ჯულია რობერტსი მარად "ლამაზმანი" - კვირის პალიტრა

ჯულია რობერტსი მარად "ლამაზმანი"

ახლა ჯულია სამაგალითო მეუღლე და დედაა, თუმცა, თავის დროზე, მამაკაცთა გულებს იოლად იპყრობდა...

ამერიკის უმთავრესი "ლამაზმანის", ჯული ფიონა რობერტსის, ცხოვრება ძალიან ჰგავს ჰოლივუდურად შეთხზულ ზღაპარს გოგონაზე, რომელიც ვარსკვლავად იქცა. ერთ მშვენიერ დღეს მან ჯადოსნური პრინცების სამყაროში გაიღვიძა და იმის გარკვევას შეუდგა, ვინ მეტად იყო მისი ღირსი... ყველა სასიყვარულო ისტორიას კი, როგორც მისმა მეგობარმა, მსახიობმა სუზენ სარანდონმა განაცხადა, ღირსეულად ასრულებდა.

ახლა ის სამაგალითო მეუღლე და სამი შვილის დედაა, თუმცა, თავის დროზე, მამაკაცთა გულებს იოლად იპყრობდა...

ჯულია 1967 წლის 28 ოქტომბერს ჯორჯიის შტატში დაიბადა. ბავშვობაში ვეტერინარობაზე ოცნებობდა. სკოლის დამთავრების შემდეგ ნიუ-იორკს მიაშურა და სხვადასხვა სამსახიობო კურსზე ჩაეწერა, თუმცა, ვერც ერთის დამთავრება ვერ მოახერხა. სამოდელო სააგენტოებშიც არავინ აქცევდა ყურადღებას, ამიტომ სწავლასა და სინჯებს შორის დროის მონაკვეთებში სპორტული ფეხსაცმლის მაღაზიაში გამყიდველად მუშაობდა. უფროსმა ძმამ, ერიკმა, რომელიც უკვე რამდენიმე ბოევიკში იყო გადაღებული, მორიგ ფილმში დაიკო ეპიზოდურ როლში გადასაღებად მიიყვანა... იმხანად ჯულიას რომანი ჰქონდა ლიამ ნისონთან (ჯედაი კვაიგონგი "ვარსკვლავური ომებიდან"). რამდენიმე ეპიზოდური როლის შემდეგ ჯულია "ფოლადის მაგნოლიებში" გადაიღეს, რისთვისაც "ოქროს გლობუსი" მიიღო და თავისი პარტნიორის, დილან მაკდერმოტის საცოლეც გახდა, თუმცა, 1990 წელს მასაც დაშორდა.

იმავე წელს ჰარი მარშალმა პროდიუსერები დაარწმუნა, ჯულია ფილმ "300 დოლარში" მიეწვიათ მთავარ როლზე. ფილმს ჯულიას მომხიბლავი ღიმილის გამო სახელწოდება შეუცვალეს და "ლამაზმანი" დაარქვეს. რობერტსის პარტნიორი ჯენტლმენი რიჩარდ გირი იყო, რომლის სიყვარულმაც ქალს თავი დააკარგვინა, თუმცა, გირთან რომანი ფილმის გადაღებასთან ერთად დასრულდა... ჯულიას გულში ლახვარი ჩასცეს, მაგრამ მის კარიერაში ნამდვილი გარღვევა მოხდა - თანამედროვე კონკიას როლმა 23 წლის მსახიობს ჯერ მსოფლიო სახელი, შემდეგ კი კინოს ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ვარსკვლავის ტიტული მოუტანა.

გირთან რომანის შემდეგ რობერტსმა რომანი გააბა კიფერ საზერლენდთან. საქმე ქორწილამდე მიდიოდა, 600 სტუმრისთვის დიდი წვეულების სამზადისიც წამოიწყეს, მაგრამ საქმრო ქორწილამდე ცოტა ხნით ადრე სკანდალში გაება - პაპარაცებმა უცნობ მოცეკვავე ქალთან გამოიჭირეს. ჯულია გაცოფდა და რჩეულს მის საუკეთესო მეგობარ ჯეისონ პატრიკთან უღალატა, ქორწილამდე სამი დღით ადრე ჯეისონთან ერთად ირლანდიას მიაშურა.

"ძალიან ვუახლოვდები იმ მამაკაცებს, რომლებთანაც მუშაობა მიწევს", - გამოტყდა ერთხელ ვარსკვლავი. მას საზერლენდთან განშორების შემდეგ ურიცხვი ხანმოკლე რომანი ჰქონდა. მის საყვარლებს შორის იყვნენ: ჯორჯ კლუნი, მეთიუ პერი, დენიელ დელ ლიუისი, კემპბელ სკოტი, ითან ჰოუკი (უმა თურმანის ყოფილი ქმარი), ჯონ მალკოვიჩი, აიდან ქუინი და შონ პენი (მადონას ყოფილი ქმარი). ერთხანს "ლამაზმანი" ნუგეშს თავისი მწვრთნელის, პასკუალე მანოკიას მკლავებშიIც ეძებდა. ვარსკვლავის "სასიყვარულო წესებიდან" გამონაკლისი აღმოჩნდა ჰიუ გრანტი, რომელთანაც ჯულიამ "ნოტინგჰილში" ითამაშა.

"გაქცეული პატარძლის" გადაღებისას რობერტსი კვლავ რიჩარდ გირის ტყვეობაში აღმოჩნდა და მასთან ხელახალმა განშორებამ დეპრესიაში ჩააგდო, რის შემდეგაც ქალმა მსოფლიო გააოცა, როცა ქანთრის მომღერალ ლაილ ლოვეტს გაჰყვა ცოლად. ეს ცნობა ყველამ ხუმრობად მიიღო, რადგან ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ "ლამაზმანმა" არჩევანი "ურჩხულზე" შეაჩერა. მათი ქორწინება 21 თვეს გაგრძელდა...

როცა ჯულიამ რომანი გააჩაღა ბენჟამინ ბრეტთან, ჰოლივუდში ალაპარაკდნენ, რომ როგორც იქნა, თავისი ოცნების მამაკაცი იპოვა, რადგან ჯულია ძალიან ბედნიერი ჩანდა. თუმცა, აღმოჩნდა, რომ ტკბილ წყვილს იდეალური ურთიერთობა სულაც არ ჰქონია - ბენს სრულფასოვანი ოჯახი და შვილები უნდოდა, "ლამაზმანს" კი კარიერა უფრო აინტერესებდა. მათი განშორების ოფიციალური ვერსია ასეთი იყო: "ჯულია სერიოზული ურთიერთობისთვის მზად არ არის".

ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ "ინათხოვრა" რობერტსმა თავისი ამჟამინდელი ქმარი დენიელ მოდერი მისი კანონიერი ცოლის ვერა შტაინერ-მოდერისაგან, ჰოლივუდში ლეგენდად იქცა.

"შენი ქმარი ისეთი საყვარელია, ვერ მათხოვებ?" - ჰკითხა ჯულიამ. "რასაკვირველია, გათხოვებ, თუკი ხელუხლებელს დამიბრუნებ", - წაიოხუნჯა ვერამაც, რომელსაც ჯულიას სიტყვები ხუმრობად მოეჩვენა... მოკრძალებული ოპერატორი დენი მოდერი "ლამაზმანმა" ფილმ "მექსიკელის" გადასაღებ მოედანზე გაიცნო, სადაც მთავარ როლს პრიალაგარეკანიანი ჟურნალების ვერსიით, ყველაზე სექსუალური, ცისფერთვალება ბრედ პიტი ასრულებდა, თუმცა, ორ მეგავარსკვლავს შორის სასიყვარულო ნაპერწკალი არ ანთებულა.

"ახლა დენი ის ბედნიერი კაცია, რომელიც შეყვარებულთა მსოფლიო დღეს ეკრანის ქალღმერთთან ხვდება!" - იცინის ჯულია. სამი შვილის გაჩენისა და მშვიდი ოჯახური ცხოვრების ფონზე, ჯულიაც დაშოშმინდა...”

"შვილების შემხედვარეს სიხარული მიპყრობს, ჩემი ქმარი კი კარგი ადამიანია. მასთან ძალიან ბედნიერი ვარ!" - აცხადებს ვარსკვლავი, რომელმაც ერთ-ერთ გამოცემასთან ინტერვიუში, კითხვაზე, - რას ეფუძნება მისი ურთიერთობა ქმართან, - ორაზროვანი პასუხი გასცა: "როგორც წესი, ამ თემაზე საუბრისას ტყუილებს ვფქვავ, უფრო სწორად, ვიტყუები, როცა კითხვა ჩემს პირად ცხოვრებას ეხება".

ალბათ, ამ სიტყვებისა და ჯულიას მონადირე ბუნების გამო, როცა ფილმის "ჭამე, ილოცე, შეიყვარე" გადაღებები კუნძულ ბალიზე მიმდინარეობდა, სადაც ჯულია სასიყვარულო სცენებს თამაშობდა ხავიერ ბარდემთან, მისი ცოლი პენელოპა კრუსი ხანგამოშვებით კუნძულს სტუმრობდა, რათა რობერტსს ღმერთი არ გასწყრომოდა, ახლა ხავიერი არ ამოეღო მიზანში და პენელოპასთვის საყვარელი ქმარი არ ეთხოვა.