ლაშა ონიანი - "ჩემპიონატის გახსნას ჯეი ლოს გამოჩენამაც ვერ უშველა" - კვირის პალიტრა

ლაშა ონიანი - "ჩემპიონატის გახსნას ჯეი ლოს გამოჩენამაც ვერ უშველა"

"ჩემი აზრით, ბრაზილიური ეგზოტიკა არადამაკმაყოფილებლად იყო ნაჩვენები"

"Allianz Arenaა" -ს გახსნის ცერემონიისთვის ერთი არწივი გვჭირდებოდა და ორი მოიყვანეს"

ევროპაში მოღვაწე ქართველ რეჟისორს - ლაშა ონიანს სამჯერ მოუხდა მუშაობა უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალის გახსნაზე - 2003, 2006 და 2009 წლებში... 2009 წლის ჩემპიონთა ლიგა გამორჩეული იყო. კონცერტი, რომელზეც უსინათლო ტენორმა ანდრეა ბოჩელიმ იმღერა, რომაელი მებრძოლი ქალების რაზმების თანხლებით გაიმართა. 70 გოგონა ლაშა ონიანმა საქართველოში შეარჩია. ეს ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც ევროპაში ჩემპიონთა ლიგის გახსნაში ქართველები მონაწილეობდნენ...…შოუს დამდგმელი რეჟისორიც სწორედ ლაშა ონიანი იყო, რომელმაც შოუში ქართული ქორეოგრაფიული ელემენტები შეიტანა. მის ჩანაფიქრს დიდი მოწონება ხვდა წილად - სტადიონზე მყოფ 80000 გულშემატკივრისაგან სულ რაღაც რვაწუთიან ინსცენირებაში ოთხჯერ მხურვალე ოვაცია დაიმსახურა. ტელეეკრანებიდან კი 2 მილიარდზე მეტმა მაყურებელმა იხილა ეს შთამბეჭდავი სანახაობა... გახსნას ესწრებოდა იტალიის პრეზიდენტი - სილვიო ბერლუსკონიც...

ლაშა ონიანს საფრანგეთში დავუკავშირდით და ვთხოვეთ, 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის ცერემონია შეეფასებინა...

- ეს იყო სამნაწილიანი შოუ, 600 მონაწილით - მოცეკვავეები, აკრობატები და კაპოეირას შემსრულებლები... პირველი ნაწილი ბრაზილიის ბუნების მრავალფეროვნებას და დედამიწისთვის მის მნიშვნელობას ეძღვნებოდა. მეორე ნაწილის თემა იყო მასპინძელი ქვეყნის ვნებიანი ცეკვები და სიმღერებისა და მუსიკისადმი სიყვარული. მესამე ნაწილი კი ბრაზილიაში ფეხბურთის მნიშვნელობას ასახავდა... მთლიანობაში, ჩემი აზრით, ჩემპიონატის გახსნაზე ბრაზილიური ეგზოტიკა არადამაკმაყოფილებლად იყო ნაჩვენები. ტრადიციული სამბას კარნავალის თუნდაც მცირე ნაწილიც რომ ყოფილიყო, შოუ უფრო სანახაობრივი გახდებოდა... შოუდან, რომელიც 6 მილიონი დოლარი დაჯდა, ბევრად უფრო მეტს ველოდი. მოედნის ცენტრში მოტრიალე გლობუსი, რომელიც 90.000 ნათურებისგან შედგებოდა, უკვე გაცვეთილი ტრიუკია. ჯენიფერ ლოპესის გამოჩენამაც ვერ მოახდინა ჩაფიქრებული ეფექტი, ტექნიკური ხარვეზების გამო. (გახმოვანების ხარვეზები იყო, რაც ხდება ხოლმე დიდ ღონისძიებებზე).

- ხარვეზებზე და პრობლემებზე ალბათ თქვენც გექნებათ არასასიამოვნო მოგონებები...

- ძალიან ბევრი... "Allianz Arena" -ს გახსნის ცერემონიისთვის მიუნხენში ერთი არწივი გვჭირდებოდა და ორი მოიყვანეს. რომელიც მშიერი იქნებოდა გახსნის დროს, ის არწივი შეასრულებდა დავალებას. რეპეტიციები ერთ არწივს მოუწია და გახსნის დროს მეორე არწივი იყო მშიერი, ამიტომ არწივი მეფის მკლავზე დაფრენის ნაცვლად მომთვინიერებლის მკლავზე დაფრინდა... 2006 წელს, პარიზში, უეფას ფინალის გახსნაზე, მფრინავ აკრობატს არენის გადახურვის სიმაღლეზე გაჭიმულ ტროსებზე წრეზე უნდა შემოეფრინა და ცენტრში დაშვებულიყო... გენერალურ რეპეტიციაზე ღამის სამ საათზე აკრობატი ტროსზე წრის შემოვლის დროს გაიჭედა არენის გადახურვის სიმაღლეზე და 45 წუთი დაჭირდა მის მიწაზე ჩამოყვანას. ლამის ტრამვირებული დაგვირჩა აკრობატი, იდეამ ვერ გაამართლა და წინა ღამით მოხდა სცენარის გადაკეთება. აკრობატი მხოლოდ ცენტრში ავიყვანეთ გადახურვის სიმაღლეზე და იქ შეასრულა დავალება. ადვილად დაეშვა მიწაზე, გახსნაც შედგა და მხოლოდ ჩვენ გვხვდა წილად ,,ნერვიულობა"

- ფეხბურთზეც ვთქვათ რამე... ბრაზილია-ხორვატიის მატჩში სათუო პენალტმა მსოფლიო აალაპარაკა...

- რამდენად იყო პენალტი დასანიშნი, სადაოა, განსაკუთრებით ხორვატი გულშემატკივრებისთვის. ჩემი აზრით, ბრაზილიას მეტად უნდა ეჩვენებინა, რისი ძალაც შესწევს და უხერხულ მდგომარეობაში არ უნდა ჩაეგდო თავი. ალბათ, პირველი თამაში რომ იყო, იმიტომაც დაიბნენ, თან ხორვატიაც მშვენიერი გუნდია... ისე, სიმართლე გითხრათ, მე დიდად არ მინერვიულია, რადგან გერმანიას ვგულშემატკივრობ...

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)