რა მიზნით მონაწილეობს ლიკა შუბითიძე "X ფაქტორში" და რატომ გადაწყვიტა შვილის სამშობლოში გაჩენა? - კვირის პალიტრა

რა მიზნით მონაწილეობს ლიკა შუბითიძე "X ფაქტორში" და რატომ გადაწყვიტა შვილის სამშობლოში გაჩენა?

"ამერიკაში რომ ჩადიხარ, გარდა კულტურული შოკისა, ხვდები, რომ იქ არაფერს წარმოადგენ. დიდი ტყუილია ის, რომ იქიდან ჩამოსული ადამიანები ჰყვებიან, ამას ვაკეთებ და იმას ვაკეთებო... ყველაფერს ნულიდან იწყებ. მიმაჩნია, რომ ძლიერი ფსიქიკა აღმომაჩნდა, ბევრ რამეს გავუძელი..."

ქართულ მუსიკალურ სივრცეში გამოჩენისთანავე, მსმენელმა მის ნამღერში ნიჭთან ერთად, ინტელექტუალიზმი და შესრულების განსაკუთრებული კულტურა დაინახა, თუმცა მისი ნიჭიერების საქართველოში რეალიზება ისე, როგორ მის მონაცემებს შეეფერება, ვერ მოხერხდა, ამიტომაც 6 წლის წინ ოკეანის გაღმა წავიდა. უცხო ქვეყანაში საკუთარი პროფესიით სამუშაოდ გამგზავრებაც სარისკოა, ან გაგიმართლებს, ან - არა, მაგრამ გაუმართლა... თუმცა მისი წარმატება თავისით არ მოსულა... ეს ლიკა შუბითიძის თავდადებული შრომის შედეგია... ლიკა თავიდან ჩვენში პოპულარული კონკურსებით გაიცნეს. ის ახლა საქართველოშია და ცოტა ხნის წინ კიდევ ერთ მასშტაბურ პროექტში - "X ფაქტორი" გამოჩნდა.

ლიკა შუბითიძე:

- მიუხედავად იმისა, რომ 2004 წლის მერე ამა თუ იმ ცნობილი პროექტის შემდეგ რამდენიმე წელი კლუბებსა თუ ბარებში ვმღეროდი და ჩემი მსმენელიც მყავდა, მაინც რაღაც ვიწრო წრეში ვიყავი მოქცეული. მერე მომეცა შანსი და წავედი. ვფიქრობ, რომ სწორად მოვიქეცი, რადგანაც ამერიკაში კარგ მუსიკოსებს შევხვდი და საინტერესო შემოქმედებითი ურთიერთობები ჩამოგვიყალიბდა.

- უცხოეთში ბევრი ადამიანი მიდის, მაგრამ იშვიათად, რომ საკუთარი პროფესიით ვინმე დაკავდეს. მგონი, საჭრო დროს საჭრო ადგილზე აღმოჩნდი და გაგიმართლა...

- კი, ასეა, მაგრამ ამ ყველაფერში დიდი შრომაა ჩადებული, საკუთარ თავზე მუდმივი მუშობა... საქართველო პატარა ქვეყანაა და რაც არ უნდა გააკეთო, მაინც ჩანხარ. ამერიკაში რომ ჩადიხარ, გარდა კულტურული შოკისა, ხვდები, რომ იქ არაფერს წარმოადგენ. დიდი ტყუილია ის, რომ იქიდან ჩამოსული ადამიანები ჰყვებიან, ამას ვაკეთებ და იმას ვაკეთებო... ყველაფერს ნულიდან იწყებ. მიმაჩნია, რომ ძლიერი ფსიქიკა აღმომაჩნდა, ბევრ რამეს გავუძელი, მიუხედავად წინააღმდეგობებისა და სირთულეებისა, არ გავჩერდი, არ დავითრგუნე, პირიქით, წინ გადავდგი ნაბიჯები. ვისაც ეს შეუძლია, რაღაც შედეგს აღწევს, უმართლებს და მომავალშიც გაუართლებს თუ საკუთარ თავს ხელი შეუწყო და ფეხი ააყოლა იმ რიტმს, რასაც ის ქვეყანა სთავაზობს...

- ამერიკაში კონკრეტულად რა მუსიკას ქმნიდი და ვისთან ერთად მუშაობდი?

- თავიდან სენტ-ლუისში არაჩვეულებრივი მუსიკოსები გავიცანი, რომლებმაც მუსიკალური სტუდია შექმნეს და გარშემო ნიჭიერი მუსიკოსები შემოიკრიბეს. იქ მუშაობა მეც შემომთავაზეს. რა თქმა უნდა, მათი იდეა და კონცეფცია მომეწონა, რადგანაც ის ექსპერიმენტული მუსიკაა და არა მასაზე გათვლილი. მოკლედ, ჩემთვის მუსიკალურად საინრტერესო აღმოჩნდა იმ ადამიანებთან მუშაობა. შემდეგ გამოვიდა ალბომი, რაც დეიმონ დევისისა და ლიკა შუბითიძის საერთო პროექტის სახელწოდებით გამოიცა. მასში სხვადასხვა მუსიკოსთან დუეტები შევიდა და მათ შორის ჩემი დეიმონთან ჩაწერილი დუეტიც იყო. შემდეგ იმ სტუდიის თანამშრომელი 17 მუსიკოსის, კრებითი ალბომიც შეიქმნა და ერთი ჩემი სოლო ალბომი "შუბას" სახელწოდებით (იქ ასეთი ფსევდონიმით მიცნობენ, რადგანაც ჩემი გვარის წარმოთქმა უჭირთ). ეს აკუსტიკური ალბომი კოლორადოს შტატში გამოვიდა. კრებით ალბომს თუ არ ჩავთვლით, სულ სამი ალბომი მაქვს გამოშვებული. მესამე ექსპერიმენტული ნამუშევარია - ავანდაგრდული მუსიკა, რომელშიც ვოკალს როგორც ინსტრუმენტს ისე ვიყენებ. ყველაფერი ექსპრომტად, სტუდიაში ხდება, არაჩვეულებრივ მუსიკოსებთან ერთად ვმუშაობ და ეს არის ცოცხალი შესრულება. ამ მუსიკას არ აქვს ტექსტი.

- ეს ყველაფერი მატერიალურად რამდენად ფასდება?

- რთულად, მაგრამ ფასდება, ნელ-ნელა მსმენელების ბაზაც ძლიერდება და დაგყვებიან კონცერტიდან კონცერტზე.

- ახლა საქართველოში ხარ და ამის მთავარი მიზეზი ის არის, რომ დედა გახდი და ბავშვის გაჩენა სწორედ შენს ქვეყანაში გადაწყვიტე. რატომ?

- პატარა ალექსანდრა უკვე თვე-ნახევრისაა, მიხარია, რომ ჩემი შვილი საქართველოში დაიბადა და ამ ქვეყნის მოქალაქეა.

- ვინ არის შენი მეუღლე?

- ჩემი მეუღლე არჩილ (ტატო) გეგჭკორია. მე და ტატო, ერთმანეთს საქრთველოდან ვიცნობდით. ისიც მუსიკოსია. ამერიკაში შევხვდით, ერთად მრავალი კონცერტი გვქონდა. ტატო კარგი პიანისტია და ასევე უკრავს პერსკუსიასა და ტაბლაზე (ინდური საკრავია). თავიდან ამერიკაში ცოტა ხნით იყო ჩამოსული, მერე წამოვიდა. შემდეგ კი ხან მე ჩამოვდიოდი აქეთ, ხან - ის იქით. ახლა ორივე დიდი ხნით ჩამოვედით და ივლისში ყველანი ერთად მივდივართ.

- რატომ გინდოდა, რომ შენი გოგონა მაინცდამაინც აქ დაბადებულიყო?

- რატომაც არა, თან, აქ ბევრად სიწყნარეა, ასეთ მნიშვნელოვან დროს ახლობლების, მეგობრების გარემოცვაში ყოფნა მერჩივნა. პატარა ალექსანდრა ძალიან ჭკვიანი გოგოა...

- როგორი დედა ხარ?

- როგორც დედაჩემი ამბობს, ძალიან კარგი დედა ვარ. საერთოდ, დედა კომპლიმენტებს არ ამბობს ხოლმე. ბავშვი თვითონ გეუბნება, როგორ უნდა მოიქცე და ამ ყველაფერს მშვენივრად შევეგუე. ტატოც არაჩვეულებრივი მამაა. ასე ორივე ერთად ვზრდით პატარას. ცალ ხელში ბავშვი გიჭირავს და ცალი ხელით მუსიკას "ვაკეთებთ," ვმღერით. ალექსანდრასაც მოსწონს და ყურადღებით გვისმენს.

- ვფიქრობ, რომ შენნაირი დონის მუსიკოსები "X ფაქტორში" და ასეთ კონკურსებში არ უნდა მიდიოდნენ...

- ამერიკაში დიდი გამოცდილება დავაგროვე, მეტად საინტერესო მუსიკოსებთან მქონდა ურთიერთობა. ამიტომ იქიდან აღებული ემოცია, ენერგეტიკა ეს ყველაფერი ჩემში ახლა ერთად მუშაობს. ამიტომ ერთერთი იქ მისვლის მიზეზი ის იყო, რომ ხალხისთვის მიმეწოდებინა ჩემი მუსიკა, ჩემთვის მასობრივად მოესმინათ. კონკურსში მხოლოდ ამიტომ მივედი და არა იმიტომ, რომ ბინა მომეგო.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ კონკურსის ე.წ. სკამების ტურიდან,  ანუ "X ფაქტორიდან" გამოგიშვეს, რას გვეტყვი ამაზე?

- ამასზე კომენტარს ჯერჯერობით არ გვაკეთებ, ანუ სანამ ეგ გადაცემა ეთერში არ გავა...

ლალი ფაცია (სპეციალურად საიტისთვის)