მეგი გოგიტიძე - "ნახევარფინალში 9 თვის ფეხმძიმემ ვიმღერე" (ექსკლუზივი)
მეგი გოგიტიძე - "ნახევარფინალში 9 თვის ფეხმძიმემ ვიმღერე" (ექსკლუზივი)
"ამხელა უკრაინაში ქართულად ვიმღერე და ჩემს ქართველებს აქედან მივუალერსე" - უკრაინული "ახალი ხმის" ქართველი ვარსკვლავი

"სიგიჟემდე მიყვარს, მასაც სიგიჟემდე ვუყვარვარ და ამით უბედნიერესები ვართ!"

"ჯერჯერობით ბევრი არაფრისთვის მიმიღწევია და აუცილებლად გავაკეთებ"


ქართველები უკრაინული "ახალი ხმის" ბოლო სეზონებში მონაწილეობას ხშირად იღებენ და წარმატებასაც აღწევენ - ოთო ნემსაძემ მეორე ადგილი დაიკავა, წლევანდელ სეზონში კი მეგი გოგიტიძემ დაამახსოვრა უკრაინელ ხალხს თავი. ის "ბრმა ქასთინგზე" 5 თვის ფეხმძიმე გამოვიდა და მწვრთნელის, ანი ლორაკის გუნდში
მოხვდა. მეგიმ რამდენიმე ტური წარმატებით გაიარა და ნახევარფინალამდე მიაღწია. მომღერალი საკუთარ თავსა და უკრაინულ "ახალ ხმაზე" "კვირის პალიტრას" ესაუბრა.

- მეგი, შენი სახელი და სიმღერები ბევრმა იცის, მაგრამ შენ შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი...


- 24 წლის ვარ. ბენდში მოღვაწეობა, სიმღერების ჩაწერა აქტიურად 16 წლის ასაკში
დავიწყე. აბსოლუტურად მარტო შევუდექი საქმიანობას. ბარებში ვმღეროდი. გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ იყო სტუდია, სადაც სიმღერის ჩაწერა შემეძლებოდა, მეგობრების დახმარებით და სხვადასხვა საშუალებით ძლივს თუ ვახერხებდი რაღაცას. ვფიქრობ, ჯერჯერობით ბევრი არაფრისთვის მიმიღწევია და აუცილებლად მივაღწევ, რადგან მე ვარ ადამიანი, რომელიც ამის გარეშე ვერ იცხოვრებს და მოისვენებს.

- მოდი, უკრაინულ "ახალ ხმაზე" ვილაპარაკოთ. როგორ მოხვდი იქ?

- მე და ჩემი მეუღლე კიევში ვაპირებდით წასვლას და ვიფიქრე, რომ უკრაინულ "ვოისში" ბედი უნდა მეცადა. თუ გამიმართლებდა, მივიდოდი. უკრაინაში რომ ჩამოვედით, უკვე ოთხი თვის ფეხმძიმე ვიყავი, ხუთი თვის ფეხმძიმე კი "ბრმა ქასთინგზე" მივედი, მომიწონეს და შემდეგ როგორ განვითარდა მოვლენები, თავად იხილეთ.

- მონაწილეობის მიღებაში რამდენად იყო ხელისშემშლელი ფაქტორი ის, რომ ფეხმძიმედ იყავი?

- ახლა უკვე ფეხმძიმობის ბოლო დღეებში ვარ. რთული ჩემთვის არ ყოფილა, პირიქით, დამეხმარა კიდეც. ერთადერთი ის მომენტი აღმოჩნდა რთული, რომ უკვე ბოლო ტურში, ანუ ნახევარფინალში 9 თვის ფეხმძიმემ ვიმღერე, რაც ბოლო ამოსუნთქვა იყო ჩემთვის. ბავშვი გაიზარდა, ნაყოფი დიდია და ამიტომ, თორემ ისე არანაირად არ ყოფილა ხელისშემშლელი ფაქტორი.

- ჟიურის წევრებზე და განსაკუთრებით შენს მწვრთნელზე, ანი ლორაკზე მოგვიყევი...

- სვეტასლავ ვაკარჩუკს, ამ უნიჭიერეს ადამიანს უდიდეს პატივს ვცემ. რაც შეეხება თამარ გვერდწითელს, ის უნიჭიერესი და უნიკალური ადამიანია. იმდენად უბრალო და უშუალოა, რომ შეიძლება გაგიჟდე. რაც მიყვარს ადამიანში და რასაც ვაფასებ, ზუსტად ის თვისებები აქვს ამ ქალს. სერგეი ლაზარევი კი ჩემთვის ნელ-ნელა ძალიან საყვარელი ადამიანი გახდა, ზუსტ და კონკრეტულ შენიშვნებს იძლეოდა ყველა მონაწილის მიმართ. ჩემი მწვრთნელი, ანი ლორაკი კი ძალიან საყვარელი და კარგი გოგოა, თბილი ურთიერთობა გვაქვს. როგორც მწვრთნელი და პროფესიონალი, უმაღლესი დონისაა.

- შენთვის რომელი გამოსვლა იყო ყველაზე დასამახსოვრებელი?


- ყველაზე სასიამოვნო პერფორმანსი იყო "ნოქ-აუტის" ტურში, როცა ქართული სიმღერა, "ყვავილების ქვეყანა" შევასრულე. ეს აბსოლუტურად სხვა, ჩემი ვერსია იყო. ტექსტის ნაწილი ჩემია, ნაწილი - ტერენტი გრანელის და ბოლოს მთავრდება ისე, როგორც "ყვავილების ქვეყანა". ჯერ იმიტომ იყო ეს შესრულება ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო, რომ ამხელა უკრაინაში ქართულად ვიმღერე და ჩემს ქართველებს აქედან მივუალერსე. მეორეც, იმპროვიზირებული და თავისუფალი მუსიკოსი ვარ, აქედან გამომდინარე, ამ სიმღერაში ყველაზე დიდი თავისუფლება მქონდა, მომცეს უფლება, პროექტის ჩარჩოების მიღმა ვყოფილიყავი.

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვს და ოჯახური მდგომარეობა ხომ არ შეგაფერხებს საქმიანობაში, თუ მხოლოდ მცირე შესვენებას აპირებ?


- უმთავრესი ჩემთვის არის ის, რომ ჩემი გოგონა ჯანმრთელი დაიბადოს და მეც ჯანმრთელი ვიყო. ბავშვის გაჩენა ყველაზე დიდი სასწაული იქნება. მუსიკას რაც შეეხება, 23 აგვისტოს უკვე კონცერტი მაქვს დანიშნული, ამით კი უკვე გეუბნებით იმას, რომ გაჩერებას არ ვაპირებ. ქართველებს ყველაფერს შევატყობინებ, ჩამოვალ და კონცერტებს საქართველოშიც აუცილებლად დავგეგმავ.

- მეუღლეზეც თუ შეგიძლია, რომ რამე გვითხრა?

- ჩემი მეუღლე ვერ იტანს, როცა მასზე ვლაპარაკობ. არ უყვარს გამოჩენა, კულისებიდან მაკვირდება. ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, ისაა, რომ ის სიგიჟემდე მიყვარს, მასაც სიგიჟემდე ვუყვარვარ და ამით უბედნიერესები ვართ!

ეკა აბაშიძე (სპეციალურად საიტისთვის)
qeTi
10 დეკემბერი 2014 19:42
რა საკვარლები ხარტ ორივენი. გიხარეტ
marina
13 ივნისი 2014 02:10
მოვუსმინე ამ არაჩვეულერივ გოგონასდა ძალიან მომეწონა,შესანიშნავად მღერის,წარმატებებს ვუსურვებ გულით!
Tamuna
12 ივნისი 2014 20:27
მეგი, არაჩვეულებრივი გოგო ხარ. ძალიან ამაყი ვარ, რომ შენნაირი ნიჭიერი ადამიანები წარადგენენ ჩვენს ქვეყანას. ბედნიერ დედობას და პროფესიულ წარმატებებს გისურვებ

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თვის კითხვადი სტატიები