"წაშალე მეგობრები"- ქართველმა რეჟისორამა მსოფლიოს კინოკრიტიკოსები ახალ კინოენაზე აალაპარაკა
22-07-2015
"წაშალე მეგობრები"- ქართველმა რეჟისორამა მსოფლიოს კინოკრიტიკოსები ახალ კინოენაზე აალაპარაკა
დღეს, როდესაც მსოფლიო კომპიუტერების მონიტორებს თუ ტელეფონების ეკრანებს მისჩერებია, რეჟისორმა ლევან გაბრიაძემ ვირტუალურ სამყაროში მუდმივ ცხოვრებაზე საშინელებათა ფილმი გადაიღო. ფილმის შემქმნელმა მსოფლიოს კინოკრიტიკოსები ახალ კინოენაზე აალაპარაკა. ნოვაციური პროექტის მარტივმა და ორიგინალურმა იდეამ პროდიუსერ თემურ ბეკმამბეთოვის, ლევან გაბრიაძისა და სცენარისტ ნელსონ გრივზის ტექნოჰორორში შეისხა ხორცი.
თავდაპირველად ფილმი დამოუკიდებელი სტუდიის ბაზაზე გადაიღეს და დაამონტაჟეს. ლევან გაბრიაძის ახალი ტექნოჰორორი თბილისის კინოეკრანებზეა

"წაშალე მეგობრები" სტილისტიკითა და შინაარსით იმდენად საინტერესო გამოდგა, რომ ტექნოჰორორი ჰოლივუდის "მეიჯერ
სტუდია იუნივერსალმა" შეისყიდა და ახლა ფილმი მათი სახელით გადის მსოფლიოს ეკრანებზე. სულ რაღაც 120.000 დოლარად გადაღებულმა ექსპერიმენტულმა დესკტოპ-ისტორიამ უკვე ორმოცდაათ მილიონამდე მოიტანა. ფილმის საერთაშორისო ტრეილერი Twitter-ის ისტორიაში ყველაზე პოპულარული ტრეილერი გახდა.
"მითხარი, ვინ არის შენი მეგობარი და გეტყვი, ვინ მოგკლავს!" - უბედური შემთხვევის დროს გარდაცვლილი
ლორას აჩრდილი მოულოდნელად სოციალურ ქსელში გამოჩნდება და სამეგობროს ტერორს იწყებს­. სიტყვიერ მუქარას მკვლელობა მოსდევს.

ლევან გაბრიაძე
რეჟისორის დებიუტი კინოში წლების წინ, მევიოლინეს როლში გია დანელიას კომედია "ქინძაძაში" შედგა. რამდენიმე წლის წინ ისევ პროდიუსერ თემურ ბეკმამბეთოვთან ტანდემში ლევან გაბრიაძემ, როგორც რეჟისორმა, წარმატებული კომედია "ვიკრუტასები" გადაიღო, სადაც მთავარ როლებში მილა იოვოვიჩი, კონსტანტინ ხაბენსკი და ივან ურგანტი ვიხილეთ. რეჟისორი წლების მანძილზე წარმატებულად მოღვაწეობს სარეკლამო ინდუსტრიაშიც.
აი, რას წერს ლევან გაბრიაძის ახალ ჰორორზე რუსული კინოკრიტიკის კორიფე ანტონ დოლინი: "Unfriended - "წაშალე მეგობრები"იმ ვირტუალური რეალობის სათუთი კვლევაა, რომელშიც სივრცისა და დროის განზომილება წაშლილია, თუმცა დავიწყებას არაფერი ეძლევა. მთლიანი სცენარი გათამაშებულია ერთ დუბლად, თეატრალური პიესის მსგავსად (ეს გახსენებს დიდ ოსტატს, რეზო გაბრიაძეს, რეჟისორის მამას, ფილმის გმირებიც ხომ მარიონეტები არიან, რომლებიც ვერ ხვდებიან, ვინ მარ­თავს მათ. "წაშალე მეგობრების" ერთადერთი ღირსება ორიგინალური იდეა და ტექნიკური სრულყოფა კი არა, მისი შინაარსია, რომელიც სრულიად აღემატება შაბლონურ ფორმულას -"აჩრდილი შურს იძიებს მკვლელებზე".
საშინელებათა ჟანრის ფილმებით გათამამებული ამერიკელი მაყურებლის მოხიბვლა იოლი არ იყო, თუმცა ავტორების ორიგინალურმა ხედვამ სურათის წარმატება განაპირობა, რასაც დასავლური პრესა მოწმობს.
კადრი ფილმიდან "წაშალე მეგობრები"

"საზარელი ექსპერიმენტი ტერორში, რომელმაც ჯადოქარივით კიბერსახელოდან უამრავი ფოკუსი გვიჩვენა. ეს დინამიტის ტოლფასია".მისტერ გაბრიაძე ისევე ოსტატურად იყენებს კინოხრიკებს, როგორც პროფესიონალი ბლექჯექის დილერი მის მიერ ჩაწყობილ ბანქოს. რეჟისორი და მისი პოსტპროდაქშენის გუნდი უმეტესად მუშაობენ გამოსახულებითა და ხმით, ანიმაციის მაგივრად, რომელიც ჭარბობს დღევანდელ კინოინდუსტრიაში.…ფილმის დასასრულისკენ გმირები ვიზუალურად და ხმითაც კი კომპიუტერული სამყაროს აჩრდილებს ემსგავსებიან".
"ნიუ-იორკ თაიმსი

"წაშალე მეგობ­რები" დღევანდელი თაობისთვის საუკეთესო საშინელებათა ფილმია. ეს ამ წლის ყველაზე საშიში ფილმია".
"რამას სქრინი"

"პატარა მონიტორის საშიში ისტორიის დიდ ეკრანზე გადმოტანა ახალი სასტიკი გართობაა. ყოველი დაწკაპუნებით ახალი საშინელება იწყება".
"იუესეი თუდეი"

"მთავარი საფრთხე, რომელსაც გაბრიაძე და ბეკმამბეთოვი ამ ფილმში მიანიშნებენ, არის თანამედროვე ადამიანის შიში, რომ პირადი მიმოწერის საიდუმლოებები ინტერნეტიდან საჯარო გახდება და მისვე წინააღმდეგ იქნება გამოყენებული.…ეს ფილმი თავისი ტექნოლოგიურობისა და ჟანრულობის მიღმა მნიშვნელოვან საკითხს ეხება, რომელიც ყველას აწუხებს. ჟანრიც ზუსტადაა მისადაგებული - საშინელებათა ფილმი შიშზე, თუ სად გადის ზღვარი ვირტუალურ და რეალურ სამყაროთა შორის".
"კომერსანტი"



koba
25 ივლისი 2015 12:52
როგორც მამა არის დიდი ხელოვანი, ასევე შვილიც არ ღალატობს მამის გენებს.ძალიან მიხარია თქვენი წარმატებები და ღმერთი იყოს თქვენი მფარველი.

რედაქტორის რჩევით