"ჩემს გმირში ქართველი პოლიტიკოსები საკუთარ თავს ამოიცნობენ" - კვირის პალიტრა

"ჩემს გმირში ქართველი პოლიტიკოსები საკუთარ თავს ამოიცნობენ"

მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი საზოგადოებამ სერიალით "ჩემი ცოლის დაქალები" გაიცნო, სადაც ექსცენტრიკულ პოლიტიკოს ცოტნე ცოტაშვილს ასახიერებს. მისი გმირი გამოჩენისთანავე გახდა პოპულარული და მსახიობისადმი ინტერესიც გაიზარდა. გიორგიმ ახლახან ოჯახიც შექმნა. "კვირის პალიტრა" გიორგი ბახუტაშვილს ესაუბრა.

- რთულია საქართველოში პოლიტიკოსი ითამაშო, თანაც საკმაოდ დამაჯერებლად გამოგდით...

- როდესაც ეს როლი შემომთავაზეს, ძალიან გამიხარდა. აქამდე არ მქონია სატელევიზიო პროექტების გამოცდილება.  როგორც ხედავთ, მრავალწახნაგოვანი გმირია, მას მრავალი სახე აქვს. პოლიტიკაში ბევრია თამაში, სიყალბე, ტყუილი...   სინამდვილეში პოლიტიკოსებს არ ვიცნობთ, არ ვიცით, ცხოვრებაში როგორი ადამიანები არიან. ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ეს როლი და ვფიქრობ, სწორედ ამან განაპირობა საზოგადოების დაინტერესებაც. ჩემი გმირის ნამდვილი სახის დანახვა რთულია, ისიც ყველგან თამაშობს. ამიტომაც არის საინტერესო პერსონაჟი.

- ხომ არ ამოიცნობენ ქართველი პოლიტიკოსები თქვენს გმირში საკუთარ თავს?

- ალბათ, ამოიცნობენ, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ გმირს კონკრეტული პროტოტიპი ჰყავს. სერიალში მაინცდამაინც მოგონილი არაფერია, ყველაფერი ჩვენი რეალობიდან მოდის და უცხო არ არის.  საზოგადოებაც ამოიცნობს  ვინმეს, მაგრამ ძალიან გამიხარდება, თუ პროექტის ბოლომდე არ გაირკვევა, ცოტნე მმართველ გუნდშია თუ ოპოზიციაში.

- თქვენ თუ გაინტერესებთ პოლიტიკა ან ფავორიტი პოლიტიკოსი თუ გყავთ?

- ფავორიტი პოლიტიკოსი არ მყავს...

- რა ხდებოდა თქვენს ცხოვრებაში მანამ, სანამ ცოტნე გამოჩნდებოდა ეკრანებზე?

- საკმაოდ ნაყოფიერი ოთხი წელი გავატარე თეატრალურ ინსტიტუტში.  დამთავრებისთანავე მიმიღეს მუსკომედიის თეატრში, თუმცა, სულ ვცდილობდი, სხვა შემოთავაზებებზეც უარი არ მეთქვა. მაშინ დამწყები ვიყავი და სხვა თეატრებშიც ვთამაშობდი. ახლა თავისუფალ თეატრსა და ილიაუნის თეატრშიც ვთამაშობ. შემდეგ იყო სრულმეტრაჟიანი ფილმი" "ჩემი ცოლის დაქალი კინოში", სადაც მემონტაჟის როლი შევასრულე...

- არსებობს თუ არა როლი, რომლის შესრულებაზეც ოცნებობთ?

- ასეთი როლი არ არსებობს, თუმცა, სიამოვნებით ვითამაშებდი ქართულ ისტორიულ დრამაში რომელიმე პერსონაჟს.

- როგორია გიორგი ბახუტაშვილის ცხოვრება კადრს მიღმა?

- იმის გამო, რომ ძალიან გადატვირთული გრაფიკი მაქვს და თან ახლახან ოჯახი შევქმენი, თავისუფალ დროს ძირითადად, მეუღლესთან ვატარებ.

- ვინ არის თქვენი რჩეული და როგორ დაიწყო თქვენი სიყვარული?

- ჩემი მეუღლე თაკო შოშიაშვილია. პროფესიით ოპერატორი. ერთმანეთი საერთო მეგობრის სახლში გავიცანით.

- ძნელია, გახდე უცებ პოპულარული? რა არის თქვენი წარმატების ფორმულა?

- ყველა პროფესიაში უნდა გაგიმართლოს, განსაკუთრებით კი - თუ მსახიობი ხარ. ჩემთვის ნიჭიერება ნიშნავს შრომას. შრომა უკვალოდ არ იკარგება და აუცილებლად გამოიღებს შედეგს. ასევე მნიშვნელოვანია სწორი დამოკიდებულება კონკრეტული საქმისადმი.

ქეთი საგინაშვილი