ჰიუ ჯეკმანი - "ცოლს არასოდეს ვუღალატებ!"
26-05-2014
ჰიუ ჯეკმანი - "ცოლს არასოდეს ვუღალატებ!"
"X ადამიანების" თაყვანისმცემლებს ალბათ, იმედი გაუცრუვდებათ, მაგრამ ჰიუ ჯეკმანი როსომახა სულაც არ არის. ყველა ინტერვიუში ჯეკმანი მოთმინებით განმარტავს, რომ რეალურ ცხოვრებაში სრულებით არ ჰგავს ლოგანს. ის ძალიან გაუბედავია და სუში-ბარის მენიუმაც კი შესაძლოა საგონებელში ჩააგდოს. თავისი გმირისგან განსხვავებით, ჰიუს წონასწორობიდან გამოყვანა ძნელია, არ ატარებს ბაკენბარდებს და რეგულარულად იკეთებს მანიკიურს.
იცით თუ არა, რომ ეს უნაკლო მამაკაცი უპირატესობას კომიქსებს კი არა, მიუზიკლებს ანიჭებს? ანდა, იცით, რამდენი თეატრალური ჯილდო აქვს მიღებული? ურიცხვი!

2009 წელს იგი პლანეტის ყველაზე სექსუალურ მამაკაცად აღიარეს, 2002-2004 წლებში ჟურნალ  Pეოპლე-ს მიერ შედგენილ მსოფლიოს 50 ულამაზესი მამაკაცის სიაში მოხვდა.

ჰიუ ჯეკმანი 1968 წელს სიდნეის გარეუბანში დაიბადა. მისი მშობლები, წმინდა სისხლის ინგლისელები, ავსტრალიაში იოლი ლუკმის ძიებაში გადასახლდნენ, რადგან მაშინ იქ ცხოვრების დასაწყებად ჯიბეში 10 გირვანქა
სტერლინგიც კმაროდა. ჰიუს მამა კემბრიჯის კურსდამთავრებული კრის ჯეკმანი აუდიტორულ ფირმაში ბუღალტრად მოეწყო, დედა კი, პროფესიით ფსიქოლოგი, სერიოზულ პრობლემას წააწყდა - ავსტრალიელები მენტალურად საოცრად ჯანმრთელები აღმოჩნდნენ და ფსიქოლოგის მომსახურებას არ საჭიროებდნენ.

ჰიუ 8 წლისა იყო, როცა დედამისმა ჩემოდანი ჩაალაგა და უკან, ინგლისში გაემგზავრა. მამას კი 5 შვილის გამოკვება და აღზრდა დააწვა კისერზე (ჰიუს ორი ძმა და ორი და ჰყავდა). კლასელების დედებს ებრალებოდათ ჰიუ, ბიჭი კი თავს გარიყულად მიიჩნევდა. ალბათ ამიტომაც იყო, რომ როცა ჯეკმანმა თავისზე 13 წლით უფროსი დებორა ფერნესი ცოლად შეირთო, ჟურნალისტებმა დაწერეს, რომ ჰიუმ ბოლოს და ბოლოს, მზრუნველი დედა იპოვა...
ჰიუს მამა ძალ-ღონეს არ იშურებდა, რომ შვილებისთვის განათლება მიეცა.  დიდ ყურადღებას უთმობდა სპორტსაც, ამიტომ წრეებისა თუ  კურსების საფასურის გადახდისას არ ძუნწობდა, თუმცა, როცა საუბარი ახალ ჯინსს ან ფეხსაცმელს შეეხებოდა, მყისვე ხელმომჭირნე ხდებოდა. ასე რომ, მომავალი ვარსკვლავი ღამღამობით ბენზინგასამართ სადგურზე მუშაობდა. თუმცა მას შემდეგ, რაც ჰიუს შემცვლელი მძარცველმა დაჭრა, ჯეკმანმა გადაწყვიტა, რომ ერთ ცვლაში 10 დოლარი სიცოცხლის ფასად არ ღირდა.

ჰიუს სპორტი უყვარდა: ცურავდა, სერფერობდა, ჯირითობდა და ფეხბურთს თამაშობდა. პარალელურად ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე სწავლობდა, მაგრამ მალე განიხიბლა პროფესიით, რადგან მიხვდა, რომ ძირითადად ვარსკვლავებს უნდა ჩასაფრებოდა პლაჟებზე და შეეთხზა ისეთი ტიპის სათაურები, როგორიც არის მაგალითად, "ჯორჯ ბუში ტარაკნებმა აღზარდეს"...

ერთხელ სატრენაჟორო დარბაზში "თეთრი ალქაჯი" გაიცნო (ქალი ასე გაეცნო), რომელმაც უთხრა, რომ სახელგანთქმული მსახიობი გახდებოდა და საკუთარი სიტყვებისთვის მეტი დამაჯერებლობა რომ მიენიჭებინა, მაშინვე დაურეკა კასტინგ-აგენტს. მეორე დღესვე ჰიუს როლი შესთავაზეს რეიტინგულ სერიალში "მეზობლები". პარალელურად მან თეატრალურ აკადემიაში ჩააბარა და საპნის ოპერაში თამაშზე უარი განაცხადა...
საგულისხმოა ისიც, რომ ტაბლოიდებმა ჯეკმანისადმი ინტერესი მაშინ კი არ გამოიჩინეს, როცა ის ლოურენს ოლივიეს პრემიის მფლობელი გახდა, არამედ მაშინ, როცა როსომახა ითამაშა "X ადამიანებში". რომ არა ბაკენბარდებიანი და ბრჭყალებიანი ჭაბუკის როლი, მას ყურადღებას არ მიაქცევდნენ ვუდი ალენი და დარენ არნოვსკი...

აკადემიის დამთავრების შემდეგ ჰიუს როლი შესთავაზეს სატელევიზიო დრამაში "კორელი", სადაც  გაავებული ტუსაღი უნდა განესახიერებინა. სწორედ გადასაღებ მოედანზე გაიცნო ჯეკმანმა მომავალი მეუღლე, მასზე 13 წლით უფროსი დებორა ლი ფერნესი. 1996 წელს, პირველი პაემნის ერთი წლის თავზე დაქორწინდნენ. ჰიუს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ დებისთან შეხვედრის პირველსავე წუთიდან ქალი თავდავიწყებით შეუყვარდა. 18-წლიანმა ცოლქმრობამ წყვილის სიყვარული ვერ გაახუნა, ჰიუს თქმით, დებორა მისი "დღის სინათლეა", რომელსაც სამარის კარამდე არ დაშორდება. როცა ეკითხებიან, რომელი კერძი გიყვარსო, ღიმილით პასუხობს: "ჩემი ცოლის მომზადებულიო"...

2009 წელს, როცა ჯეკმანი მსოფლიოს ყველაზე სექსუალურ მამაკაცად დასახელდა, დებორას ჰკითხეს, როგორ შეხვდა მეუღლის ახალ სტატუსს, რაზეც ქალმა მშვიდად მიუგო: "მე ეს ვიცოდი, სხვაგვარად ჯეკმანს არც გავყვებოდი ცოლად!"

აი, რას ამბობს ჰიუზე ნიკოლ კიდმანი: "მე ვიცი მიზეზი იმისა, რის გამოც ჰიუ ასე მოსწონთ ქალებს. მას სიყვარულის უნარი შესწევს. ჰიუს ცოლი ძალიან უყვარს და სხვა ქალებს იოტისოდენა შანსიც არა აქვთ, ჯეკმანის ყურადღება მიიპყრონ. ჰოლივუდში ასეთი მსახიობები თითზე ჩამოსათვლელია!".”
თავად ჯეკმანი ბედნიერია, რომ ყოველ დილით ცოლის გვერდით იღვიძებს. "ღალატი ყველაზე სასტიკი დანაშაულია, რაც საყვარელი ადამიანის მიმართ შეიძლება ჩაიდინო. ცოლს არასოდეს ვუღალატებ! არა მხოლოდ იმიტომ, რომ ამით დიდ ტკივილს მივაყენებ, არამედ იმიტომ, რომ არ მომასვენებს ცოლქმრული ერთგულების დარღვევის ფიცი. სინდისი შემაწუხებს - ჰიუ, ეს რა ჩაიდინე, შენ უბრალოდ არარაობა ხარ!.. ახალგაზრდობაში ჩემი რომანები თვეზე მეტხანს ისედაც არ გრძელდებოდა, მაგრამ დების გამოჩენის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა!"

ქორწინების შემდეგ ჯეკმანის კარიერამ აღმასვლა დაიწყო, თუმცა, დებორა ქმრის აჩრდილად არ ქცეულა - თამაშობდა კინოში, იღებდა საკუთარ ფილმებს, დაკავდა ქველმოქმედებით და საყვარელი მამაკაცისთვის შვილის ჩუქებაზე ოცნებობდა. წყვილმა ყველა საშუალებას მიმართა, მაგრამ დები არ ფეხმძიმდებოდა. მაშინ ჰიუმ ცოლს შვილის აყვანა შესთავაზა. მალე ისინი ვაჟის, ოსკარ მაქსიმილიანის მშობლები გახდნენ, 5 წლის შემდეგ კი გოგონა, ავა ელიოტი იშვილეს. დებორას არასოდეს ჰყოლია ძიძა, სამუშაოსა და ოჯახს მშვენივრად უთავსებს ერთმანეთს.
უქმეებსა და არდადეგებს ოჯახი მუდამ ერთად ატარებს. ჯეკმანი ოსკარს ქალებისადმი პატივისცემას უნერგავს, ავაზე კი გამუდმებით ნერვიულობს, რადგან ზუსტად იცის, რას წარმოადგენენ მამაკაცები...


ჰიუს 13 წლით უფროსი დებორა ლი ფერნესი დანახვისთანავე თავდავიწყებით შეუყვარდა. 18-წლიანმა ცოლქმრობამ წყვილის სიყვარული ვერ გაახუნა, ვარსკვლავის თქმით, დებორა მისი "დღის სინათლეა", რომელსაც სამარის კარამდე არ დაშორდება. ჯეკმანი ბედნიერია, რომ ყოველ დილით ცოლის გვერდით იღვიძებს. "ღალატი ყველაზე სასტიკი დანაშაულია, რაც საყვარელი ადამიანის მიმართ შეიძლება ჩაიდინო. ცოლს არასოდეს ვუღალატებ!"
დებორა საყვარელი მამაკაცისთვის შვილის ჩუქებაზე ოცნებობდა. წყვილმა ყველა საშუალებას მიმართა, მაგრამ დები არ ფეხმძიმდებოდა... მაშინ ჰიუმ ცოლს შვილის აყვანა შესთავაზა. მალე ისინი ვაჟის მშობლები გახდნენ, 5 წლის შემდეგ კი გოგონა იშვილეს. უქმეებსა და არდადეგებს ოჯახი მუდამ ერთად ატარებს. ჯეკმანი ბიჭს ქალებისადმი პატივისცემას უნერგავს, გოგოზე კი გამუდმებით ნერვიულობს, რადგან ზუსტად იცის, რას წარმოადგენენ მამაკაცები...
კესანე გვეტაძე
11 ნოემბერი 2017 21:30
აი ასე უნდა აზროვნებდეს ნამდვილი მამაკაცი!

რედაქტორის რჩევით