"თინეიჯერობის ასაკში მივხვდი, რომ შემდგარი მომღერალი ვარ" - თაკო გაჩეჩილაძის გარდასახვის საოცარი ნიჭი და გამარჯვება - კვირის პალიტრა

"თინეიჯერობის ასაკში მივხვდი, რომ შემდგარი მომღერალი ვარ" - თაკო გაჩეჩილაძის გარდასახვის საოცარი ნიჭი და გამარჯვება

"ჩემი სიმღერის ჩანაწერსაც რომ მასმენინებენ, მინდა, რაც შეიძლება მალე გამორთონ..."

"ასეთი მასშტაბური საჩუქარი საკუთარი შრომით არასდროს მომიპოვებია"

"ყველაზე დიდი მადლობა ღმერთს. მადლობა ღმერთს, ასეთი დალოცვისთვის, როგორი დალოცვილიც დღეს ვარ", - ეს გახლდათ პირველი სიტყვები, რაც ტელეპროექტ "ერთი ერთშის"ფინალში მის გამარჯვებულს, სცენაზე მდგარ ცრემლმორეულ თაკო გაჩეჩილაძეს მისი სახელისა და გვარის გამოცხადების შემდეგ აღმოხდა. (იხილეთ ფოტოგალერეა) მან თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში ოროთახიანი ბინა მოიგო.

წარსულის მოგონება ამოტივტივდა: ერთ პატარა, მეტიჩარა, ხუჭუჭთმიან გოგონას საახლობლოში რომ დავატარებდით და თავს ვიწონებდით: ნახეთ, რა მაგარი ბავშვია, როგორ მღერის-თქო. მერე ჩვენი სიტყვების დასტურად გოგონას ვთხოვდით: კიდევ ერთხელ იმღერე, რა, "მერაია ქერი"და "უიტნი ჰიუსტონი" ჩვენი ხათრით-თქო. და ისიც მღეროდა, თანაც - ერთი ერთში, ჩვენ კი საოცრად ვამაყობდით მისით. მას შემდეგ დიდი ხანი გავიდა და ეჭვიც არ შემპარვია, რომ მუსიკალურ ოჯახში დაბადებული და, ფაქტობრივად, სცენაზე გაზრდილი თაკო გაჩეჩილაძე სხვას არაფერს აირჩევდა ცხოვრების მეგზურად, თუ არა - სიმღერას. ცოტა ხნის წინ სწორედ ამ სიმღერამ, არტისტიზმა და მიზანსწრაფვამ დიდი წარმატება მოუტანა ახლა უკვე ცნობილ მომღერალს.

- თაკო, გილოცავ გამარჯვებას. კარგა ხანს ლაპარაკობდა ხალხი შენს ემოციაზე სცენაზე, ეკრანსა თუ სოციალურ ქსელში. დაწერე კიდეც: ყველაზე გახარებული და ბედნიერი ვარო. მინდა, გაიხსენო, ცხოვრების გზაზე ყველზე თავდაჯერებულად როდის იგრძენი თავი, როდის ირწმუნე, რომ უკვე პროფესიონალი ხარ, რომ ნამდვილად იმსახურებ, ტაშიც დაგიკრან და ფეხზეც დაგიდგნენ?

- რთული კითხვაა იმ მხრივ, რომ საკუთარი გამოსვლით, სიმღერით ბოლომდე კმაყოფილი არასდროს ვარ. ჩემი სიმღერის ჩანაწერსაც რომ მასმენინებენ, მინდა, რაც შეიძლება მალე გამორთონ... არ ვიცი, ასეთი განწყობა რატომ მაქვს, მით უფრო, რომ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი მეპარება. ალბათ ძალიან მაქსიმალისტი ვარ და პატარა შეცდომასაც ვერ ვპატიობ თავს.

- მუსიკოსების ოჯახში გაიზარდე და გასაკვირი არცაა, საკუთარი თავისადმი მომთხოვნი და პრეტენზიული იყო. არა მგონია, ეს ცუდი იყოს.

- რა გითხრა? ალბათ ეგეცაა. ასეთი ვარ და მინდა, ჩემი თითოეული გამოსვლა იდეალური იყოს. მხოლოდ იშვიათად მივიჩნევ სრულყოფილად ჩემს ნამღერს და ასეთ შემთხვევაში ვუბრუნდები და ვუსმენ ჩანაწერს. ზოგადად კი, ვფიქრობ, თინეიჯერობის ასაკში მივხვდი, რომ შემდგარი მომღერალი ვარ.

- დღეს ბევრს პოპულარობაც ეიოლება, სიმღერაც და ცეკვაც... შესაძლოა, ბევრია ნიჭიერი, მაგრამ სრულყოფილი შედეგის მიღწევას რომ დიდი შრომა სჭირდება, ავიწყდებათ. შენ ნიჭიც გიწყობდა ხელს და ოჯახიც, შრომაზე რაღას იტყვი?

- ბავშვობიდან ვარ მიჩვეული შრომას. ჯერ კიდევ "ბასტი ბუბუს"პერიოდამდე დედას ათას რამეზე დავყავდი - მუსიკაზე, ცეკვაზე და ა.შ. მერეც - ყოველთვის ვიცოდი, რომ ნიჭი - ნიჭია, მაგრამ თუ არ იშრომე, არაფერი გამოგივა. ერთხანს აღარც მონდომება მქონდა, არც მუხტი და სტიმული, რაიმე მეკეთებინა, რადგან საქართველოში არც შოუ-ბიზნესია და კიდევ ბევრი რამეც გვაკლია. არაფერი ხდებოდა ირგვლივ და უმოქმედოდ რომ ვიყავი, გავზარმაცდი კიდეც. რაღაც კონცერტები ტარდებოდა, მეძახდნენ, მივდიოდი, ვმღეროდი, მაგრამ საკუთარ თავზე სისტემურად არ ვმუშაობდი. ამ პროექტმა სრულიად გამომაფხიზლა, გამომაცოცხლა და ამისთვის დიდ მადლობას ვუხდი მის ავტორებსა და განმახორციელებლებს. ძალიან მაგარი შოუა, ძალიან რთული და მე კი სირთულეები მომწონს. წარმოიდგინე: ერთდროულად კიდეც მღერი, კიდეც ცეკვავ, არტისტიც ხარ, სხვადასხვაგვარად გარდაისახები და საკუთარი თავის გამოცდის ჟინს გიღვივებს. ამიტომაც ჩავერთე ამ პროექტში. ისეთ რეჟიმში ჩავდექი, რომ ვამბობდი კიდეც, თუ კიდევ მოვდუნდი, ალბათ გავაფრენ-მეთქი. მივხვდი, რომ მუდმივად შრომის გარეშე წარმოუდგენელია ცხოვრება.

- თაკო, ამდენგვარი გარდასახვიდან ყველაზე მეტად როდის იგრძენი თავი "საკუთარ ტყავში", რას ფიქრობ, ყველაზე უკეთ რომელ როლი გამოგივიდა?

- ვფიქრობ, პლავა ლაგუნა. სწორედ ამ ნომერზე ვიშრომე ყველაზე მეტად.

- შენს გამარჯვებას მარტო აჟიტირებული მაყურებლის აპლოდისმენტები და საქებარი სიტყვები არ მოჰყოლია. ამ წარმატებამ შენ ძვირფასი საჩუქარი - 2-ოთახიანი ბინა მოგაგებინა. ნახე უკვე ახალი ბინა?

- ჯერ არა და ერთი სული მაქვს, როდის ვნახავ. რამდენი კონკურსი მომიგია და რამდენი ფულადი პრიზი მიმიღია, მაგრამ ასეთი მასშტაბური საჩუქარი საკუთარი შრომით არასდროს მომიპოვებია და უბედნიერესი ვარ. იმედია, მალე მაჩვენებენ (იღიმის). სამომავლო გეგმებზე კი ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით, ახლა ერთადერთი გეგმა მაქვს: დას-ვე-ნე-ბა!

ირმა ხარშილაძე (სპეციალურად საიტისთვის)

იხილეთ ფოტოგალერეა