შარლიზ ტერონი თვალწარმტაცი "მონსტრი" - კვირის პალიტრა

შარლიზ ტერონი თვალწარმტაცი "მონსტრი"

7 აგვისტოს მას სატელეფონო ზარი გააღვიძებს ოკეანის გაღმიდან - ტელეფონში მხოლოდ ერთი შეტყობინება გაისმის: La breithe sona duit!, რაც ირლანდიურად ნიშნავს "გილოცავ დაბადების დღეს!". შარლიზიმ ყურმილის აუღებლადაც იცის, რომ ეს სტიუარტ ტაუნსენდია. სტიუარტი მას მუდამ კანონიერ მეუღლესავით ექცეოდა, თუმცა ოფიციალური ქორწინება ბიუროკრატიულ პირობითობად მიაჩნდა. მათ 10 წელი იცხოვრეს ერთად და დღემდე საუკეთესო მეგობრები არიან.

შარლიზ ტერონის სამშობლო ყველაზე ცხელი კონტინენტია პლანეტაზე. იგი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში დაიბადა და მშობლების ფერმაში გაიზარდა. თანატოლებთან ბურების ენაზე საუბრობდა, თუმცა, გარე სამყაროსთან ურთიერთობისთვის კიდევ აფრიკული ენის 26 დიალექტის შესწავლა მოუხდა. ინგლისური კი გვიან შეისწავლა, ტელევიზორის დახმარებით, რაც არცთუ ურიგოდ გამოუვიდა, თუმცა, აქცენტი სამუდამოდ დარჩა.

ქერა ლამაზმანის შემხედვარე ძნელია დაიჯერო, რომ ბავშვობაში უშნო იხვის ჭუჭული იყო. 4 წლამდე თმა არ ამოუვიდა, 11 წლამდე კი წინა კბილები არ ჰქონდა.

სამაგიეროდ, 16 წლისა დამატყვევებლად ლამაზი გახდა.

6 წლიდან ბალეტზე დადიოდა, 12 წლისა კი იოჰანესბურგის სკოლა-ინტერნატში გადავიდა მტკიცე განზრახვით -– პრიმა-ბალერინა გამხდარიყო. გოგონას მუდამ მხარში ედგა დედა, რომელიც ფერმაში საქმეებს წარმართავდა, მამა კი ლოთი იყო და ერთ დღესაც შარლიზის დედას მისგან თავის დაცვა მოუხდა... პოლიციამ საქმეს მსვლელობა არ მისცა, რადგან პატარა ქალაქში არავის გაჰკვირვებია მოვლენათა ასეთი განვითარება. ყველაფერი შარლიზის თვალწინ მოხდა... ავი ენები იმასაც ამბობდნენ, თითქოს საბედისწერო გასროლის ავტორი თავად 15 წლის გოგონა იყო, თუმცა, ამის მტკიცებულებები არ არსებობდა.

მომავალი მსახიობის დედას, გერდას, მტკიცედ სჯეროდა, რომ მის გოგონას წარმატება ელოდა. ამიტომ შარლიზს მონაწილეობა მიაღებინა მოდელების კონკურსებში და შარლიზმაც გაიმარჯვა, - ერთწლიანი კონტრაქტი გაუფორმეს და მილანში მიიწვიეს. კონტრაქტის წყალობით მთელი ევროპა შემოიარა, შემდეგ კი ატლანტის ოკეანე გადაკვეთა და "თავისი ქალაქი" - ნიუ-იორკი იპოვა, თუმცა, ქორეოგრაფიულ სასწავლებელში რეპეტიციისას მუხლი დაიზიანა და ამ ტრავმამ სამუდამოდ გადაუკეტა გზა პროფესიული ბალეტისკენ. ამიტომ სამოდელო კარიერა განაგრძო. ერთხელ, შემთხვევით, ლამაზი შარლიზი რიგში შენიშნა აგენტმა ჯონ კროსბიმ, როცა ტერონი მისთვის ცნობილ ყველა ენაზე მოლარეს ლანძღავდა, რადგან ჩეკი არ გაუნაღდა. ასე დაიწყო მან ჰოლივუდის დაპყრობა. პირველი დიდი წარმატება 1997 წელს ფილმმა "ეშმაკის ადვოკატმა"”მოუტანა.

მშვენიერი გარეგნობის გამო ძირითადად საბედისწერო როლებზე იწვევდნენ, მაგრამ შარლიზს მეტი უნდოდა, იმდენად, რომ გარეგნობის შეცვლაზეც დაჰყაბულდა. ფილმ "მონსტრისთვის", სადაც ტერონი ასაკოვან და სერიულ მკვლელ მეძავს თამაშობს, 13 კილოგრამის მომატება მოუხდა. შედეგად კი ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის 2004 წელს - პირველი "ოსკარი", კანის კინოფესტივალის "ვერცხლის დათვი" და "ოქროს გლობუსი" მიიღო.

"მონსტრი" ამერიკელმა რეჟისორმა პეტი ჯენკინსმა გადაიღო. სიუჟეტს საფუძვლად დაედო სერიული მკვლელის, ეილინ უორნოსის ამბავი... ეილინ უორნოსს აშშ-ის პირველ მანიაკ ქალად მოიხსენიებენ. 1989-1990 წლებში მან 7 მამაკაცი მოკლა, რის გამოც "მადმუაზელ სიკვდილი" შეარქვეს. 1991 წლის დამდეგს ეილინი დააკავეს და მის საქმეს 10 წელი იძიებდნენ... 2002 წლის 9 სექტემბერს უორნოსი სასიკვდილო ინიექციის მეშვეობით დასაჯეს. რეჟისორი ჯენკინსი და შარლიზ ტერონი ერთად ხვდებოდნენ მსჯავრდადებულს, რომელიც სასიკვდილო განაჩენის მოლოდინში იყო...

"ოცნებების ფაბრიკის" გადასაღებ მოედანზე, ქალმა რომანი გააჩაღა კრეიგ ბირკთან, ხოლო 2 წლის შემდეგ მუსიკოს სტივენ ჯენკინსონთან.  2001 წელი მისთვის მძიმე გამოდგა. ტერონმა ურთიერთობა დაასრულა სტივენთან და ის იყო, გადაწყვიტა, მთლიანად სამუშაოსთვის მიეძღვნა თავი, რომ სტიუარტს შეხვდა... სტიუარტ ტაუნსენდს შარლიზთან ერთად ოჯახური წყვილი უნდა ეთამაშა, რომელსაც გამოსასყიდის მიღების მიზნით ასთმიანი შვილი მოსტაცეს. ფილმს ერქვა "24 საათი".

მალე ტერონმა სტიუარტს ერთად ცხოვრება შესთავაზა. წყვილი ურთიერთობის ოფიციალურად გაფორმებას არ ჩქარობდა, თუმცა, შეყვარებულები თავს ოჯახურ წყვილად მიიჩნევდნენ და ტერონის თითზეც სტიუარტის ნაჩუქარი ნიშნობის ბეჭედი ბრწყინავდა. მათი ურთიერთობა  10 წელს გაგრძელდა. ერთ დღეს კი ორივე მიხვდა, რომ მათი გზები გაიყარა და შარლიზმაც ამ რომანს წერტილი დაუსვა.

ტაუნსენდთან განშორების შემდეგ ყვითელი პრესა პერიოდულად ხმებს ავრცელებდა მისი ახალი რომანების შესახებ, თუმცა, შარლიზის ცხოვრებაში მთავარ "მამაკაცად" 2012 წელს ნაშვილები სამხრეთაფრიკელი ბიჭუნა ჯეკსონი რჩებოდა.

2013 წელს შარლიზი მსახიობ შონ პენს შეხვდა. პაპარაცებმაც შენიშნეს წყვილი ჰავაის კუნძულებზე დასვენებისას. მართალია, ჰავაის კუნძულებიდან ვარსკვლავები ცალ-ცალკე დაბრუნდნენ, მაგრამ რომანის დიდხანს დამალვა ვერ მოახერხეს. გასაკვირი არც არის, რომ ტერონს გული შეუვარდა შონ პენზე: ეს მომხიბლავი "მონსტრისა" და ხულიგნის სიყვარულის კლასიკური ისტორიაა. პენი ხომ ჰოლივუდში ძველ ჩხუბისთავად არის ცნობილი, თუმცა, ახლა დაშოშმინდა, მეოჯახის როლი მოირგო და სიამოვნებით ატარებს დროს შარლიზის პატარა ბიჭუნა ჯეკსონთან.