"შემპირდნენ, რომ მაჭმევენ და წყალს დამალევინებენ" - ახალგაზრდული ოლიმპიადა სკანდალით დაიწყება?!
23-07-2015
"შემპირდნენ, რომ მაჭმევენ და წყალს დამალევინებენ" - ახალგაზრდული ოლიმპიადა სკანდალით დაიწყება?!
"ვეღარ ვხვდები ეს მოვიგე თუ წავაგე, რადგან დამიკავშირდა ერთ-ერთი თანაორგანიზატორი და შემომთავაზა პლუსფონოგრამაზე გამოსვლა (რომელიც გულისხმობს ვითომ სიმღერას), რისი წინააღმდეგიც ვიყავი და ვარ დღემდე… ასევე ბევრი მელაპარაკა უსახსრობაზე, უფულობაზე, რომ არ გვაფინანსებს არავინო"

"X ფაქტორის" შარშანდელი გამარჯვებული, თორნიკე ყიფიანი, სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" წერს: "ზოგადად ვცდილობ ყოველთვის თავი შევიკავო, მაგრამ ძალიან ბევრი მეკითხება ამ თემასთან დაკავშირებით. შარშან "X ფაქტორში" მივიღე სერთიფიკატი, ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გახსნის ცერემონიალში მონაწილეობის უფლებით, რაც ძალიან
გამიხარდა და კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ოლიმპიური კომიტეტის თავჯდომარეს, ალექსი ახვლედიანს, ჩემდამი სიმპათიის გამოხატვისთვის, თუმცა, დღესდღეობით, ვეღარ ვხვდები ეს მოვიგე თუ წავაგე, რადგან დამიკავშირდა ერთ-ერთი თანაორგანიზატორი და შემომთავაზა პლუსფონოგრამაზე გამოსვლა (
რომელიც გულისხმობს ვითომ სიმღერას), რისი წინააღმდეგიც ვიყავი და ვარ დღემდე… ასევე ბევრი მელაპარაკა უსახსრობაზე, უფულობაზე, რომ არ გვაფინანსებს არავინო და შემპირდნენ, რომ მაჭმევენ და წყალს დამალევინებენ.
სირცხვილია, უნამუსობაა და შეურაცხყოფაც. ეს უპატივცემულობაა არა მხოლოდ ჩემს მიმართ, არამედ ზოგადად მუსიკოსების მიმართ. ვფიქრობ, ამ ყველაფერში მონაწილეობა არ მივიღო იმ შემთხვევაში, თუ რაიმეს არ გამოასწორებს ვინმე. ძალიან მინდა ეს ამბავი მთავარ ორგანიზატორამდე მივიდეს."

შეგახსენებთ, მომღერალმა სწორედ ამ ტელეპროექტში გამარჯვებით მოიპოვა ახალგაზრდული ოლიმპიადის გახსნის უფლება.

"კვირის პალიტრა" თორნიკეს დაუკავშირდა:
- ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს ვიტყვი, ვნახოთ რა მოხდება, ოცდაექვში არის ოლიმპიადის გახსნა და დაველოდები როგორ განვითარდება პროცესები...

- ამ პოსტის შემდეგ ვინმე გამოგეხმაურათ?
- ჯერჯერობით არავინ.

- კონკრეტულად ვინ გელაპარაკათ და აგიხსნათ, რომ ოლიმპიადის ორგანიზატორებს ფინანსების პრობლემა აქვთ?

- ასე თქმა ცოტა უხერხულია, ისიც შოუ-ბიზნესის წარმომადგენელია. გული დამწყდა და თან შემრცხვა ასეთი რამ რომ მითხრეს. რა ვიცი, მე მგონი ყველას შერცხვებოდა...

- იმედს ვიტოვებთ, რომ ოლიმპიადის გახსნამდე რამე შეიცვლება?
- კი, იმედი მაქვს. თუ თვითონ არ გამომეხმაურნენ, მეც ვეცდები რომ თვითონ დავუკავშირდე. ყოველ შემოთხვევაში იმ შემოთავაზებაზე, რაც აქამდე მქონდა, რა თქმა უნდა, უარს ვიტყვი, თუ რამეს არ შეცვლიან პირობებში. ვფიქრობ, რომ არასწორად არ ვმსჯელობ, თუ რაღაცაში ვცდები, ამიხსნიან...

ეკა სალაღაია(სპეციალურად საიტისთვის)


რედაქტორის რჩევით
 როგორ აფასებთ ნათია თურნავას დანიშვნას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ ნათია თურნავას დანიშვნას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე?
თვის კითხვადი სტატიები