"შინი": "იქნებ კარგიცაა, ეს სიბინძურე რომ არ წამოვიდა საქართველოში" (ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

"შინი": "იქნებ კარგიცაა, ეს სიბინძურე რომ არ წამოვიდა საქართველოში" (ექსკლუზივი)

"არცერთ ქართველს არ გვინდა, ჩვენი ქვეყანა ისე წარმოვადგინოთ, როგორც დღეს ავსტრია წარმოადგენს."

"ყველამ კარგად იცის რომ ეს არ არის მუსიკის ფესტივალი"

8 მაისს "ევროვიზიის" კონკურსს ნახევარფინალური ტურიდან "შინ" და მარიკო ებრალიძე, კომპოზიციით - "სამი წუთი დედამიწამდე", გამოეთიშა... "გავრცელდა ხმები, ბევრმა ქართველმა ავსტრიელ, ტრანსგენდერ მონაწილეს მისცა ხმაო, რაც ცოტა გულსატკენია. მაინც მგონია, რომ საქართველო ის ქვეყანა იქნება, რომელიც თავის ტრადიციებს შეინარჩუნებს"... - ამბობს ჯგუფ "შინის" თანადამფუძნებელი, ბასისტი და მომღერალი – ზურა გაგნიძე, რომელიც კოპენჰაგენიდან გვესაუბრა...

- ასე ადვილი არ არის, დაასკვნა, თუ რა მოხდა... რადგანაც მოგვეცა საშუალება ევროვიზიაზე გამოვსულიყავით, ჩვენი მიზანი იყო, გვეთქვა - ხალხნო, დავუბრუნდეთ კარგ მუსიკას-თქო! ჩვენ ის კი არ გვინდოდა, ევროვიზიისკენ წავსულიყავით, არამედ ევროვიზია წამოსულიყო ჩვენსკენ. ევროვიზიამ კი ეს არ ისურვა და რაც ისურვა, გამოჩნდება...

- იმ მოსაზრებას ეთანხმებით, რომ ქართულ ფოლკლორს არ უხდება ინგლისური და იქ ვერ აღგიქვეს?..

- ჩვენ ფოლკლორი არ წარგვიდგენია... რაც ჩვენ წარვადგინეთ, იმას ქართულ ენაზე ვერ გავიტანდით, რადგან ვერავინ გაიგებდა. აუცილებელი იყო სიტყვების ტექსტი ყველას გაეგო.

- ითქვა, რომ წელს ევროვიზიას ასაკით უფრო პატარა მონაწილეები ჰყავდა. თითქოს უხერხულად გრძნობდით თავს...

- დიდები ვართ, ეს ცხადია და ასაკს არც არავინ მალავს. უხერხულობა აბსურდია, მაშინ არ წამოვიდოდით, ხომ ვიცოდით, სად მოვდიოდით და ვინ იყვნენ მონაწილეები?!. აქ გამარჯვება სულ სხვა რამეზეა დამოკიდებული. ყველამ კარგად იცის რომ ეს არ არის მუსიკის ფესტივალი. თუმცა, არცერთ ქართველს არ გვინდა, ჩვენი ქვეყანა ისე წარმოვადგინოთ, როგორც დღეს ავსტრია წარმოადგენს.

- ავსტრიელ ტრანსგენდერ მონაწილეს გულისხმობთ?

- ვერაფერს გეტყვით, ეგ რაღაც ახალი სიტყვაა... ჩვენგან ყველასგან და საქართველოსგან იმედია, შორს არის. გავრცელდა ხმები, ბევრმა ქართველმა ამ ავსტრიელს მისცა ხმაო, რაც ცოტა გულსატკენია. მაინც მგონია, რომ საქართველო ის ქვეყანა იქნება, რომელიც თავის ტრადიციებს შეინარჩუნებს

- ასეა თუ ისე, ევროვიზიაზე ყოველთვის ვიჩაგრებით... თქვენი მოსაზრებით მომავალ წელს ისევ უნდა მივიღოთ მონაწილეობა?

- გააჩნია მიზანს. ჩვენი მიზანი რაც იყო, უკვე მოგახსენეთ. სამასი მილიონი მაყურებელი ჰყავს და გვსურდა, გვეთქვა, რომ ევროვიზია უფრო კულტურული, მუსიკალური და მრავალფეროვანი უნდა გახდეს. კარგი იყო თუ გავიმარჯვებდით, მაგრამ ამ ფონზე, რასაც აქ ვუყურებ, შეიძლება სწორადაც მოხდა, საქართველოში რომ ეს სიბინძურე არ წამოვიდა.

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)