"საქართველო თითქმის ყველა გამოკითხვაში ლიდერობს" - ნინა სუბლატი "ევროვიზიაზე" ქვეყნის ღირსეულ წარდგენას გვპირდება - კვირის პალიტრა

"საქართველო თითქმის ყველა გამოკითხვაში ლიდერობს" - ნინა სუბლატი "ევროვიზიაზე" ქვეყნის ღირსეულ წარდგენას გვპირდება

ნინა სუბლატი: "ძალ-ღონეს არ ვიშურებ, რომ უამრავი სირთულისა და წინაღობის მიუხედავად, კარგი შედეგი მივიღოთ..."

2015 წლის "ევროვიზიაზე" საქართველოს მომღერალი ნინა სუბლატი წარადგენს. პროფესიონალები ამბობენ, რომ ნიჭიერი, შრომისმოყვარე და მიზანდასახული გოგონაა. როგორც ნინასგან შევიტყვეთ, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კონკურსი არ დაწყებულა, საქართველო თითქმის ყველა გამოკითხვაში ლიდერობს. "ევროვიზიის" დაწყებამდე სულ რამდენიმე დღე დარჩა, მაგრამ მეჩვენება, რომ ნინა სუბლატი ვარსკვლავური დაავადებით უკვე შეპყრობილია - ტელეფონს აღარ პასუხობს, მესიჯად კი მიგზავნის: "არ მცალია", რომელსაც მრავალი ძახილის ნიშნით აფორმებს. თუმცა, "ევროვიზიის" პროდიუსერის, ნათია უზნაძის, ძალისხმევით, ახალბედა ვარსკვლავთან ინტერვიუ მაინც შედგა.

ნინა სუბლატი: - საკუთარ თავზე არ მიყვარს საუბარი, არ გამომდის თავის წარდგენა. ამჟამად კონსერვატორიის სტუდენტი ვარ და მუსიკის ტექნოლოგიას შევისწავლი. მანამდე სამხატვრო აკადემიაში ვსწავლობდი, ინტერიერის დიზაინის განხრით, მაგრამ მუსიკა პროფესიად მექცა, დიზაინი კი ჰობია.

- რას ნიშნავს თქვენთვის "ევროვიზიაში" მონაწილეობა?

- აბსოლუტურად აპოლიტიკური ვარ, მაგრამ, ვფიქრობ, "ევროვიზია" შესანიშნავი შანსია საქართველოსთვის, უფრო მეტად დაუახლოვდეს“ევროპას. "ევროვიზია" პლანეტაზე ყველაზე მასშტაბური ტელეშოუა და მთელი მსოფლიოა ჩართული. შესაბამისად, პროექტში მონაწილეობა ჩემი ქვეყნის ევროპისთვის წარდგენაა.

- რა შედეგს ელით, საქართველოს გამარჯვების შანსი თუ აქვს?

- ვფიქრობ, შედეგი სახელმწიფოზეა დამოკიდებული - მისი ინტერესები, ფინანსები, გეგმები და ხედვა წყვეტს შედეგს კონკურსზე. ჩვენთვის მთავარი მხოლოდ ის არის, რომ სათანადოდ წარვდგეთ. საქართველო თითქმის ყველა გამოკითხვაში ლიდერობს. ეს უდიდესი წარმატებაა...

ძალ-ღონეს არ ვიშურებ, რომ უამრავი სირთულისა და წინაღობის მიუხედავად, კარგი შედეგი მივიღოთ...

- კონკურენტების არ გეშინიათ?

- ხელოვნებაში ჩემთვის კონკურენცია არ არსებობს. თუ ადამიანი შემოქმედია, მისთვის მხოლოდ საკუთარი საქმის უმაღლეს დონეზე შესრულებაა მთავარი და არა ის, თუ ვინ ვისზე უკეთესი ან უარესია. "ევროვიზია", ისე როგორც სხვა გამოსვლები, ჩემთვის კონცერტია და თითოეულ კონცერტზე ძალიან ბევრს ვფიქრობ. "ევროვიზიის" მონაწილეთაგან ბევრს ვიცნობ -  უცხოეთში რამდენიმე კონცერტში მივიღე მონაწილეობა და მაშინ გავიცანი.

როგორც ყოველთვის, არ ვღელავ. მზად ვარ, 19 მაისს საქართველო საამაყოდ წარვადგინო "ევროვიზიაზე".

- როგორც ვიცი, სიმღერის ავტორი თქვენ ხართ. როგორი იქნება ნომერი სანახაობრივი თვალსაზრისით?

- სიმღერა მე დავწერე, ტექსტიც, მელოდიაც და არანჟირებაც ჩემია. სპეციალურად "ევროვიზიისთვის", მისი ჟანრობრივი სტანდარტების გათვალისწინებით დავწერე და ბედნიერი ვარ, რომ დადებითი შეფასება დაიმსახურა. პერფორმანსზე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ჩვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ვეცადეთ, კარგი გამოსულიყო. სცენოგრაფიაზე ცნობილი შვედი რეჟისორი, საშა ჟან-ბაპტისტი მუშაობს და იმედია, ყველაფერს კარგად გაართმევს თავს. ჩემს იმიჯს რაც შეეხება, არაფრის შეცვლას არ ვაპირებ... სასცენო კოსტიუმზე დიზაინერმა ქეთი ჩხიკვაძემ იმუშავა, ფეხსაცმელს უნიჭიერესი დიზაინერი თამარა სუჯაშვილი შექმნის.

- რას შეცვლის თქვენს კარიერაში "ევროვიზიაში" გამარჯვება, რასაც გულწრფელად გისურვებთ?

- ამ საკითხზე საუბარი უხერხულია, რადგან სახელმწიფო თუ არ დაგიჭერს მხარს, გამარჯვებაზე არც უნდა იფიქრო. "ევროვიზიის" მოგება ერთგვარი პრესტიჟი და სახელია ევროპაში, როგორც არტისტისთვის, ისე ქვეყნისთვის.

"ევროვიზია"

"ევროვიზიის" სიმღერის კონკურსი პირველად 1956 წლის 24 მაისს შვეიცარიაში, ქალაქ ლუგანოში ჩატარდა და მასში მხოლოდ შვიდმა ქვეყანამ: შვეიცარიამ, ნიდერლანდებმა, ბელგიამ, გერმანიამ, საფრანგეთმა, ლუქსემბურგმა და იტალიამ მიიღეს მონაწილეობა. დროთა განმავლობაში კონკურსს სხვა ქვეყნებიც შეუერთდნენ. საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, "ევროვიზიის" მონაწილეთა და შესაბამისად, მაყურებელთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. მე-20 საუკუნის დასასრულს კონკურსში მონაწილე ქვეყნების რიცხვმა ორმოცს გადააჭარბა.

დღეს "ევროვიზია" ერთ-ერთი შთამბეჭდავი ევროპული სატელევიზიო კონკურსია, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემა. ამ გრანდიოზულ სანახაობას მსოფლიოს მასშტაბით,  ყოველწლიურად 195 მილიონზე მეტი მაყურებელი ადევნებს თვალს.

გასულ წელს ევროფესტივალის გამარჯვებულად ავსტრიის წარმომადგენელი კონჩიტა ვურსტი დასახელდა. შედეგად, ავსტრიამ 2015 წლის ევროფესტივალის მასპინძლის სტატუსი მოიპოვა.

"ევროვიზიის" კონკურსში სხვადასხვა წლებში ისეთი ლეგენდარული შემსრულებლები მონაწილეობდნენ, როგორებიც არიან: 1974 წლის კონკურსში გამარჯვებული ანსამბლი - "აბბა" (შვედეთი) , სელინ დიონი (1988წ. შვეიცარია),  ტოტო კუტუნიო (1990წ. იტალია).

ეკა სალაღაია

იხილეთ ვიდეო:  ნინა სუბლატი "ევროვიზიის" სცენაზე შთამბეჭდავად გამოიყურება