"თემურ ლენგს ჯეკ ნიკოლსონი გან­ასახიერებს" - დათო ევგენიძე Universal Pictures-ის ფილმისთვის მუსიკას წერს - კვირის პალიტრა

"თემურ ლენგს ჯეკ ნიკოლსონი გან­ასახიერებს" - დათო ევგენიძე Universal Pictures-ის ფილმისთვის მუსიკას წერს

დავით ევგენიძე: "შევეცდები ამ ფილმის კინომუსიკით სამაგიერო გადავუხადო თემურ ლენგს საქართველოს მრავალჯერ აოხრებისთვის"

კომპოზიტორი დათო ევგენიძე ჰოლივუდის მნიშვნელოვან და მასშტაბურ პროექტზე მუშაობს. Universal Pictures-ი”თემურ ლენგის ცხოვრების შესახებ ფილმს იღებს, რომლის მუსიკასაც ქართველი კომპოზიტორი წერს.

"შევეცდები ამ ფილმის კინომუსიკით სამაგიერო გადავუხადო თემურ ლენგს საქართველოს მრავალჯერადი აოხრებისთვის", - ხუმრობს დათო ევგენიძე.

დათო ევგენიძე: - Universal Pictures-ის პროექტში ამერიკის გარდა, ყველა ის ქვეყანა მონაწილეობს, რომლებშიც თემურ ლენგს თავისი კვალი დაუტოვებია.

ვფიქრობ, ისტორიულ-სათავგადასავლო ჟანრის საინტერესო ფილმი გამოვა, მით უმეტეს, მის სცენარზე სწორედ ის პიროვნება მუშაობს, რომელმაც "ოსკაროსანი" "გლადიატორის" სცენარი შექმნა.

- თემურ ლენგს ვინ განასახიერებს?

- ფილმში რამდენიმე თემურ ლენგს შევხვდებით, სხვადასხვა ასაკში. ბოლო, ყველაზე ხანდაზმულს, ჯეკ ნიკოლსონი განასახიერებს. რაც შეეხება მუსიკალურ მხარეს, გადავწყვიტე, საქართველოში ლაშქრობებისთვის ჩემი მუსიკით გადამეხადა თემურ ლენგისთვის სამაგიერო. მაღალბიუჯეტიანი პროექტია, 400 მილიონს აღემატება. ვნახოთ, როგორ დასრულდება. მუსიკის დიდი ნაწილი უკვე შექმნილი  მაქვს.

- როგორ მოხვდით ამ პროექტში?

- პროდიუსერი დევიდ ჯენკი გახლავთ - Universal Pictures-ის წარმომადგენელი რუსეთში. დევიდი კარგად იცნობდა და საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა პროდიუსერ მარტა მაგილევსკაიასთან. მარტასთან ერთად ორ ფილმზე ვიმუშავე. საერთოდ, მოსკოვში ორწლიანი ცხოვრების პერიოდში 9 ფილმისა და 5 სერიალისთვის დავწერე მუსიკა. მათ შორისაა: "უკანასკნელი მაგიკიანი", "მამის კვალზე", "საახალწლო რეისი" და სხვა. სწორედ მარტამ გამაცნო დევიდ ჯენკი. ამის შემდეგ გადაწყდა ჩემი, როგორც კომპოზიტორის ჩართვა ამ პროექტში... ჩემი მუსიკა უკვე მოისმინა ამერიკულმა მხარემ და დამტკიცებულია კიდეც.

- მე აღმოსავლურ სტილში წარმომიდგენია ეს მელოდიები?

- მართლაც გამოვიყენე აღმოსავლური ინსტრუმენტები.

- სულ რამდენი ფილმისთვის გაქვთ კინომუსიკა შექმნილი?

- 54 ფილმისთვის.

- ვინ არის თქვენი მუზა?

- მუზა მთელი ცხოვრების განმავლობაში სულ თან დამყვება. დანახვა უნდა მხოლოდ. ალბათ, მუზა იგივეა, რაც მფარველი ანგელოზი. ჩემთვის ასეთი, რა თქმა უნდა, ნინოა, - რაც ცოლად მოვიყვანე მას შემდეგ.

- რამდენი წელია რაც თქვენ და ნინო ჟვანია ცოლ-ქმარი ხართ?

- უკვე 10 წელია და სიკვდილამდე ასე გაგრძელდება...

ძალიან ადვილად მოსავლელი მამაკაცი ვარ, - მთავარია, დროულად მომამარაგონ ყავით.

სხვა - ერთადერთი სულიერი მოთხოვნა მაქვს - შემიძლია, ნინო ღამის 3 საათზე გავაღვიძო და რაღაცა მოვასმენინო.

ეკა სალაღაია