"ისეთი მონატრებული მქონდა ძმასთან სიმღერა…" - ძმების "საქართველოო ლამაზო" და ატირებული მსმენელი - კვირის პალიტრა

"ისეთი მონატრებული მქონდა ძმასთან სიმღერა…" - ძმების "საქართველოო ლამაზო" და ატირებული მსმენელი

"ერთი პოლონელი სოლისტია და ეს ვიდეო ჩემს გვერდზე ბევრმა რომ ატვირთა, მერე მითხრა, არ ვიცოდი შენ თუ მღეროდი, პოლონეთში ისეთი პოპულარულია ეს სიმღერა ლამის ჰიტათეულების სათავეშიაო."

"შარშან ჩემი ძმა უჩა იყო ჩემთან ჩამოსული, ირანელი კოლეგა მოვიპატიჟეთ და "წინწყაროს" ბანი ვამღერეთ. გადაირია კინაღამ - ეს რა საოცრება ყოფილაო. მას მერე ხშირად მირეკავს და მეუბნება, საქართველოში ჩამოსვლა მენტარებაო."

"საქართველოო ლამაზო..." ერთი შეხედვით, ერთი ჩვეულებრივი ქართული სუფრაა, სადაც ჩვეულებრივი ბიჭები მღერიან... ოღონდ მღერიან არაჩვეულებრივად, გასაოცარი გატაცებით, ეს მხოლოდ ლამაზი ხმები არ არის, ეს არის მთელი მათი ცხოვრების, მეტიც, მათი სამშობლოს სიხარულისა და ტრაგიზმის დამტევი ხმები... ამიტომაც იპოვა გზა მსმენელის გულამდე... ბოლო დღეების განმავლობაში, ვიდეოჩანაწერმა, რომელშიც ძმების გოჩა და უჩა აბულაძეების ნამღერია ასახული, ინტერნეტსივრცე დაიპყრო, თანაც როგორც ირკვევა, არა მხოლოდ საქართველოში... დავინტერესდით ვინ არიან ისინი, რას საქმიანობენ? -  ერთ-ერთ ძმას, გოჩა აბულაძეს დავუკავშირდით, რომელიც როგორც აღმოჩნდა გერმანიაში ცხოვრობს და საკმაოდ წარმატებული ბარიტონია...

გოჩა აბულაძე:

- მე და უჩა 5 წლის წინ ჩავედით იტალიაში და ოზიმოს ცნობილ აკადემიაში ჩავაბარეთ. შემდეგ უკვე სხვადსხვა კონკურსებში გავიმარჯვე. ახლა რამოდენიმე წამყვანი თეატრის სოლისტი ვარ. ვმუშაობ ძალიან ცნობილ ორ სააგენტოსთან. 2 წელიწადია გერმანიაში, მაგდებურგის თეატრში ვმოღვაწეობ. სხვათა შორის, ორი კვირის წინ სეზონის საკუთესო მომღერლად დამასახელს. ჰამბურგელმა რეჟისორმა ჩემზე ფილმი გადაიღო. გერმანია ისეთი ქვეყანაა სადაც ძნელია თავის დამკვიდრება და ძალიან მიხარია ეს რომ მოვახერხე.

- თქვენი ძმა რას მოღვაწეობს?

- უჩა ამჟამად თბილისშია. შექმნა ულამაზესი ოჯახი. მყავს უმაგრესი ძმიშვილი - ეფემია. უჩა მეცადინეობს დოდო დიასამიძესთან. მინდა, ჩემი ძმაც ჩემს გვერდით იყოს.პატარაობიდანვე ერთად ვმღერით. მე ორი წლის ვიყავი, უჩა - ოთხის, როდესაც დედასთან ერთად პირველ-მეორე ხმაში ვმღეროდით. ჩემი ძმა გაცილებით ნიჭიერია.

- როგორც ვიცი, 5 წლის წინ როდესაც პირველად მიდიოდი ევროპაში, კულტურის სამინისტრომ დაფინასებაზე უარი გითხრა...

- კულტურის სამინისტრო დაგვპირდა, რომ დაგვაფინანსებდა. მამამ ვალი აიღო, რადგან დარწმუნებულები ვიყავით, რომ სამინისტრო მალე ჩაგვირიცხავდა ფულს. შემდეგ უკვე იტალიაში ყოფნისას სამინისტროდან მოვიდა წერილი, სამწუხაროდ, ჩვენ ვერ დაგაფინანსებთო. უკვე აღებული ვალის პროცენტები იზრდებოდა, იძულებულები გავხდით, გაგვეყიდა ის ბინა, სადაც გავიზარდეთ (სხვათაშორის, ბინა ახლაც არ გვაქვს, ჩემი ძმა ნაქირავებში ცხოვრობს). ახლა ნელ-ნელა ვცდილობთ რაიმე შევიძინოთ. საკუთარი სახლი მხოლოდ სოფელში გვაქვს, სოფელში რომელიც ჩემთვის ყველაფერია და სიგიჟემდე მიყვარს. მოგვიანებით სამინისტრომ გარკვეული თანხა გადმოგვირიცხა, მაგრამ, სამწუხაროდ, ბინა უკვე გაყიდული გვქონდა. სამინისტროსი მაინც მადლობელი ვარ. საბედნიეროდ, ყველაფერი ისე წარიმართა, რომ ჩვენი რისკი გამართლდა.

- გოჩა, ახლა იმ სიმღერაზეც მოგვიყვეთ, რომელიც ასეთი პოპულარული გახდა...

- ზაფხულში საქართველოში ჩამოვედი. ერთი წელი არ ვიყავი ნამყოფი და ძალიან მენატრებოდა სამშობლო. ჩემმა მეგობარმა დამირეკა და შევიკრიბეთ. მახსოვს, მაგრად ცხელოდა. ამ დროს დამირეკა ჩემმა ძმამაც და ისიც მოვიპატიჟეთ. აღმოჩნდა რომ ერთი ბიჭი, რომელიც იქ გავიცანით, გიტარაზე უკრავდა და გადავწყვიტეთ გვემღერა. არც ვიცოდი თუ იღებდნენ. 2 კვირის მერე დავბრუნდი გერმანიაში და ჩემმა მეგობარმა გამომიგზავნა "იუთუბის" ლინკი, სადაც ჩვენი სიმღერა ჰქონია ატვირთული. მერე ვიღაცამ "ფეისბუქზე" დადო ეს სიმღერა და ძალიან პოპლურაული გახდა. სიმართლე გითხართ, ნამდვილად არ ველოდი თუ ასეთი რექცია მოჰყვებოდა. მაგდებურგის თეატრში, სადაც ვმოღვაწეობ, ერთი პოლონელი სოლისტია და ეს ვიდეო ჩემს გვერდზე ბევრმა რომ ატვირთა, მერე მითხრა, არ ვიცოდი შენ თუ მღეროდი, პოლონეთში ისეთი პოპულარულია ეს სიმღერა ლამის ჰიტათეულების სათავეშიაო.

- როგორ ფიქრობთ, რატომ გახდა ეს სიმღერა ასეთი პოპულარული?

- ჩემ თავზე არასდეს მიყვარს ლაპარაკი, მაგრამ, მგონი, მართლა კარგი ნამღერია. მე და ჩემი ძმა ბავშვობიდან ერთად ვმღერით… ისეთი მონატრებული მქონდა ძმასთან სიმღერა, მთელი სული და გული ჩავდეთ, ალბათ ამან იქონია სიმღერაზე გავლენა.

-  თბილისი ოპერის თეატრში თუ გქონია კონცერტი და თუ გიფიქრია, აქ ჩამოსვლაზე?

- ჩემი დებიუტი კონერვატორიაში დადგმულ სპექტაკლში შედგდა, რომელიც ოპერის სცენაზე დაიდგა. ეს უბედნიერესი დღე იყო ჩემს ცხოვრებაში. "სევილიელ დალაქში" ფიგაროს პარტიას ვასრულებდი. ჩემი დიდი ოცნებაა დავბრუნდე საქართველოში, რადგან თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენა ჩემთვის უსაყვარლესია, მაგრამ დიდი ხნით დაბრუნებაზე ჯერ არ ვფიქრობ, რადგან, სამწუხაროდ, მანდ არაა საოპერო კარიერისთვის შესაფერისი პირობები… ჩემი წინსვლისთვის ჯერ აქ ყოფნა სჯობს, მაგრამ ყოველ წამს მენატრება ჩემი მშობლები, ჩემი ძმა, ჩემი მეგობრები, მაგრამ ყველაზე მტად ჩემი საქართველო მენატრება. ჩვენ გვაყვს უძლიერესი მომღერლები და ვისურვებდი, რომ მათ ჰქონდეთ შესაბამისი ფინანსები, რადგან ეს ხალხი ამას იმსახურებს.

- როდესაც მეგობრები იკრიბებით, მთვარი თემა ალბათ საქართველოა...

- შარშან ჩემი ძმა, უჩა იყო ჩამოსული, ჩემი ირანელი კოლეგა დავპატჟე ჩემთან და "წინწყაროს" ბანი ვამღერეთ. გადაირია კინაღამ. ეს რა საოცრება ყოფილაო. მას მერე ხშირად მირეკავს და მეუბნება, საქართველოში ჩამოსვლა მენტარებაო. თეატრში როცა მაქვს საშუალება, რომ რაიმე ქართული ვიმღერო ყოველთვის ვმღერი, მეტიც, ხშირად თავად მთხოვენ რომ ქართული სიმღერა შევასრულო. ყველა ხვდება, რომ ქართული სიმღერა საოცრებაა, რომელსაც უნდა მოვუაროთ. საქართველოში როცა ჩამოვიდივარ, ჩემთან სოფელ სიმონეთში ვიკრიბებით ხოლმე მეგობრები, ფოლკლორსაც ვმღერით და ჩვენ საყვარელ საქართველოზეც ვლაპარაკობთ...

- იმ ფაქტორმა რომ ქართული მუსიკის შესახებ იციან და აფასებენ, თვითდამკვიდრებაში ხელი შეგიწყო?

- რა თქმა უნდა. იტალიაში როცა ჩავედი, რომ იგებდნენ საქართველოდან ვიყავი, სულ სხვა თვალით მიყურებდნენ. იტალიაში უკვე კარგად იცნობენ ჩვენს კულტურას რადგან იქ დიდი ხანია მოღვაწეობენ ჩემი მეგობრები; უდიდესი ვარსკვალები ანიტა რაჭველიშვილი, ნინო მაჩაიძე და სხვ. ყველამ იცის საქართველოს რა საოცარი ფოლკლორი აქვს, ის სულიერება, რაც ევროპამ დაკარგა ჩვენ შევინარჩუნეთ. ჩვენი სიმღერა თბილი და წრფელია, ძალიან იოლად მიდის გულამდე.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)

იხილეთ ვიდეო