- ნარკოტიკები ჩვენგან შორს. ჩვენთან იქნება მხოლოდ ელექტრონული მუსიკა. ღმერთმა დაგიფაროს მსგავსი ცოდვებისაგან. ის ფაქტი, რომ ჩვენთან არ იქნება ნარკოტიკი, ნამდვილად არ იმოქმედებს ტურისტების რაოდენობაზე.

- აკრძალული იქნება მსუბუქი ნარკოტიკებიც (მაგ. მარიხუანა) და პოლიცია სრული სიმკაცრით გააკონტროლებს ამას?

- როგორი წარმატებითაც ახლა ართმევს პოლიცია ამ ფუნქციას თავს, ისევე გაართმევს ფესტივალის დროსაც.

-ასეთი ფესტივალების დროს ხშირია ე.წ. თავისუფალი სექსი. ბოლო პერიოდში კი ასეთ თემებზე ძალიან მკვეთრად რეაგირებს ეკლესია, როგორ ფიქრობთ მათი მხრიდან ხომ არ იქნება გარკვეული შეზღუდვა?

-შეზღუდვას რაში უნდა ველოდოთ? ეს ხომ არაა რომელმე კონკრეტული ცუდი ხალხის ან სექტანტების შეკრება?! ჩვენი ეკლესია ძალიან სწორად და ძალიან კარგად რეაგირებს იმაზე, რაზეც საჭიროა და თუ ჩვენი ეკლესია თავისუფალ სექსის საკითხზე გამოთქვამს შენიშვნას, ჩემთვის როგორც მორწმუნესათვის, ეს მისაღები იქნება და აუცილებლად გავითვალისწინებ.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)