ანა ახვლედიანი - "ლივ ტაილერისა და ბიანკა ბალტის ნაზავი" (ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

ანა ახვლედიანი - "ლივ ტაილერისა და ბიანკა ბალტის ნაზავი" (ექსკლუზივი)

"10-15 წლის შემდეგ ალბათ აუცილებლად ვიცხოვრებ საკუთარ ოჯახთან ერთად, მერქმევა ცოლი და მეყოლება სულ ცოტა ოთხი შვილი"

"არასდროს მიზიდავდა პოდიუმი, არანაირი კასტინგები და კონკურსები. ჩემთვის ცხოვრება ბევრად უფრო საინტერესო იყო ჯინსით და კედებით"

იტალიური სამოდელო სააგენტო Brave Models Management მოდის სამყაროსთვის ახალ სახეებს ქმნის. სააგენტოს წარმომადგენლებს მტკიცედ სჯერათ, რომ რამდენიმე თვის წინ სპეციალურ კასტინგზე შერჩეული ქუთაისელი გოგონა, 19 წლის ანა ახვლედიანი სულ მსოფლიოს დაიპყრობს. გარდა იმისა, რომ ძალიან ლამაზია, ანა ნიჭიერებითაც გამოირჩევა. გოგონა არასდროს ოცნებობდა მოდელობაზე. ჯინსით და კედებით შემოსილი ძირითად დროს სწავლას და სკეიტბორდს უთმობდა და რომ არა ბებიის ხვეწნა-მუდარა, არც იტალიური სააგენტოს შესარჩევ ჩვენებაზე მივიდოდა.

" რა უნდა გავაკეთო იქ? ვეკითხებოდი ბებიას, მე ხომ ქუსლიან ფეხსაცმელებზე წესიერად გავლაც კი არ ვიცი, არათუ პოდიუმზე თავის წარდგენა? შეძლებ, მოინდომე და შეძლებ, ოღონდ წადიო- მევედრებოდა ბებია. მეც იმ იმედით, რომ ჩვენების შემდეგ თავაზიანად გამომიცხადებდნენ, გოგონა, ლამაზი ხართ, მაგრამ პოდიუმის ნიჭი არ გაქვთო, კასტინგზე თითქმის სულ ბოლოს შევედი, დაღლილი, უემოციო... მერე მოვლენები მოულოდნელად განვითარდა."-იხსენებს ანა.

Brave Models Management ის სააგენტოა, რომელმაც თავის დროზე ბიანკა ბალტი აღმოაჩინა. ამბობენ, რომ გარეგნობით ანა ბიანკას გავს და დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებენ. ის უკვე შესანიშნავად დადის პოდიუმზე, პოზირებს კამერის წინ...

გიორგი პაპიძე, Brave Models Management-ის წარმომადგენელი საქართველოში (სურათზე ანა ახვლედიანთან ერთად):

-ანა სულ ახლახან აღმოვაჩინეთ და მოდის სამყაროში ფაქტობრივად არანაირი გამოცდილება არ აქვს, მაგრამ უკვე მნიშვნელოვანი დაინტერესებაა მის მიმართ. ზაფხულში ELLE-ს და ვოგის ფოტოგრაფმა ნიკოლა ბორისოვმა ხუთას, უკვე პროფესიონალ მოდელს შორის, ახალბედა ანა შეარჩია დოლჩე გაბანას სარედაქციო სტატიისთვის. ასეთ, არა ცნობილ მოდელებს ბორისოვი ქუჩაში ფოტოებს არ უღებს, ანას კი გვერდიდან არ ცილდებოდა და ფაქტობრივად მის ყველა მოძრაობას აფიქსირებდა. ლივ ტაილერის და ბიანკა ბალტის ნაზავს უწოდებდა მას, როდესაც ანა მონიკა ბელუჩის "მალენას" პოზირებდა.

ანამ და ბიანკამ უკვე გაიცნეს ერთმანეთი მილანში ყოფნის დროს. როდესაც ანა კასტინგზე გადიოდა, ბიანკა სააგენტოში შემოვიდა, ანა მომენტალურად იცნო და ისინი ღიმილით გადაეხვივნენ ერთმანეთს. ბიანკამ სიამოვნებით აღნიშნა, რომ ანა ძალიან ლამაზია და დიდ გამარჯვებას უწინასწარმეტყველებს მას. შემდეგ მე მითხრა, რომ ძალიან მოსწონს ჩემი ახალი აღმოჩენა, ანა შესანიშნავიაო. მესიამოვნა, რომ ეს სიტყვები გამოცდილმა მოდელმა თქვა."

პირველი შთაბეჭდილება, რომელიც მისი ნახვის დროს დამეუფლა,- მაკიაჟის გარეშეც ანა ულამაზეს ყვავილს გავს. მას პრეტენზია აქვს, იცნობდნენ არა მხოლოდ როგორც ულამაზეს, როგორც ჭკვიან ქალს, რომელსაც გარეგნობის გარდა სხვა ღირსებებიც აქვს.

ანა ახვლედიანი:

- ბავშვობაში სკეიტბორდით ვიყავი გატაცებული. ზოგადად სპორტი ძალიან მიზიდავს. ჯანმრთელი ცხოვრების ყველა წესი ჩემი ყოველდღიურობის მკაცრად დადგენილი ნორმაა. ამას არავინ მაძალებს, მე მომწონს ასე. დაღლილი უფრო მარტივად იჯერებ, რომ ცხოვრება მშვენიერია.

-იჯერებ? ზოგჯერ ეჭვი გეპარება, რომ ცხოვრება მშვენიერია?

- შეიძლება გონიერ ადამიანს არ უჩნდებოდეს, როგორც გოდერძი ჩოხელი უწოდებს, ადამიანად ყოფნის სევდა? წუთისოფელში, სადაც ყველაფერი წარმავალია, მათ შორის სილამაზეც, შეუძლებელია სევდა არ მოგერიოს ცოტა ხნით მაინც.

-რომანტიკოსი ხარ?

-ალბათ. თუმცა, გადაწყვეტილებებში უფრო პრაგმატიზმი მახასიათებს, ფრენას, მიწაზე მყარად დგომა მირჩევნია. მოდელობაზე ჩემს დასაყოლიებლად დიდი დრო დასჭირდათ. არასდროს მიზიდავდა პოდიუმი, არანაირი კასტინგები და კონკურსები.

-ახლა რას გრძნობ პოდიუმის მიმართ?

-სპორტულ ინტერესს წარმატების მისაღწევად. რახან ამ გზას დავადექი, ე.ი. უნდა გავიმარჯვო. უნივერსიტეტში რამდენიმე საგანში გამოცდა მაქვს ჩასაბარებელი, სწორედ პოდიუმის გამო დამემართა ეს და მრცხვენია. ვფიქრობდი, აკადემიური წელი ამეღო სასწავლებელში, მაგრამ გადავიფიქრე, მაინც ჩავაბარებ. სწავლა სიამოვნებაა ჩემთვის.

-როგორ წარმოგიდგენია რეაქცია ათი-თხუთმეტი წლის შემდეგ შენი სახელის გაგონებაზე?

-მინდა ჩემს გონიერებას უწევდნენ ანგარიშს და არ მიცნობდნენ მხოლოდ ულამაზეს ქალად, რომლის გარეგნობის გამო თუნდაც მსოფლიო კარგავდეს ჭკუას. ყველა ბერდება. არ მგონია სასიამოვნო იყოს, როდესაც ასაკში მყოფს მოგიხსენებენ, როგორც წარსულში ძალიან ლამაზ ქალს და დანანებით გადააქნევენ თავს, აი, შენ არ უნდა დაბერებულიყავიო. 10-15 წლის შემდეგ ალბათ აუცილებლად ვიცხოვრებ საკუთარ ოჯახთან ერთად, მერქმევა ცოლი და მეყოლება სულ ცოტა ოთხი შვილი. დიახ, ბავშვებს და-ძმები სჭირდებათ სრული ბედნიერებისთვის. არ ვიტყვი მხოლოდ ქალისთვის-მეთქი, ადამიანისთვის ყველაზე დიდი ბედნიერება ოჯახი მგონია.

ნახეთ ინტერვიუს ვრცელი ვერსია ინგლისურად: Ana Akhvlediani – “A mix of Liv Tyler and Bianca Balti”

ეკა ლომიძე