ია სუ­ხი­ტაშ­ვი­ლის HOLLYWOOD-ური ოც­ნე­ბა - კვირის პალიტრა

ია სუ­ხი­ტაშ­ვი­ლის HOLLYWOOD-ური ოც­ნე­ბა

ია სუხიტაშვილს დავურეკე და შევთანხმდით, რომ დილით მის საყვარელ კაფეში შევხვდებოდით, სადაც სამსახურში წასვლამდე ყოველთვის მიირთმევს ჩაის. ეს მსახიობის ერთგვარი რიტუალია.

იას ძალიან უყვარს ძილი, ამიტომ, თუ აუცილებელი საქმე არ აქვს, ლოგინში ნებივრობს. არ დაუმალავს, რომ ცუდ გუნებაზე იღვიძებს, პირველი ოცი წუთი განმარტოებულია და ფხიზლდება. ამ დროს მისთვის ნეგატიური ინფორმაციის მიწოდებას ერიდებიან, რომ განწყობა არ გაუუარესონ. გადასაღებ მოედანზე მისვლამდე ფინჯანი ჩაისთვის იცლის და მეც მეპატიჟება.

- ორ წელიწადზე მეტია, ყავა არ დამილევია. ადრე ძალიან დიდი დოზით ვიღებდი კოფეინს, ამიტომ გადავწყვიტე მისთვის თავი დამენებებინა.

იამ სიცილით მითხრა, რომ დილაობით კარაქიან პურს ვერ ღალატობს. მის მენიუში ყველი და "ყიყლიყოც" შედის. გათხოვების შემდეგ თავად უწევს საუზმის მომზადება, თუმცა ადრე დედაც ეხმარებოდა. დედა მისთვის ეტალონია.

- ბავშვობაში ვდარდობდი, ნეტავ, ცოტა ხანს კიდევ არ გავიზარდო-მეთქი, მეშინოდა, რომ დედა ვეღარ მომეფერებოდა უწინდელივით. მოზარდობის ასაკში იშვიათად ვკამათობდით, თუმცა ასაკის მატებასთან ერთად კონფლიქტებიც გახშირდა. მის რჩევებს ხანდახან არ ვითვალისწინებდი. ზოგჯერ მინანია, რომ არ მოვუსმინე. მსახიობის აზრით, ადამიანისთვის არავინაა მშობელზე ახლობელი. დედა იას ყველა პრემიერაზე ტირის, რადგან არტისტი უმეტესწილად დრამატულ როლებს განასახიერებს.

იას მამა 22 წლის ასაკში გარდაეცვალა. მამის გახსენებისას ხმაში დარდი და მონატრება შეეპარა.

- მამა ძალიან მიყვარდა და ამავდროულად მერიდებოდა მისი. ერთხელ ბავშვობის მეგობართან უთანხმოება მომივიდა. გული ძალიან დამწყვიტა მისმა საქციელმა. მომხდარის გამო სხვა კლასში გადავედი. მამამ მითხრა, ცხოვრება გზაა, მრავალი მოსახვევით, ვინც ბოლომდე წამოგყვება, შენი ნამდვილი მეგობარია, სხვები თუ გვერდზე ჩაუხვევენ, ამაზე გული არ გეტკინოსო. ერთხელ დამარიგა, დააფასე ადამიანი, რომელსაც შენთან ერთად უხარია, თორემ გასაჭირში ყოველთვის მოიძებნება ის, ვინც შენს უბედურებას გაიზიარებსო. ადრე არ მესმოდა ამ სიტყვების მნიშვნელობა. მჯეროდა, რომ მეგობარი ჭირში უნდა გამოცადო. ახლა ვხვდები, ძნელია ისეთი პიროვნების პოვნა, რომელსაც შენი წარმატების არ შურს.

თეატრალური უნივერსიტეტის დამთავრებიდან ორ კვირაში იამ გაიგო, რომ რობერტ სტურუა "ჰამლეტისთვის"“ მსახიობებს არჩევდა. გადაწყვიტა, ბედი ეცადა. რეჟისორი დაინტერესდა, იას თავისუფალი დრო ჰქონდა თუ არა. თანხმობა მიიღო. ორ დღეში სახლში ტელეფონის ზარი გაისმა. იას უთხრეს, რომ ოფელიას როლზე დაამტკიცეს და საღამოს რეპეტიციაზე უნდა გამოცხადებულიყო. იამ მშობლებს ახარა, რომ მისი დებიუტი რუსთაველის თეატრში შედგებოდა, რობერტ სტურუასა და ცნობილ მსახიობებთან ერთად იმუშავებდა. მამას ცრემლი მორევია. შვილმა მშობლების სახეზე ბედნიერება და სიამაყე დაინახა.

- სცენაზე პირველად რომ ავედი, მასშტაბმა დამთრგუნა. პარტერიდან სცენა დიდი არ ჩანს... ვიფიქრე, რომ ჩამყლაპავდა. პრემიერამდე კულისებში განმარტოებით ვიჯექი და ვფიქრობდი, რომ დანებებისა და შეცდომის დაშვების უფლება არ მქონდა.

გაგიჟებული ოფელიას სცენა ამ პერსონაჟისთვის კულმინაციაა. მქუხარე აპლოდისმენტებით დამაჯილდოეს. სპექტაკლის შემდეგ ბატონმა რობიკომ მითხრა, რომ რუსთაველში მსგავსი დებიუტი დიდი ხნის წინ ნახა.

შუადღე შემოქმედებით წვაში

არტისტი ლანჩისთვის გამოყოფილ დროში ისვენებს. ვცდილობ, განტვირთვაში ხელი არ შევუშალო, ამიტომ ლუკაზე ვეკითხები. ლუკა ფეხბურთითაა გატაცებული.

- ნებისმიერ სფეროში, სადაც ადამიანს გამარჯვებისთვის ბრძოლა უწევს, უმუშავდება მიზანსწრაფულობის უნარი. ლუკა ფეხბურთს რომც არ გაჰყვეს, ბრძოლისუნარიანობა სხვა პროფესიაშიც გამოადგება. მათემატიკაში კარგად ერკვევა, ამიტომ მინდა, რომ ინტელექტუალური პროფესია აირჩიოს. თუ მეორე კრიშტიანო რონალდო აღმოჩნდება, რა თქმა უნდა, ხელს შევუწყობ. ლუკას ხატვაც ეხერხება. ბიჭს დედა საინტერესო კუთხით დაუნახავს. ნახატში ხაზი გაუსვამს მისი გრძელი კისრისა და ნაღვლიანად დახრილი წარბებისთვის. მსახიობი ნახატს მთელი ცხოვრება შეინახავს, საბოლოოდ კი კვლავ ავტორს დაუბრუნებს. ვფიქრობ, დედებს სენტიმენტალურობა უხდებათ.

დედა-შვილი ზაფხულს ხშირად ერთად ატარებს. აგარაკზე მიდიან, ომობანასა და ფეხბურთს თამაშობენ.

საღამო და საუბარი ჰოლივუდზე

პავილიონიდან თეატრში მივდივართ. სცენაზე გასვლამდე საგრიმიოროსკენ მიმიძღვება. იქაურობა მყუდრო და იდუმალია, ემოციების პალიტრას მაგონებს, დიდ ისტორიას ინახავს. სარკესთან ნახატებს ვხედავ. ია თავისი ოსტატობის ერთ-ერთ საიდუმლოს მიმხელს: - როლში შესვლაში მხატვრული ტილოები მეხმარება. ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა იან ვერმეერის ნამუშევარმა "გოგონა მარგალიტის საყურით"“. ოფელიას პერსონაჟი ჩემთვის ბოტიჩელის "ვენერას დაბადებამ" გახსნა.

ადამიანმა საყვარელი საქმისა და პირადი ცხოვრების ერთმანეთისგან გამიჯვნა უნდა მოახერხოს. რა თქმა უნდა, როლზე მუშაობისას სახლში სარკის წინ ვდგავარ და პერსონაჟისთვის დამახასიათებელ ნიუანსებს ვქმნი, მაგრამ პრემიერის შემდეგ ეს პროცესი სრულდება. ოჯახის წევრებს თავს არ უნდა მოახვიო შენი პროფესია, ერთ როლზე ჩაბჟირება სხვა გმირის განსახიერებასა და წინსვლაშიც გიშლის ხელს.

ძალიან დაკავებული ვარ, მაგრამ რომანტიკისთვის მაინც ვპოულობ დროს. ჩემთვის რომანტიკა სანთლებით გაწყობილ ვახშამთან სულაც არ ასოცირდება. რომანტიკულია საუბრები მაღალ მატერიებზე, იმიტომ, რომ თანამედროვე სამყაროში, სამწუხაროდ, ბევრი ფასეულობა გაქრა. როგორც შექსპირმა თქვა, "დანიაში რაღაც დალპა"...“ ისევე დალპა მსოფლიოშიც...

იას ამერიკული კინოინდუსტრია არტისტის განვითარებისთვის საუკეთესო ადგილად ესახება. იქ კომფორტია. ვერ გაიგებთ ფრაზას: "ფილმის გადაღებას ვიწყებ, მაგრამ ფული არ მაქვს". მსახიობი ამბობს, რომ ჰოლივუდი სიცოცხლით სავსე, ხმაურიანი და ფერადი ადგილია. დაიმსხვრა მითი, რომ თითქოს ჰოლივუდის მსახიობობა მიუწვდომელია. იას უკვდავების ფორმულად პროფესიონალიზმი, ბედისწერა და სუფთა ადამიანური ბუნება მიაჩნია.

- მაშინაც კი, თუ გარეწარ პერსონაჟს ასახიერებ, მაყურებელი ეკრანიდან და სცენიდან შენს ფლუიდებს იღებს და უყვარდები. თუ მსახიობი ზემოხსენებულ სამ კომპონენტს გააერთიანებს, მომავალ თაობას აუცილებლად ემახსოვრება. ეს მოსაზრება განმიმტკიცა კოტე თოლორდავამ.

პრივატული სივრცით დაგვირგვინებული ღამე

იას გარდასახვის საოცარი უნარი აქვს. დაღლილი ჩამოდის კიბეზე და ჩვენი ჟურნალისთვის პოზირებს.

ათის ნახევარია და სახლში წასვლის დროა... ზოგჯერ არანორმალურ რეჟიმში მუშაობს და შინ გაცილებით გვიან, ხუთი საათისთვის, ბრუნდება. მას ვერასდროს ნახავთ ღამის კლუბებში ან რესტორნებში. მეგობრები ჰყავს და მათ ნახვას ახერხებს კიდეც, მაგრამ თავისუფალ დროს ძირითადად ლუკას უთმობს. დამშვიდობებამდე მიმოვიხილეთ მოდა და შოპინგი. იასთვის მოდაა ის, რისი აღქმაც თვალს სიამოვნებს. ტანსაცმლის შერჩევისას ყურადღებას ხარისხს აქცევს და არა ბრენდს.

- ერთხელ ყოველდღიურ, რეტროსტილის კაბას კედები შევუხამე, სურათი გადავიღე და სოციალურ გვერდზე გამოვაქვეყნე. მწარე კომენტარი დამიწერეს. როგორც ვიცი, არც ერთ წიგნში არ წერია, რომ კედი მაინცდამაინც შარვალთან ან შორტთან უნდა ჩაიცვა. ექსპერიმენტები მიყვარს. მაგალითად, სპორტულ სამოსთან კლასიკურ ვარცხნილობას ვარჩევ. საინტერესოა, არასდროს იცი, საბოლოოდ რა გამოვა.

მსახიობს სადარბაზოს კართან თბილად ვემშვიდობები და მადლობას ვუხდი საინტერესო დღისთვის... კარის მიღმა იას პრივატული სივრცე იწყება...

თათული ღვინიანიძე

ჟურნალი "ბომონდი", ივლისი