როგორ აღმოჩნდა ქართველი მუსიკოსი ევროპაში ცნობილ იტალიურ როკჯგუფში - კვირის პალიტრა

როგორ აღმოჩნდა ქართველი მუსიკოსი ევროპაში ცნობილ იტალიურ როკჯგუფში

"მენატრება ჩემი ქვეყანა და აუცილებლად დავბრუნდები!"

"ქართული ხალხური მუსიკა უნიკალურია და ის პროგრესულ როკსაც უხდება"

ქართველი მუსიკოსი ვლადიმერ სიჭინავა ევროპაში ცნობილი იტალიური როკჯგუფის Profusion -ის დრამერია და სიმღერებში ქართული ფოლკლორის ელემენტებს აზავებს. მეტიც, Profusion -ის ქართული სახელწოდების სიმღერა "ჭუტა ჭანი" ცოტა ხნის წინ ამერიკული "ლეიბლით" გამოვიდა და პროგრესული როკის აღმოჩენადაც იქცა. როგორ აღმოჩნდა ქართველი მუსიკოსი იტალიაში და რატომ გადაწყვიტა როკში ქართული ფოლკლორის გამოყენება, ამის შესახებ "კვირის პალიტრას" იტალიიდან ვლადიმერ სიჭინავა ესაუბრა:

- ჩემი ცხოვრება მუსიკას უკავშირდება. ორი წლისა ქვაბებსა და ჭურჭელზე კოვზებს ვარახუნებდი. არ ვაჭარბებ, მაშინ ზუსტად ვიცოდი, რომ აუცილებლად დრამერი გავხდებოდი. კარგი სმენა მქონდა, ამიტომ მშობლებმა ზაქარია ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის თეატრის ბავშვთა გუნდში მიმიყვანეს. მასწავლებლებმა მალევე აღმოაჩინეს, რომ სიმღერაც შემეძლო. ასე გავხდი მეორე სოპრანო. გია ყანჩელის ოპერაში - "და არს მუსიკა" - მიმიწვიეს, რაც ჩემთვის დიდი წარმატება იყო.

- კლასიკურ მუსიკას რატომ ჩამოშორდით?

- სამოქალაქო ომის შემდეგ იძულებული გავხდი, სკოლა შემეცვალა და სწავლა მე-15 სამუსიკო სკოლაში განვაგრძე, სადაც ფორტეპიანოს ცნობილი პედაგოგი ვეტა ნონიევა მასწავლიდა. მასთან არასტანდარტულ პროგრამას გავდიოდით, თანამედროვე კომპოზიტორების ბლიუზნაწარმოებებს ვასრულებდით. ერთ დღესაც ჯგუფ "მეტალიკის" Black Album მოვისმინე, რის შემდეგაც კლასიკური მუსიკა საერთოდ გადამავიწყდა. გიტარისა და ფორტეპიანოს შესწავლას თავი დავანებე. სამაგიეროდ, ახალი გატაცება გამიჩნდა - დრამი! 24-საათიან რეჟიმში ტამტამებზე დაკვრას ვსწავლობდი.

- იტალიაში როგორ აღმოჩნდით?

- 17 წლის ვიყავი, როცა საცხოვრებლად იტალიაში გადავედით და სწავლა პროფესიონალ დრამერ ჯიანი ჩერონესთან გავაგრძელე. 2002 წელს იტალიელ მეგობრებთან ერთად მუსიკალური ჯგუფი შევქმენი. ასე დავძმობილდით ქართველი და სიცილიელი მუსიკოსები იტალიაში, მას შემდეგ უკვე 13 წელიწადია, მუსიკას ერთად ვწერთ.

- იტალიაში თქვენი ჯგუფი საკმაოდ პოპულარულია. საინტერესოა, რატომ გადაწყვიტეთ იტალიურ სიმღერებში ქართული ფოლკლორის ელემენტების შეტანა?

- მინდოდა მეგრულ-ლაზური კულტურა ევროპელებისთვისაც გამეცნო, რაც მთავარია, ამაში ჯგუფის სხვა წევრებიც მეხმარებიან. მათ ქართული კულტურა უყვართ და ხშირად მეუბნებიან, ქართული სიმღერები სისხლს გვიჩქარებსო. საერთოდ, ქართული ხალხური მუსიკა უნიკალურია და ის პროგრესულ როკსაც უხდება. მიხარია, რომ ჩვენი კომპოზიციები მსოფლიო პუბლიკამაც მოიწონა. ჩვენი ალბომი ამერიკულმა "ლეიბლმა" გამოუშვა და მთელ მსოფლიოში დისტრიბუციაც თავად უზრუნველყო. საბედნიეროდ, რეცენზიებიც დადებითი მივიღეთ, რასაც უამრავი შემოთავაზება და მოწვევა მოჰყვა...

- თქვენი სამომავლო გეგმები საქართველოს არ უკავშირდება?

- ახლა რიგით მესამე ალბომზე ვმუშაობთ, რომლის თითოეულ სიმღერაში ქართული ფოლკლორის ელემენტები იმალება. ერთ-ერთ სიმღერას მსოფლიოში აღიარებულ ოპერის მომღერალთან, ანიტა რაჭველიშვილთან ერთად ვასრულებთ.

ასევე ვთანამშრომლობთ ცნობილი ქართული ჯგუფის, "შინის" წევრ მამუკა ღაღანიძესთან. საერთოდ, მთელი ჩემი შემოქმედება საქართველოს ეძღვნება, როცა შორს ხარ, სამშობლოს სიტკბოს განსაკუთრებულად გრძნობ. მენატრება ჩემი ქვეყანა და აუცილებლად დავბრუნდები! ბავშვობიდან ვოცნებობ, ანაკლიაში, ბათუმში, სოხუმსა და ცხინვალში საქველმოქმედო კონცერტის გამართვაზე. იმედი მაქვს, ამ ოცნების ახდენას მალე შევძლებ.

რუსუდან შელია