ჰოლივუდში ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებით დაინტერესდნენ? - რეზო ჩხიკვიშვილი ექვთიმე ღვთისკაცის როლში - კვირის პალიტრა

ჰოლივუდში ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებით დაინტერესდნენ? - რეზო ჩხიკვიშვილი ექვთიმე ღვთისკაცის როლში

როგორც ირკვევა, ჰოლივუდელი კინემატოგრაფისტები დიდი ქართველის, ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებითა და მოღვაწეობით დაინტერესდნენ.

"ჰოლივუდის კინომატოგრაფების და ქართული მხარის მხარდაჭერით განხორციელდება ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი. დამტკიცდა გადაიღონ, ჩვენი სახელოვანი მამულიშვილის, ერის საგანძურის გადამრჩენის, ეკლესიის სინოდის მიერ წმინდანად შერაცხული, ექვთიმე თაყაიშვილის (წმინდა კაცი) ბიოგრაფიაზე აგებული ფილმი, რომელშიც მთავარ, ექვთიმეს როლს შეასრულებს ჩემი ბიძა, რეზო ჩხიკვიშვილი. გადაღებები ასევე განხორციელდება სოფელ ლიხაურშიც ერთი თვის განმავლობაში." - დაწერა თავის "ფეისბუქის" გვერდზე, ჩვენში გასული საუკუნის 80-იან წლებში მეტად პოპულარული მსახიობის რეზო ჩხიკვიშვილის ახლობელმა, მირზა ჩხიკვიშვილმა. წლების წინ რეზო ჩხიკვიშვილი გერმანიაში გადავიდა საცხოვრებლად და სამსახიობო კარიერაც იქ განაგრძო.

"კვირის პალიტრა" ბატონ რეზოს სწორედ გერმანიაში დაუკავშირდა, მსახიობმა ჩვენთან დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა, თუმცა ამგვარი პროექტის არსებობა დაგვიდასტურა, ასევე გვითხრა: "ინფორმაცია ამ პროექტის თაობაზე ა.წ. 31 ივნისს ოფიციალურად გაცხადდება, ამიტომ ჯერ დეტალებს ვერ გაგიმხელთ, თუმცა გპირდებით, რომ ამის შემდეგ ვრცელ ინტერვიუს მოგცემთ."

მოამზადა ეკა გადახაბაძემ