მაია დარსმელიძე: "5-ნომრიან მაისურზე საუბარი ჩემი სტილია" - კვირის პალიტრა

მაია დარსმელიძე: "5-ნომრიან მაისურზე საუბარი ჩემი სტილია"

მომღერალი სკანდალურ სტატუსზე განმარტებას აკეთებს

მომღერალ მაია დარსმელიძისთვის წინა კვირა დაძაბული გამოდგა... ყველაფერი კი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსით დაიწყო:

"ქართული ოცნების" მაისურიანი მათხოვარი შემხვდა ლესელიძის ქუჩაზე და ერთი ლარი მაჩუქეო, მთხოვდა...  End of story".

სტატუსს დიდი გამოხმაურება მოჰყვა:

"ადამიანს რომელსაც  პურის ფული არ აქვს, სავარაუდოდ, არც ახალი ზმანის ფული ექნება და მისთვის სულერთია, "ოცნების" მაისური აცვია თუ მელიის გამოსახულებიანი, ციფრი 5-ით მოქარგული".

"ხუთნომრიან მაისურს ჩაიცვამს, რომ იცოდეს, ხვალ ერთ ლარს მისცემ, მათხოვარი მათხოვარია, რა მნიშვნელობა აქვს, რა აცვია".

"კვირის პალიტრა" მაია დარსმელიძეს დაუკავშირდა: - არ ვიცი, ვის ინტერესებშია ჩემს წინააღმდეგ ხელოვნურად აგორებული ეს "შავი პიარი. "ქართული ოცნების" მაისურიანი მათხოვარი შემხვდა იმ დღეს ლესელიძის ქუჩაზე და ერთი ლარი მაჩუქეო, მთხოვდა." აქ არანაირი გაღიზიანება არ იყო აღნიშნული, ვთქვი, რომ გაჭირვებული ადამიანი, ისევ გაჭირვებულად დარჩა...

კომენტარებში მეკითხებოდნენ, მივეცი თუ არა მათხოვარს ერთი ლარი, სადაც პასუხად მიწერია: "მივეცი ლარი და გავიფიქრე, რომ მიუხედავად "ჩემი განსხვავებული პოზიციისა, ,,ოცნების" მაისურიანს დავეხმარე".

- "ქოცებო", დატყდით აქედან", - ეს ფრაზა ხომ ნამდვილად თქვენ გეკუთვნით?

- ეს სიტყვები მიწერია ორი-სამი დემაგოგის პასუხად და მათ იგულისხმეს, რომ "ქოცებს" მოვუწოდებდი, ქვეყანა დაეტოვებინათ. ამაზე კომენტარებში მპასუხობდნენ: "შენ თვითონ დატოვე ქვეყანაო"."

მე აქედან არსად წასვლას არ ვაპირებ და ნებისმიერი შემეჯიბროს ქვეყნის სიყვარულში...

- კომენტარებში დაწერეთ: "მათხოვარს ჩემი მაისური რომ სცმოდა, დავეხმარებოდიო"...

- ჩემი კომენტარები, სადაც 5-ნომრიან მაისურზეა საუბარი, ჩემი სტილია - როდესაც აზრი არ აქვს კამათს და ვიღაც დემაგოგობს, მცირეოდენი სარკაზმით ვპასუხობ - ეს ჩემი პასუხია არაადეკვატური კომენტატორების მიმართ.

"ქართული ოცნების" მაისური ვიღაცისთვის სიღარიბის დაძლევას ნიშნავდა, ვიღაცისთვის - შემცირებულ კრიმინალს, ვიღაცისთვის - 100 ქარხანასა და სამუშაო ადგილებს. მე ამ ცვლილებებს ვერ ვხედავ  და მომიტევეთ, თუკი ჩემი, განსხვავებული მოსაზრება მაქვს... ვიღაცისთვის გასაოცარი დემოკრატიის დროც დგებოდა. სად არის ეს გასაოცარი დემოკრატია, თუკი განსხვავებული მოსაზრების ადამიანს, სიყალბის ტირაჟირებით ებრძვი?!

ქეთი საგინაშვილი