"ყოველთვის იქ ვიყავი,­ სადაც მუსიკის ჰანგები ისმ­ოდა" - კვირის პალიტრა

"ყოველთვის იქ ვიყავი,­ სადაც მუსიკის ჰანგები ისმ­ოდა"

"დიდი გეგმები მაქვს და მიხარია, რომ მათი განხორციელების შესაძლებლობა მეძლევა"

წლები გადის, ქვეყნის მმართველებიც იცვლებიან, მაგრამ საქართველოდან წასვლის მსურველთა რიცხვი იზრდება - სამშობლოს დატოვების შესაძლებლობას არც ახალგაზრდა თაობა უშვებს ხელიდან. ასე ვკარგავთ პროფესიონალ კადრებს, ექიმებს, მეცნიერებს, სპორტსმენებსა თუ ხელოვანებს, რომელთა უნარებს, თანამემამულეებისგან განსხვავებით, საზღვარგარეთ სათანადოდ აფასებენ და რომლებსაც სამშობლოში დაბრუნების სურვილი აღარ უჩნდებათ.

საბედნიეროდ, ქვეყნის ფარგლებს გარეთ მყოფ ქართველებს შორის არიან ისეთებიც, რომლებიც თითოეულ წარმატებას საქართველოს უძღვნიან და სამშობლოს გარეშე ვერც საკუთარი მომავალი წარმოუდგენიათ. სწორედ ასეთია 21 წლის პიანისტი მარიამ ბაწაშვილი, რომელსაც ევროპაში ვუნდერკინდად მოიხსენიებენ და მსოფლიო წარმატებას უწინასწარმეტყველებენ:

- ოთხი წლიდან ფორტეპიანოზე ვუკრავ. ყოველთვის იქ ვიყავი, სადაც მუსიკის ჰანგები ისმოდა - უფროსი დეიდაშვილებიც მუსიკოსები არიან და როგორც კი ფორტეპიანოზე დაკვრას იწყებდნენ, მეც მაშინვე მათთან ვჩნდებოდი.

მახსოვს, როცა ჩემი კლასელები მუსიკის გაკვეთილიდან ნატანჯი სახეებით გამოდიოდნენ, მე ნოტების წიგნს ვიხუტებდი - ვგრძნობდი, რაღაც საოცარ, ზღაპრულ სამყაროს ვუახლოვდებოდი. კლასიკოსი კომპოზიტორების მიერ შექმნილი შედევრების გაცოცხლება წარმოუდგენელ სიამოვნებას მანიჭებდა.

- გერმანიაში გამგზავრება რატომ გადაწყვიტე?

- 2011 წელს, გერმანიის ქალაქ ვაიმარში ახალგაზრდა პიანისტთა საერთაშორისო კონკურსში გავიმარჯვე, რის შემდეგაც ფერენც ლისტის სახელობის უნივერსიტეტში სწავლა და სტიპენდია შემომთავაზეს.

საცხოვრებლად გერმანიაში გადავედი. წარმატებებმაც არ დააყოვნა -

2014 წლის ნოემბერში, ჰოლანდიაში, ლისტის სახელობის საერთაშორისო კონკურზე პირველი ადგილი დავიკავე. კონკურსში გამარჯვების შემდეგ, ოცზე მეტ ქვეყანაში სოლო კონცერტის ჩასატარებლად მიმიწვიეს, ასევე უახლოეს მომავალში ახალი ალბომის ჩაწერას ვგეგმავ.

სამი წლის განმავლობაში ჩემს შემოქმედებაზე ევროპის წამყვანი პროდიუსერები იზრუნებენ. მოკლედ, დიდი გეგმები მაქვს და მიხარია, რომ მათი განხორციელების შესაძლებლობა მეძლევა.

- ცნობილია, რომ ჰოლანდიელები შენზე დოკუმენტურ ფილმს იღებენ...

- როდესაც მითხრეს, ჰოლანდიელებს შენზე ფილმის გადაღება უნდათო, ვერ დავიჯერე. დიდი დრო დამჭირდა ამის გასაცნობიერებლად...

გადამღები ჯგუფი ჩემს კონცერტებზე დადის, აკვირდებიან, როგორ ვცხოვრობ, რას ვაკეთებ, რა მომწონს, სად ვმოგზაურობ და ა.შ. ცოტა ხნის წინ საქართველოშიც იმყოფებოდნენ, სადაც ჩემი სახლი გადაიღეს, ნათესავები და მეგობრებიც ჩაწერეს. თბილისში ყოფნისას ერთ-ერთმა მითხრა, ახლა ნამდვილად არ მიკვირს შენი მუსიკალურობა, შეუძლებელია ამ ქვეყანაში მუსიკის ჰანგები არ გიყვარდეს ან სიმღერის სურვილი არ გაგიჩნდესო.

ფილმის გადაღება 2017 წელს დასრულდება და ის ჰოლანდიურ, გერმანულ და ფრანგულ ტელევიზიებში გაშუქდება.

- შენს მომავალ გეგმებზეც გვიამბე.

- ცოტა ხნის წინ, ბაკალავრიატი საუკეთესო შეფასებით დავამთავრე და მაგისტრატურაში ჩავაბარე. შესაბამისად, მომდევნო ორი წელი სწავლის გასაგრძელებლად გერმანიაში დარჩენა მომიწევს. უახლოეს თვეებში ბრიუსელის, როტერდამის, კეიპტაუნისა და ლვოვის საკონცერტო დარბაზებში კონცერტები მაქვს დაგეგმილი. საკმაოდ დატვირთული გრაფიკი მაქვს, თუმცა საქართველოში ჩამოსასვლელად დროს მაინც გამოვნახავ.

რუსუდან შელია