კიანუ რივზი შავოსანი მარტოსული
02-06-2014
კიანუ რივზი შავოსანი მარტოსული
ჰოლივუდის ყველაზე იდუმალი მსახიობი კიანუ რივზი სახელგანთქმული, მიმზიდველი და მდიდარია, თუმცა, მარტოსული. მისი გული ვერ დაიპყრეს ვერც შერონ სტოუნმა, ვერც უაინონა რაიდერმა, ვერც სანდრა ბალოკმა და ვერც გვინეტ პელტროუმ. ერთხელ სანდრამ კიანუ ლას-ვეგასში დაპატიჟა და იმედი მიეცა, რომ ეს სასიყვარულო ისტორიის დასაწყისი იყო. სასტუმროში კი კიანუმ ორი ნომერი შეუკვეთა და ღამითაც, როცა ეროტიკულ საღამურ სამოსში გამოწყობილმა ბალოკმა შამპანურით ხელში კარზე დაუკაკუნა, რივზმა ჰკითხა, ხომ არ გცივაო, თავის საწოლზე დააწვინა, საბანში
ჩაფუთნა და თავად შექსპირის კითხვა გააგრძელა.

ბედი თითქოს დასცინოდა კიანუ რივზს. ჯერ იყო და, მის უსაყვარლეს უმცროს დაიკო კიმს საზარელი დიაგნოზი - ლეიკემია დაუსვეს. რა აღარ იღონა დის გადასარჩენად: საკუთარი ხელით აჭმევდა, ჰბანდა, მასაჟს უკეთებდა და მის გვერდითაც ეძინა, იყიდა უზარმაზარი სახლი ჰავაის კუნძულებზე, ჰოსპიტლად
გადააკეთა და სამუშაოდ მსოფლიოს საუკეთესო ექიმები მიიწვია, თუმცა, სასიკვდილო სენი მაინც ვერ დაამარცხა. კიმის სიკვდილის შემდეგ მძიმე დეპრესიაში ჩავარდა: არ რთავდა ტელევიზორს, არ პასუხობდა სატელეფონო ზარებს და გამუდმებით სვამდა.


შემდეგ რივზის საუკეთესო მეგობარი რივერ ფენიქსი, რომელთან ერთადაც მსახიობი თამაშობდა ფილმში "ჩემი პირადი აიდაჰოს შტატი",  ნარკოტიკების ზედოზირებით გარდაიცვალა... რამდენიმე წლის შემდეგ კი დაიღუპა მისი ჯერ დაუბადებელი ბავშვი. როცა მეგობარმა ქალმა, დამწყებმა მსახიობმა ჯენიფერ საიმმა, ფეხმძიმობის ამბავი აუწყა, რივზი სიხარულით მეცხრე ცაზე დაფრინავდა. მანაც და ჯენმაც იცოდნენ, რომ გოგონა შეეძინებოდათ და სახელიც კი შეურჩიეს - ავა არჩერ საიმ-რივზი. თუმცა, პაწაწა ისე დაიღუპა, დღის სინათლე ვერ იხილა.
"მაშინ ლონდონში ვიყავი, ჯენიფერმა დამირეკა და ისე ქვითინებდა, რომ სიტყვები ვერ გავარჩიე, - იხსენებს კიანუ, - მხოლოდ ის გავიგე, რომ ავას რაღაც დაემართა. სასწრაფოდ ლოს-ანჯელესში გავფრინდი. თურმე ნაყოფი მუცელშივე დაიღუპა... ეს უსამართლობაა!"

ტრაგედია შობის წინადღეს მოხდა. მას შემდეგ კიანუს ეს დღესასწაული სძულს. თუმცა, ამით რივზის განსაცდელი არ დასრულებულა - ჯენიფერი შვებას ალკოჰოლსა და ნარკოტიკებში ეძებდა. კიანუმ არ იცოდა, როგორ ეშველა საყვარელი ქალისთვის, თავადაც ხომ ძალიან ცუდად გრძნობდა თავს.  წლისთავზე კი ახალი ტრაგედია დატრიალდა: საიმმა საჭე ვერ დაიმორჩილა, თავისი ჯიპით მანქანას შეენარცხა და იქვე დალია სული. ჯენი ლოს-ანჯელესში, პატარა ავას გვერდით, ვესტვუდის სასაფლაოზე დაკრძალეს.

მას შემდეგ შავი მსახიობის საყვარელ ფერად იქცა. კიანუს უხდება შავი პერანგებიც, სმოკინგებიცა და კლასიკური კოსტიუმიც. შავი ლაბადა კი, რომელშიც მისი გმირი ნეო "მატრიცაში"”გამოჩნდა, სულაც საკულტოდ იქცა. მის არსენალში მხოლოდ შავი სამოსი როდია. როცა მას არავინ ხედავს, მსახიობი დაჭმუჭნილ ჯინსს, ყავისფერ პიჯაკსა და სქელლანჩიან ფეხსაცმელს იცვამს. ასე ჩაცმულზე სულაც ვერ იტყვი, რომ უკვე 50 წლისაა.

რივზი გადატანილი ტრაგედიის შემდეგ დიდხანს ვერ მოდიოდა გონზე და ქალებსაც გაურბოდა: "ვაითუ პარტნიორი დაფეხმძიმდეს და ყველაფერი განმეორდეს?" - შიშობდა იგი. მძიმე მდგომარეობაში მყოფს ნუგეშისმცემლად ძველი მეგობარი ქალი ოტემ მაკინტოში მოევლინა.  ოტემი მოთმინებით უსმენდა, საჭმელს უმზადებდა, ურეცხავდა, სახლს ულაგებდა. ერთი სიტყვით, მის ძიძად გადაიქცა. რივზმა ზრუნვა დაუფასა და ერთ ჭერქვეშ ცხოვრება შესთავაზა, ოღონდ ოტემის სახლში... რადგან საკუთარი სახლი  არ ჰქონდა. მის შესაძენად ფული კი არ ენანებოდა - პირიქით, კიანუს ჰოლივუდში ძალიან ხელგაშლილ კაცად იცნობენ, ბოლო ლუკმასაც კი სხვას უწილადებს,  უბრალოდ, მას მომთაბარე ცხოვრება უყვარს. ოტემს  ძალიან არ მოსწონდა რჩეულის ჩვევა, ყოფილ შეყვარებულებთან მეგობრული ურთიერთობა შეენარჩუნებინა (მათ შორის კი იყვნენ ლამაზმანები სოფია კოპოლა და კლერ ფორმანი). თანაც, ვარსკვლავი ქალისთვის გულისა და ხელის შეთავაზებას არ ჩქარობდა.

ოტემთან განშორების შემდეგ რივზს რამდენიმე ხანმოკლე რომანი ჰქონდა. არცთუ იშვიათად იგი ცნობილ მსახიობ ქალებთან ერთად ჩნდებოდა ხალხმრავალ ადგილებში, სადაც უთუოდ იყვნენ ჩასაფრებული პაპარაცები. მათი თქმით, "ნეოს" რომანტიკული ურთიერთობა აკავშირებდა ლინ კოლინზთან, პარკერ როუზთან, კემერონ დიასსა და შარლიზ ტერონთან. იმასაც ამბობდნენ, თითქოს რივზს რომანი ჰქონდა მასზე 20 წლით უფროს დაიან კიტონთან.
2012 წელს რივზს მსახიობ და მანეკენ როჯერ ჰარტთან რომანიც მიაწერეს. თავად ვარსკვლავი არაფერს ადასტურებდა, თუმცა, არც უარყოფდა...
"ყველა ჩემი რომანი მშვენიერი, თუმცა, ხანმოკლე იყო. მე ხომ არავის შევპირებივარ მარადიულ სიყვარულს", - ამბობს რივზი.

2010 წელს მსახიობმა გადაწყვიტა, მარტოობისთვის ბოლო მოეღო და სახლი იყიდა. მედიაში ცნობებიც გავრცელდა, თითქოს ვარსკვლავმა თავისი ბედი მსახიობ კლერ ფორლანს დაუკავშირა, თუმცა, როგორ ვითარდებოდა მათი რომანი, არავინ იცის. კითხვას კი, გაუმკლავდა თუ არა იგი მრავალწლიან დეპრესიას, "ნეომ" უპასუხა: "მხოლოდ ის ვიცი, რომ მწუხარება ფორმას იცვლის, მაგრამ არ გტოვებს... ასე მგონია, მოხეტიალე მგზავრი ვარ. ერთ ადგილზე ვერ ვჩერდები. არ მივილტვი სტაბილურობისკენ, მატერიალური ფასეულობების დაგროვებისკენ. ბანალურია, მაგრამ ბედნიერება ნამდვილად არ არის ფულში. ფული მხოლოდ ინსტრუმენტია, რომლითაც თავისუფლებას ყიდულობ", - ამბობს მსახიობი.
maria
06 აპრილი 2015 20:53
ვაიმე ვგიჟდები ამ კაცზე ძალიან ძალიან მიყვარს, ასეთი ტრაგედიების შემდეგ მე გონს ვერ მოვიდოდოლი ყოჩაღ კიანუ. შენ მაგალითი ხარ ადამიანობის, სიყვარულის, სიკეთის და თავმდაბლობის. ვისურვებდი რომ ყველა მსახიობი, მომღერალი თუ ჩვეულებრივი ადამიანი შენ გგავდეს
maia
13 ივნისი 2014 22:26
საყვარელია
tiko
02 ივნისი 2014 11:45
ვგიჟდები ამ კაცზე! ძალიან მაგარი მსახიობი და უფრო მაგარი ადამიანია, თავისი პიროვნული ტრაგედიების მერე არ დაუკარგავს ადამიანობა, დიდი ქველმოქმედია, არ აწუხებს ''ჰოლივუდის დაავადება''... ძალიან მიყვარხარ ჩემო ანდროგენო

რედაქტორის რჩევით