"საქართველომ უფრო მეტი მომცა, ვიდრე ინგლისმა" - ბრიტანელი გოგონა, რომელიც ქართულად ამღერდა - კვირის პალიტრა

"საქართველომ უფრო მეტი მომცა, ვიდრე ინგლისმა" - ბრიტანელი გოგონა, რომელიც ქართულად ამღერდა

”საქართველოში ჩამოსვლა და ამ ქვეყნის გაცნობა ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი მიღწევაა.”

”ძალიან მომეწონა ვარძია, სამეგრელოს კანიონები და წყალტუბოც, მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ უშგულში ყველაზე გემრიელ კერძებს ამზადებენ...”

ქართული ინტერნეტსივრცე ააფეთქა ინგლისელი გოგონას მიერ შესრულებულმა თეონა ქუმსიაშვილის სიმღერამ ”დილაო ავდრიანაო”, რომლის ტექსტის ავტორი პოეტი ტარიელ ხარხელაურია. ქართული ფოლკლორის მოყვარულმა ჩვენი ყურადღებაც მიიქცია და "კვირის პალიტრა" მას ლონდონში დაუკავშირდა. დანიელ ლილიან ჰარტი დიდი სიამოვნებით დათანხმდა ჩვენთან ინტერვიუს:

- საქართველო ძალიან ლამაზი ქვეყანაა, ნაყოფიერი მიწით და ცვალებადი ამინდით, სადაც შიძლება შეიგრძნო წლის ოთხივე სეზონი. საქართველოში ჩამოსვლა და ამ ქვეყნის გაცნობა ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი მიღწევაა. უკვე მე 4-ჯერ ვიყავი საქართველოში და, იმედი მაქვს, მალე ისევ დავბრუნდები. ეს იყო ყველაზე ბედნიერი დრო... არასწორად ნუ გამიგებთ, მე მიყვარს ჩემი სამშობლო ინგლისი და, რა თქმა უნდა, ლონდონიც, მაგრამ საქართველომ "უფრო მეტი მომცა, ვიდრე ინგლისმა." აქ ვისწავლე მანქანის ტარება, თხილამურებით სრიალი, ქართული ტრადიციული კერძების მომზადება და ფანდურზე დაკვრა... ყველაზე ძვირფასი, რაც საქართელოში ვიპოვე, ეს არის ოჯახი, რომელშიც ვცხოვრობდი და რომელიც უკვე ჩემი ოჯახია... ხათუნა წიქარიშვილმა და ლექსო ნოზაძემ მიმიღეს როგორც საკუთარი ქალიშვილი, შემაყვარეს თქვენი ქვეყანა და კულტურა, დამანახეს როგორი კეთილი და თბილია ქართველი ხალხი, 2011 წლიდან ვცხვრობდი ამ ოჯახში, აქ ვისწავლე რამდენად მნიშვნელოვანია ერთმანეთის სიყვარული და პატივისცემა.

- რას საქმიანობდით საქართველოში?

- გაცვლითი პროგრამის ფარგლებში თბილისის 173-ე სკოლაში ინგლისურს ვასწავლიდი. თავისუფალ დროს კი ვმოგზაურობდი და ვიყავი თითქმის ყველა კუთხეში, სვანეთში, ყაზბეგში, სამეგრელოში, იმერეთში, აჭარაში, თითქმის ყველგან, მაგრამ ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ჩემზე სვანეთმა მოახდინა. ისეთი ლამაზი, როგორიც შხარაა, არაფერი მინახავს. როცა ჩემმა ბიძაშვილმა დაინახა ეს სილამაზე, აღფრთოვანებულმა მითხრა, რომ ეს ის ადგილია, სადაც უნდა დავრჩე. ძალიან მომეწონა ვარძია, სამეგრელოს კანიონები და წყალტუბოც, მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ უშგულში ყველაზე გემრიელ კერძებს ამზადებენ...

- ვინ გაგაცნოთ ქართული ფოლკლორი?

- ქართული ფოლკლორული მუსიკა პირველად რესტორანში მოვისმინე, მაშინ ჩემი მასპინძელი ნიკა ნოზაძე ქართულს ცეკვავდა და შემდეც მეც დავიწყე ქართული ნაციონალური ცეკვების შესწავლა, ასე რომ, მეც შემიძლია რამდენიმე ილეთის შესრულება.. მუსიკა ჩემი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდა... მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მასპინძელ ოჯახს, რომელმაც შემაყვარა ფანდური, და მთხოვეს ახალი წლისთვის მესწავლა დაკვრა.

- როგორ შეძელით ქართული სიმღერის სწავლა?

- ინტერნეტით ვიპოვე თიკო ცხადაძე, რომელმაც 4 გაკვეთილში მასწავლა "მაყვალა" და სხვა სიმღერები. ახალ წელს როცა დავუკარი, ისინი შოკში იყვნენ, არ ელოდნენ, რომ მოვახერხებდი ამ ყველაფერს. მითხრეს კიდეც რომ, წინა ცხოვრებაში ალბათ ქართველი ვიყავი.. შემდეგ ეს ვიდეოები ავტვირთე Youtube-ზე, რის შემდეგაც დამიკავშირდნენ პაატა ვარდანაშვილი და გელა დაიაური და მთხოვეს მესწავლა თეონა ქუმსიაშვილის სიმღერა და მემღერა მისი ხსოვნისთვის. ერთ კვირაში ვისწავლე "დილაო ავდრიანაო" და ჩავწერეთ სტუდიაში. მე არც კი მეგონა ამხელა გამოხმაურება თუ მოჰყვებოდა ჩემს ნამღერს, თავიდან საერთოდ ვფიქრობდი, რომ ვიდეო წამეშალა.. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ასეთი სიყვარულისა და ყურადღებისთვის...

პაატა ვარდანაშვილი:

- მე და გელა დაიაური ვატარებთ ფოლკლორულ ფესტივალებს და, მას შემდეგ, რაც მოვისმინეთ დანიელას ნამღერი, ვთხოვეთ თეონა ქუმსიაშვილის ხსოვნის პატივსაცემადდ შეესრულებინა ერთი სიმღერა. რომ მოისმინა, ძალიან მოეწონა და დეკემბერში მასწავლებლის დახმარებით 2 სიმღერა ისწავლა, თხოვნა შეგვისრულა და როგორც ხედავთ , საკმაოდ წარმატებულადაც. მსგავს ფოლკლორულ ღინისძიებებს ჩვენივე სახსრებით ყოველწლიურად ვატარებთ და მონაწილეობას იღებენ ჩეჩნები, ინგუშები , ლაზები და სხვანი.

ეკა გადახაბაძე (სპეციალურად საიტისთვის)

იხილეთ ვიდეო