როგორ "შეძვრა" ჯენიფერ ლოპესი ქართველი დიზაინერის კაბა-ფანქარში და როგორია სინამდვილეში დევიდ კომა? - კვირის პალიტრა

როგორ "შეძვრა" ჯენიფერ ლოპესი ქართველი დიზაინერის კაბა-ფანქარში და როგორია სინამდვილეში დევიდ კომა?

"წარმატება და ადამიანობა ერთმანეთს ბუნებრივად ერწყმის და მხოლოდ საკუთარ თავში დაურწმუნებელი, კომპლექსიანი ადამიანები ცდილობენ ისეთებად წარმოჩნდნენ, რაც სინამდვილეში არ არიან. მათ შემხედვარეს, ძალიან მეცინება და მებრალებიან კიდეც. ასეთებს პატივს ვერასდროს ვცემ. რაც ხარ, ის უნდა იყო - ესაა მნიშვნელოვანი."

"ჯოჯოხეთური შრომა, 24-საათიანი მუშაობა მიწევს ჩემი ნამუშევრების შესაქმნელად და ეს საქმე სულაც არ არის ისეთი სახალისო, როგორც ადრე მეგონა, მაგრამ ბედნიერი კაცი ვარ, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე და სხვაგვარად მართლა ვერ ვიცხოვრებ."

ბევრს გაუღია უდიდესი მსხვერპლი მოდის გამო და არა ერთხელ, მათ შორის ერთ-ერთი უპირველესი ჯენიფერ ლოპესია. ამჯერადაც, შოუ American Idol-ის მორიგი გამოშვების გადაღებაზე 45 წლის მომღერალს გასაოცარი ელეგანტურობა ძვირად დაუჯდა: აშკარად ჩანდა, რომ ვიდრე შეიმოსებოდა, ღრმად შეისუნთქა, ერთ მუშტად შეიკრა და ისე "შეძვრა" ულტრავიწრო კაბაში. ამიტომ ვერც თავისუფლად იჯდა, ვერც სუნთქავდა, ჭამაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტი იყო! ვარსკვლავს მისი ასისტენტი წამდაუწუმ უსწორებდა კაბას. კაბა კი ამად ნამდვილად ღირდა და ეს ჯენიფერმაც კარგად იცოდა: მისით მოხიბლულ-აღფრთოვანებული ადამიანები თვალს ვერ წყვეტდნენ და ლოპესსაც სახეზე ბედნიერება ეწერა.

ჯენიფერ ლოპესის მსხვერპლმა და ბედნიერებამ არანაკლებ გაგვახარა ჩვენ- ქართველები, რადგან საზოგადოების მისდამი ყურადღება ცნობილი ქართველი დიზაინერის, დევიდ კომას საოცრად ეფექტიანმა კაბა-ფანქარმა გამოიწვია.

დევიდ კომაზე, იმავე დავით კომახიძეზე ბევრს წერენ და ლაპარაკობენ, თუმცა მისი ინტერვიუ ქართული პრესის ფურცლებზე იშვიათად ჩნდება. პირველად მასზე 2006 წელს ჟურნალ "გზაში" დავწერე. როგორ შევხვდი? - ძალიან იოლად- დათუნას მისი დაბადების დღიდან ვიცნობ და თანაც - ჩემი ნათლულია!

საკუთარი ბრენდი - "დევიდ კომა" მან 2009 წელს დაარსა და მალე მსოფლიოც აალაპარაკა. მისი კაბები ბიონსემ, მეგან ფოქსმა, გვინეტ პელტროუმ, კამერონ დიასმა, ევა ლონგორიამ, ჯენიფერ ლოურენსმა, ჰოლი ბერიმ, კერი ვაშინგტონმა და კიდევ მრავალმა მეგავარსკვლავმა ჩაიცვა.

ბოლოს 2011 წელს ვნახე, რამდენიმე დღით "ჯორჯიან ფეშენ ვიკზე" მეუღლესთან - საშასთან ერთად რომ ჩამოვიდა. ვრცელი ინტერვიუს ჩაწერა ამჯერადაც მოვახერხეთ. დავითი საკმაოდ საინტერესო ადამიანია და ძალიან უშუალო. მეუბნებოდა: ჯერ კიდევ ბავშვობაში მასწავლა დედაჩემმა, ყოველთვის ისე მოეპყარი ადამიანებს, როგორც შენ გინდა, მოგეპყრან და ეს არასდროს დამვიწყნიაო. თავისუფალ უნივერსიტეტში სტუდენტებმა შეხვედრა რომ მოუწყვეს, პატარა ბავშვივით ნერვიულობდა და ბოლოს მკითხა, ძალიან მაინტერესებს, რა შთაბეჭდილება დარჩათ ჩემზე, ეს ჩემთვის მნიშვნელოვანიაო... მერე განაგრძო: კარგი ბავშვები ჩანდნენ და აზრიან კითხვებსაც მისვამდნენ. თუ თვითონაც ჩემი რჩევებიდან რაიმე დაამახსოვრდათ და გამოიყენებენ, ბედნიერი ვიქნები, რადგან თავის დროზე მეც ვისმენდი სხვების რჩევებს. ხანდახან თითო ფრაზა ან სიტყვა ჩამიჭერია და გამომიყენებია ცხოვრებაშიო.

დევიდ კომა ნათლიასთან, ჩვენს ჟურნალისტ ირმა ხარშილაძესთან ერთად

დავითი ბავშვობიდან კარგად ხატავდა, დაკვირვებული თვალი ჰქონდა და შეუმჩნეველი არ რჩებოდა ახლობლების ჩაცმულობისა და ვარცხნილობის უმნიშვნელო დეტალიც კი. მართალია, მამამისს, ყოფილ ფეხბურთელ კოკა კომახიძეს მისი ფეხბურთელობა ეოცნებებოდა, მაგრამ დათოს არც ფეხბურთი აინტერესებდა და არც ჩოგბურთი, თუმცა მამის ხათრით ორივე მოსინჯა. 9 წლის იყო, მშობლებმა საცხოვრებლად თბილისიდან სანკტ-პეტერბურგში რომ წაიყვანეს. 13 წლისამ ახალგაზრდა დიზაინერების საერთაშორისო კონკურს "ადმირალტეისკაია იგლაში" 100-ზე მეტ სტუდენტს შორის 47-ე ადგილი დაიკავა, ამას კიდევ ბევრი წარმატება მოჰყვა და 15 წლის ასაკში რუსეთში მას "ვუნდერკინდი" უწოდეს.

მოგვიანებით მითხრა:

- მთავარი ის კი არ იყო, ვთქვათ, ადრეულ წლებში დედაჩემის - ლალის მოქსოვილი კაბა რომ გამოვიტანე ჩვენებაზე, ან შეკერვაში დედა რომ დამეხმარა, გაცილებით მნიშვნელოვანი მისი დარიგება იყო, თვითონ, დამოუკიდებლად გავცნობოდი, წამეკითხა, შემესწავლა, მომეფიქრებინა, მიმეგნო, ჩავწვდომოდი სამოდელო საქმის თითოეულ ნიუანსს, დეტალს, თვითონ დამემყარებინა კონტაქტებიც. მოკლედ, ჩემ მაგივრად არავის არაფერი უკეთებია და ეს ძალიან დამეხმარა. მშობლების მადლიერი ვარ, დამოუკიდებლობის უფლება რომ მომცეს.

ძალიან აინტერესებდა სამხატვრო აკადემიის სტუდენტებთან ან დიზაინერობის შესწავლის მსურველებთან შეხვედრა. მითხრა:

- რომ შევხვედროდი, აუცილებლად ვურჩევდი, ვიდრე გადაწყვეტენ, ასჯერ და ათასჯერ დაფიქრდნენ და საკუთარ თავს ხმამაღლაც, გულშიც და სარკის წინაც კი ჰკითხონ: დანამდვილებით სურთ, ამ გზას დაადგნენ და უამისოდ მართლაც ვერ იცხოვრებენ? და თუ დარწმუნდებიან, რომ სწორედ ესაა მათი ცხოვრების არსი, მხოლოდ მაშინ შეუდგნენ შესწავლას. სხვაგვარად მაქსიმალურ წარმატებას ვერავინ მიაღწევს. ჯოჯოხეთური შრომა, 24-საათიანი მუშაობა მიწევს ჩემი ნამუშევრების შესაქმნელად და ეს საქმე სულაც არ არის ისეთი სახალისო, როგორც ადრე მეგონა, მაგრამ ბედნიერი კაცი ვარ, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე და სხვაგვარად მართლა ვერ ვიცხოვრებ.

მისი სწორი არჩევნის კიდევ ერთი შედეგი გავლენიანი ფრანგული სამოდელო სახლის - Thierry Mugler-ის კრეატიული დირექტორობაა, მისი წარმატების ერთ-ერთ საწინდარს კი მისსავე ადამიანობაში იპოვით.

დევიდ კომა:

- წარმატება და ადამიანობა ერთმანეთს ბუნებრივად ერწყმის და მხოლოდ საკუთარ თავში დაურწმუნებელი, კომპლექსიანი ადამიანები ცდილობენ ისეთებად წარმოჩნდნენ, რაც სინამდვილეში არ არიან. მათ შემხედვარეს, ძალიან მეცინება და მებრალებიან კიდეც. ასეთებს პატივს ვერასდროს ვცემ. რაც ხარ, ის უნდა იყო - ესაა მნიშვნელოვანი.

ირმა ხარშილაძე