ვინ შეასრულებს ზვიად გამსახურდიას როლს? - კვირის პალიტრა

ვინ შეასრულებს ზვიად გამსახურდიას როლს?

ცოტა ხნის წინ ქართველი რეჟისორები ზაზა ურუშაძე და გიორგი ოვაშვილი კინომოყვარულთა ყურადღების ცენტრში მოექცნენ. მათ შეძლეს და გაარღვიეს თითქოსდა ჩაკეტილი სივრცე და ევროპაში პრესტიჟული პრიზის ნომინანტები გახდნენ. საქართველოში ეს წარმატება იმით აღინიშნა, რომ ორივეს ხელოვნების ქურუმის წოდება მიანიჭეს.

არ ვიცი, რეჟისორი გიორგი ოვაშვილი ოდესმე იფიქრებდა თუ არა, რომ  საქართველოს ხელოვნების ქურუმი გახდებოდა... თუმცა დაბეჯითებით იცის, რომ უნდა ქართველი რეჟისორი იყოს, საქართველოსთვის გადაიღოს და საქართველოს სახელით წარდგეს უცხოელი მაყურებლის წინაშე, რაც გადაულახავ პრობლემად რჩება...

გიორგი ოვაშვილი ახალი ფილმის გადაღებას აპირებს. ფილმს "ხიბულა" ერქმევა და ზვიად გამსახურდიას ცხოვრების უკანასკნელი პერიოდის ამბებზე დაყრდნობით იქნება გადაღებული...

- ფილმის პროექტი ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ დავასრულეთ. გადავედით დაფინანსების ყველაზე რთულ ეტაპზე.  გვყავს გერმანელი, ფრანგი, ესპანელი, ყაზახი კოპროდიუსერები, რომლებიც დააფინანსებენ ფილმის ბიუჯეტის 80%-ს. "ხიბულა" საერთაშორისო პროდუქტი იქნება, როგორიც არის "სიმინდის კუნძული"... უბრალოდ, საჭირო იყო საქართველოსგან დაფინანსების 20% მოგვეპოვებინა - ქვეყნისგან, რომელიც იქნებოდა კიდეც ფილმის მთავარი მწარმოებელი. პროექტი შევიტანეთ კონკურსზე საქართველოს ეროვნულ კინოცენტრში და ვერ გადალახა პირველი ტურიც კი... ახლა ან ერთი წელი უნდა ველოდოთ შემდეგ შანსს, ან მოვიძიოთ სხვა საშუალება ფილმის გადასაღებად. ამიტომ იძულებული ვარ, სხვა ქვეყანას მივმართო დაფინანსების თხოვნით და "ხიბულა" გადავიღო როგორც არაქართული ფილმი.

- შეიცვლება ფილმის თემატიკა?

- თემატიკა არა. შეიცვლება გადასაღები ადგილი, ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიის გათვალისწინებით, შეიძლება თურქეთის მთიანეთში მოვძებნოთ სამეგრელოს მსგავსი გარემო. შეიძლება სხვა ქვეყანაშიც მოვიძიოთ გადასაღები სივრცე.

- რატომ არ იყო საინტერესო ეს პროექტი კინოცენტრისთვის?

- მაქვს ოფიციალური საექსპერტო კომისიის დასკვნა, რომლის გაცნობის შემდეგ გამიჩნდა აზრი: ყველა წევრის შეფასება უცნაურად ჰგავს ერთმანეთს, რაც გაფიქრებინებს, რომ კოლექტიური აზროვნების შედეგია. არადა, მათ ცალ-ცალკე უნდა ემუშავათ საკონკურსო პროექტებზე... ისინი წერენ, რომ სცენარი სუსტია და ამბავი არ არის საინტერესო... ეს ჰგავს მცდელობას, ბოლომდე გაანადგურონ რაღაც...

ეს ვარაუდებია და არ მინდა ვარაუდებზე ავაგო მსჯელობა... ბიუჯეტის 80% მოგვაქვს, 20%-ს არ გვაძლევენ... ეს წარმოუდგენელია! გიორგი ოვაშვილს უნდა იყოს ქართველი რეჟისორი, ქართულ ფილმს იღებდეს და საქართველოში მუშაობდეს. ის ერთი იდეისთვის იბრძვის: გააკეთოს თავისი საქმე და საქართველოს სახელით. ვისთვისაც ეს სიტყვები ლოზუნგია, მათთვის სამშობლოც ლოზუნგია, სხვა არაფერი...

- ფილმის სცენარი რა პერიოდს მოიცავს?

- დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის ბოლო 50 დღეს ეხება, თუმცა, ფილმში არ ვნახავთ დასასრულს. ჩვენ იქამდე მივიყვანთ ამბავს, რის მერეც მაყურებელი თავად გააგრძელებს მას.

მე ვყვები ლიდერზე, რომელიც კარგავს ძალაუფლებას და რჩება საკუთარ თავთან მარტო. ამას ნაპოლეონის მაგალითზე გავაკეთებ, სტალინის თუ სხვა ლიდერის მაგალითებზე, ჩემი გადასაწყვეტია... ეს არის ფილმი, სადაც პრობლემაზე ვსაუბრობ ზვიად გამსახურდიას მაგალითზე. ფილმში მას სახელსაც კი არავინ ეძახის. ის არის "ბატონი პრეზიდენტი". ჩვენ არც ის გვაინტერესებს, მისი გარემოცვის თითოეულ წევრს რა ჰქვია, ჩვენ მოვლენის არსი გვაინტერესებს.

- გყავთ არჩეული მთავარი პერსონაჟის როლის შემსრულებელი?

- გმირი წარმოსახვაში მყავს, მერე ვიწყებ ზუსტი სახის ძიებას. ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკება დანიელ მსახიობ მედს მიკელსენთან, რომელსაც მაყურებელი იცნობს სხვადასხვა ფილმით, მათ შორის "მონადირით". სიამოვნებით ვათამაშებდი ამ როლს ჟან რენოსაც... თუმცა, ჩვენ ვეძებთ. შეიძლება გამოჩნდეს არაპროფესიონალიც...

- აღარ არსებობს შანსი, რომ "ხიბულა" ქართულ ფილმადაც დარჩეს?

- არა ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოში ვიპოვით კერძო პირს, ინვესტორს, რომელიც ფულს ჩადებს კინოს გადაღებაში...

P.S. გიორგი ოვაშვილთან საუბრისას ვახსენე სახლი ხიბულაში, რომელიც მიტოვებული და გაპარტახებულია.  "არადა, ეს სახლი უნდა შეგვენახა, როგორც ძეგლი, იმის გასახსენებლად,  რა არ უნდა გააკეთოს ერმა", - თქვა გიორგიმ.