როგორ ისვენებენ ცნობილი ადამიანები - კვირის პალიტრა

როგორ ისვენებენ ცნობილი ადამიანები

რაც უფრო მაღლა მიიწევს ვერცხლისწყალი თერმომეტრზე, მით უფრო ძლიერდება დასვენების სურვილი. ამ დროს ყველა ცდილობს, დედაქალაქს თავი გაარიდოს. თუ სად და ვის საზოგადოებაში ისვენებენ ცნობილი ადამიანები, ამ კითხვით რამდენიმე მათგანს მივმართეთ.

ანრი ჯოხაძე, მომღერალი: - გრიგოლეთში ბათუმიდან ჩამოვედი, სადაც ჯაზფესტივალზე ვიყავი, მერე შემოვრჩი ფეშენ-ვიკზე, ხოლო დასასრულს ამ ეგრეთ წოდებული გლამურისა და ბოჰემის შემდეგ, ქართულ რეალობაში რომ ვიცით ხოლმე, ჩემმა მეგობარმა, დალი ჩიტალაძემ, გრიგოლეთში დამპატიჟა თავის აგარაკზე, სადაც ძალიან კარგი ადამიანები შევიკრიბეთ: ეკა კახიანი, რუსა მორჩილაძე, კრისტი ყიფშიძე, თავის ქალიშვილ ნატალიასთან ერთად. სახლი ზღვის პირას დგას - დაახლოებით 5 მეტრშია ზღვა. ოაზისში ვყავართ დალი ჩიტალაძეს.

როგორც კი აქ ჩამოვედი, გამოვაცხადე: ეზოში ბნელა-მეთქი და წავედი ფოთში. თან წავიყვანე ეკა, კრისტი და დალი და გავედით ბაზრობაზე, რომ ეზოს გასანათებლად პროჟექტორი მეყიდა. ისეთი ვიყიდე, მგონი, ზღვასაც გაანათებს. რომ იცოდეთ, რა რეაქცია ჰქონდათ ბაზრობაზე, როცა დაგვინახეს. გადაგვყვნენ, პროჟექტორი აგვიწყვეს და გამოგვიშვეს.

მე და კრისტი ყიფშიძემ პლაჟზე ფოტოსესიის მოწყობა გადავწყვიტეთ. უკვე ფოტოგრაფიც დავიბარეთ. გვაინტერესებს, რა შედეგი მოჰყვება ამ ექსპერიმენტს. მოკლედ, სანამ დალი ჩიტალაძე არ გამოგვყრის სახლიდან, აქ ვიქნებით.

ნინი ბადურაშვილი, მომღერალი: - ბაკურიანში ვარ ბავშვსა და მეგობრებთან ერთად. ჩვენი მასპინძელი დიზაინერი ანუკა ქებურიაა (მსახიობ თენგიზ არჩვაძის შვილიშვილი). სამეგობროდან დედა-შვილებმა მოვიყარეთ თავი. ბავშვებს ძალიან უხდება აქაური ჰაერი.

ყველაზე კარგად თინეიჯერობის პერიოდში ზღვაზე გატარებული დღეები მახსენდება. ადრე არ მიყვარდა მთაში დასვენება, ახლა ძალიან შემიყვარდა. მთიდან უსათუოდ ზღვისკენ გადავინაცვლებთ.

ზუზუ ბეჟაშვილი, მსახიობი: - საგურამოში ფანტასტიკურ სახლში ვისვენებ. საღამოობით მეგობრები მოდიან. გუშინ ვერიკო ტურაშვილი, მაია კაჭკაჭიშვილი და რატი დურგლიშვილი იყვნენ. მოვილხინეთ, ვიმღერეთ, გავერთეთ. მიუხედავად იმისა, რომ ნაბახუსევი ვარ, მაინც გავბედე და ჩავედი აუზში.

მომდევნო კვირას ზღვაზე წავალ. თუმცა მიმაჩნია, რომ საგურამო შეუდარებელია. აქ სიამოვნებით დავსახლდებოდი.

ნიკუშა შენგელაია, მხატვარი: - აჭარაში ვიყავი ოჯახთან ერთად. დათო ევგენიძის კონცერტი ჩატარდა ბათუმში. შესანიშნავი დრო გავატარეთ. გონიოში სახლი მაქვს, ზღვა სოფიკომ შემაყვარა. 4 წლის ვიყავი, წყალში ჩამაგდო და გვერდით მომყვებოდა, ცურვა რომ არ ვიცოდი.

ახლა წყნეთში ვარ და ჩემს ეზოში მცენარეებს ვრწყავ. რამდენიმე დღეში ისევ გონიოს დავუბრუნდები.

ეკა სალაღაია