ორლანდო ბლუმი - გულთამპყრობელი ელფი - კვირის პალიტრა

ორლანდო ბლუმი - გულთამპყრობელი ელფი

ვისაც უნდა თამაშობდეს ორლანდო ბლუმი, მაინც ქალთა გულთამპყრობლად დარჩება... ახლა ის რომეოს თამაშობს ბროდვეიზე, უკვე 37 წლის არის, მაგრამ უწინდებურად ატყვევებს ქალებს. "სიყვარული ის არის, რისკენაც მთელი სიცოცხლე მივისწრაფვით", - პატარა ბიჭის ოპტიმიზმით აცხადებს ბლუმი და არ მალავს, რომ მის დანახვაზე ქალები “ეცემიან (პირდაპირი გაგებით). ერთმა თაყვანისმცემელმა ნაიარევიც აჩვენა შუბლზე და გამოუტყდა, შენს დანახვაზე მუხლები ამიკანკალდა, თავბრუ დამესხა და წავიქეციო...

2014 წლის 2 აპრილს ჰოლივუდის დიდების ხეივანში კიდევ ერთი ვარსკვლავი გაიხსნა, რომლის ბედნიერი მფლობელიც ორლანდო ბლუმი გახდა - ლონდონში გაზრდილი ბიჭისთვის ვარსკვლავი დიდების ხეივანში აუხდენელი ოცნება იყო. სიტყვით გამოსვლისას არ დავიწყებია მადლობის გადახდა ყოფილი ცოლის - მირანდა კერისთვის, რომელსაც 2013 წლის ოქტომბერში დაშორდა. მირანდასა და ორლანდოს ოჯახი სამაგალითოდ მიაჩნდათ ჰოლივუდში: არ ჰქონიათ არც ერთი სკანდალი, არც ერთი უთანხმოება!  მეუღლესთან განშორების შემდეგ მირანდა კერიმ აღიარა, რომ თავისი ბისექსუალური ფანტაზიის ხორცშესხმა სურდა და დასძინა: "არასოდეს თქვა არასოდეს"... მოგვიანებით გავრცელდა ხმა მირანდასა და მედიამაგნატ ჯეიმს პეკერის რომანის შესახებ, ორლანდო კი არ მალავდა, რომ ყოფილი ცოლი კვლავაც უყვარდა.

ორლანდო ბლუმი 1977 წლის 13 იანვარს დაიბადა კენტერბერიში. ოთხი წლისას მამა გარდაეცვალა და მეურვედ ბლუმების ოჯახის მეგობარი, კოლინ სტოუნი, დაუნიშნეს. 13 წლისამ კი დედისგან შეიტყო, რომ მისი ბიოლოგიური მამა სწორედ კოლინი იყო. 16 წლისა ლონდონში გაემგზავრა, სადაც ახალგაზრდული თეატრის დასის შემადგენლობაში თამაშობდა, შემდეგ დრამატული ხელოვნების აკადემიაში. მერე სწავლა ლონდონის მუსიკისა და თეატრის გილდჰოლდის სკოლაში განაგრძო. სწავლისას მონაწილეობა მიიღო "ბეჭდების მბრძანებლის" ეკრანიზაციისთვის ფარამირის როლზე გამართულ კასტინგში, თუმცა, ამ როლზე უარი და წინადადება - ამავე ფილმში ელფი ლეგოლასი განესახიერებინა, ერთად მიიღო და 18 თვით გაემგზავრა ახალ ზელანდიაში.

მირანდას გაცნობამდე ბლუმი ხვდებოდა კეიტ ბოსუორტს.

ასევე მას მიაწერდნენ რომანებს უმა თურმანთან, კირსტენ დანსტთან, ჯესიკა ბილთან, პენელოპა კრუსთან, ნაომი ჰარისსა და ჯენიფერ ენისტონთან.

ცოლთან ბლუმის განშორების შემდეგ ათასგვარი ჭორი ჯერაც არ იყო ჩამცხრალი, რომ მსახიობი ლივ ტაილერთან "გამოიჭირეს". მოკლე ხანში კი გავრცელდა ხმა, რომ რომანი ჰქონდა "უოლ სტრიტის მგლის" მთავარი როლის შემსრულებელ მარგო რობისთან. ახლახან კი ახალგაზრდა ფრანგი მსახიობის, ფილმ "ანჟელიკა, ანგელოზების მარკიზას"”ვარსკვლავის - ნორა არნეზედერის კომპანიაში იხილეს. თუმცა,  ლამაზმანი ორლანდომ მალევე მიატოვა და შვება ნორჩი მოდელის, ლორა პეინის მკლავებში პოვა. ჰოლივუდში ამბობენ, თითქოს მირანდა სერიოზულად არ აღიქვამს ექსმეუღლის სასიყვარულო ინტრიგებს და მასთან შერიგების იმედი აქვს. ორლანდოს თქმით კი,“"თუკი გსურს ცხოვრებაში რაიმეთი დატკბე, იქნება ეს ჭიქა ღვინო თუ სხვა რამ, ეს შინ, საკუთარ ცოლთან უნდა გააკეთო. მამაკაცის მიზანი ქალის გაბედნიერება უნდა იყოს, რადგან ქალები, მეტადრე დედები, უდიდეს პატივისცემას იმსახურებენ".