რითი ჰგავს კაპას სადედამთილო ნუნუკას ქეთი ჩხეიძე და რატომ არ ფიქრობს, რომ ყველა კაცი ერთნაირია?
12-06-2015
რითი ჰგავს კაპას სადედამთილო ნუნუკას ქეთი ჩხეიძე  და რატომ არ ფიქრობს, რომ ყველა კაცი ერთნაირია?
"ჩემი ცოლის დაქალების" მაყურებლები ბაქარისა და თამუნას სიყვარულის მოწინააღმდეგე ნუნუკას კარგად იცნობენ. მსახიობმა ქეთი ჩხეიძემ ნუნუკას როლს "გასაღები" კარგად მოარგო და ოჯახის ლიდერი, ღორეშელი ქალბატონისთვის დამახასიათებელი საუბრისა თუ სიარულის მანერის გათავისება მისთვის რთული აღარ არის.
- ქალბატონო ქეთი, ნუნუკა მოგწონთ?
- ყველანაირად ვცდილობ, მომწონდეს, მაგრამ რაღაცებში არ ვეთანხმები.

- მაგალითად, რაში არ ეთანხმებით?

- იმაში, რომ შვილს ეწინააღმდეგება. სიყვარული ძალიან ფაქიზი გრძნობა გახლავთ და ფაქიზი მოპყრობა სჭირდება.

- ნუნუკას რაიმეთი
ჰგავხართ?

- დიდ მსგავსებას ვერ ვხედავ... უბრალოდ, გარეგნობით მგავს (იცინის) და შეიძლება, ერთმანეთის ხასიათის გარკვეული შტრიხებიც გვაქვს.

- ასეთი სახასიათო პერსონაჟის შექმნა გაგიჭირდათ?

- ნამდვილად გამიჭირდა! საერთოდ, ყველა როლი რთულია. მსახიობი ყოველთვის გრძნობს, მაყურებელი "მიჰყვება" თუ არა და ბედნიერია, როცა ხვდება, რომ ყველაფერი კარგად არის.
მსახიობიც და მთელი შემოქმედებითი ჯგუფიც ყველაფერს აკეთებენ საიმისოდ, რომ პერსონაჟი აცოცხლონ...

- ქალბატონო ქეთი, თქვენი აზრით, ოჯახში ლიდერი ვინ უნდა იყოს - ცოლი თუ ქმარი?

- არა მგონია, საკითხის ასე დასმა სწორი იყოს, რადგან ვინც ძლიერია, ლიდერიც ის არის.

- ანუ ლიდერი მაინც საჭიროა?

- არა, მაგრამ ასე უნებურად ხდება: ოჯახსა თუ ადამიანთა სხვა ერთობაში ვიღაც უფრო ძლიერი ნატურა დანარჩენებს მართავს. ლიდერი სხვებს რაღაცით სჯობს. ამ შემთხვევაში, ღონეზე არ ვსაუბრობ, გონიერებასა და შინაგან ძლიერებას ვგულისხმობ. ზოგიერთს ბევრი რამის ატანა, უფრო მეტი შრომა შეუძლია, სხვებზე გონიერია და ცხადია, ასეთი ადამიანი ყოველთვის გამოირჩევა - ოჯახშიც და მის გარეთაც...

- როგორ ფიქრობთ, ქალი უფრო ძლიერი ბუნების არის თუ მამაკაცი?
- არ მესმის, რატომ ხდება გაუთავებელი შეჯიბრება ქალსა და მამაკაცს შორის. შეიძლება, რაღაც "ჭრილში" ქალი იყოს ძლიერი, რაღაცაში - კაცი. საერთოდ, გენეტიკურად მამაკაცი უფრო ღონიერია...

- როგორ ფიქრობთ, ჩვენს ქვეყანაში გენდერული თანასწორობის პრობლემა რეალურია?

- ალბათ, პრობლემის არსი ის გახლავთ, რომ დიდი ხანი არ არის გასული მას შემდეგ, რაც საქრთველოში ქალი თანასწორუფლებიანი გახდა (სხვა ქვეყნებში კი ეს უფრო ადრე მოხდა), ამიტომ გენდერული თანასწორობის პრობლემა მაინც არსებობს. ჯერჯერობით, ჩვენი საზოგადოება ძალიან ჭრელია. რასაკვირველია, ზოგ ოჯახში შესაძლოა, ქალს დღესაც არ ჰქონდეს გარკვეული უფლებები, მაგრამ ეს "შემორჩენილი ამბავია" და ნელ-ნელა დალაგდება. ძალით არაფრის გაკეთება არ შეიძლება. ჩემი აზრით, დრო და განათლება ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს.

- ყველა კაცი ერთნაირია?

- (იცინის) კაცი კი არა, ყველა ფოთოლი არ არის ერთნაირი. ზოგი კაცი (ისევე, როგორც - ქალი) კეთილია, ზოგი - ბოროტი, სუსტი, ძლიერი და ა.შ.

- მაშ, ქალები რატომ ამბობენ ხოლმე, - ყველა კაცი ერთნაირიაო?

- ასე ხშირად, გაწბილებული, მოტყუებული, მიტოვებული ქალბატონები ამბობენ. სხვათა შორის, ასეთ სიტუაციაში მყოფი მამაკაცებიც მინახავს. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც თავდაცვის უნარი ნაკლებად აქვთ გამომუშავებული და ძალიან მიმნდობები არიან. ისინი ასე აღზარდეს, რომ ყველას უნდა დაუჯერონ, ენდონ. ხშირად, ამ ნდობით სხვები სარგებლობენ; გულუბრყვილო ადამიანი ერთხელ, ორჯერ, სამჯერ ტყუვდება და მეოთხედ უკვე ფიქრობს, რომ ყველა ერთნაირია.

იხლეთ სრულად
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით